logo_geo
ამირან არაბული: ვიდრე უკანასკნელი მოსახლე ჯიუტად დგას თავის მამპაპისეულ მამულში, აქაურობას ისევ სოფლობა და სამკვიდროობა ეთქმის...
- +

15 მაისი. 2019. 21:07

 

...ბაჭყურა ჭინჭარაულმა გვიმეგზურა გორშეღმის გადათეთრებულ სოფლებში. მუხლამდე ფუფქი თოვლი ვკვალეთ და სამხრობისას ავედით ჩხუბაში. მიწური სახლის მყუდრო ბანზე დაგვხვდა დიდმინდია - 80 წლის მინდია ძიას ძე არაბული, სტუმრისთვის მუდამ კარღია ოჯახის ტკბილმოუბარი უფროსი. გარეგნობით ხომ ამართლებდა (ეს ფოტოზეც ჩანს) თავის თიკუნს, ჩვეული გამჭრიახობითაც გვარწმუნებდა ძველი ამბების "მაცოდრობის" თვალსაზრისით პირად მემეტეობასა და უპირატესობაში.

 

თბილი პური, თაფლერბო, ყუათიანი ყველი და ჟიპიტაური მალამოდ დაედო ჩვენს დაღლილობას და ისედაც ამაღლებულ ზამთრის საექსპედიციო განწყობილებას... ნათქვამ-ნაუბრის ჩაწერას ვასწრებდი, თუმც ახლა, 45 წლის შემდეგ, საკმაო ძალისხმევა მჭირდება საიმისოდ, ფართო ფორმატის დაძენძილ რვეულში უდანაკარგოდ რომ აღვადგინო და ამოვიკითხო საკმაოდ მრავალფეროვანი იმდღევანდელი ჩანაწერები...

 

დიდმინდიასგან მოვისმინეთ ვეფხვისა და მოყმის ბალადის ის მიჩუმათებული ვარიანტი, რომელიც თვალსაჩინო ტექსტოლოგიურ სხვაობას გვჩვენებს მანამდე თუ ამ ბოლო წლებში მოპოვებულ ვარიანტებთან. მეტადრე საგულისხმოა თოთხმეტი ტაეპი, სადაც ტოლძალოვან საფერთა ღირსეული ორთაბრძოლის ფინალური ეპიზოდის ისეთი მაღალმხატვრული პასაჟი იშლება თვალწინ, არამცდაარამც უყურადღებობას რომ არ იმსახურებს. აი, გიორგი ჯაბუშანურის მიერ "ახლად გადაკეთებული და გავრცობილი ძველი "სიმღერეს"(ა.შანიძე) ეს შთამბეჭდავი ფრაგმენტი:

 

...ხელი დავღალე ქნევასა, ვადან დავცვითენ ხმლისანი,

ვეფხვ მკლავზე გადმავიწვინე, მასკვლავნ დათხოვდეს

ცისანი.

ელიან სულთამასვლასა დარალიანი კლდისანი,

ამბობენ ჩათელებასა ყორანნი შავის თბისანი.

ჩემსა უთხრიდით დედასა, არ გინდან ქადაგ-მისანნი,

დაძივან ჩემებმ სწორებმა იწრონ ყურენი მთისანი.

შაიძლებოდას დახელან ნაგლეჯნი ყაწიმისანი...

 

ღირდა თუნდაც ამ ლექსისთვის გუდანიდან გორშეღმაში ასვლა, მაგრამ ჯერ სად ხარ, "სამკალი" და სამუშაკო კვლავაც ბევრია: აყნელში, ასევე ერთკომლიან სოფელში,მინდია არაბული, მისი შვილი გადუა, რძალი ნათია ფიცხელაური და შვილიშვილები - 10 წლის ჩაჩაური (აცხონოს უფალმა!) და 7 წლის ზურაბი გველოდებიან... მე და პაატა ვეშაპიძე ამ ხეობაში ხამად ვართ და გულითადი ურთიერთობებით ზე-აწეულნი სულხარბად ვისმენთ პურადი მასპინძლების დინჯ საუბარს, ძირაქ მონათხრობს, სადღეგრძელოებსა და მიცვალებულთა სულების საოხად წარმოთქმულ შესანდობრებს, ხოლო ბაჭყურა ჭინჭარაულისთვის ეს ყოველივე ყოფითი სინამდვილე და ყოველდღიური რეალობაა, რასაც ჯერხნობით ღვთის უხილავი კალთა აფარია და ვიდრე უკანასკნელი მოსახლე ჯიუტად დგას თავის მამპაპისეულ მამულში, აქაურობას ისევ სოფლობა და სამკვიდროობა ეთქმის...

 

ამირან არაბული

 

 

big_banner
არქივი