logo_geo
დღეს რაულ ჩილაჩავას დაბადების დღეა
- +

15 მაისი. 2019. 11:32

 

დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს უაღრესად კეთილშობილი, დიდებული ქართველი რაულ ჩილაჩავა.

 

ვულოცავთ ამ უდიდეს მოღვაწეს დაბადების დღეს, ვუსურვებთ დიდი ხნის სიცოცხლეს, შემოქმედებით წარმატებებს, გამძლეობას, რათა გაუმკლავდეს მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეულ ერთგვარ დეპრესიას.

 

რთულია რაულ ჩილაჩავას ყველა ტიტულის ჩამოთვლა, მაგრამ მაინც შევეცადოთ (შეცდომების გასწორება დასაშვებია): საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების წევრი, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი; საქართველოს კომკავშირის, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგორი სკოვოროდას, ნიკოლაი გოგოლის, მიკოლა კულიშის, მაქსიმ რილსკის, ვლადიმერ ვინიჩენკოს, ალექსანდრე ჩაკის, მავრიკ ვულფსონის, ერნსტ ჰემინგუეის სახელობის პრემიების ლაურეატი, ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედლისა და ციცერონის სახელობის საერთაშორისო პრიზის მფლობელი; დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ (საქართველო), ორდენით „დამსახურებისათვის“ (უკრაინა), „სამი ვარსკვლავის“ ორდენით (ლატვია), უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მემატიანე ნესტორის სახელობის ორდენით, წმინდა სტანისლავის სახელობის საერთაშორისო ორდენებით „კომანდორის ჯვარი“ და „ოფიცრის ჯვარი“, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელით, უკრაინის უზენაესი რადის საპატიო სიგელით „უკრაინელი ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, თბილისის მერიის სიგელითა და მედლით „ქართული კულტურის ამაგდარი“, ასევე სხვა ჯილდოები. მეუღლე - ფილოლოგი და კულტუროლოგი ია ჩილაჩავა 2018 წელს გარდიაცვალა. ავტოკატასტროფას ემსხვერპლა უფროსი ვაჟი გური ჩილაჩავა. რაული (1975) და თემური (1976) არიან ჟურნალისტები, მუშაობენ უკრაინის ტელევიზიის მეხუთე არხზე წამყვანებად.

 

რაულ ჩილაჩავა დაიბადა 1948 წლის 15 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, ექიმის ოჯახში. გაიზარდა ამავე რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში, სადაც 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1965-1970 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. 1967 წელს მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტიცა და სტაჟირებაც. ამავე წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს კიევში.

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1970 წელს, უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიის დირექტორმა მიკოლა ბაჟანმა მიიწვია რედაქტორად; მერე მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნინერსიტეტში ლექტორად, 1992 წლიდან 2005 წლამდე იყო უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურად კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტსა და სხვა რამდენიმე წამყვან უმაღლეს სასწავლებელში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, სათავეში ედგა დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას. 2005-2010 წლებში იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში.

 

14 წლის ხდებოდა, პირველი ლექსი რომ დაუბეჭდეს ზუგდიდის რაიონულ გაზეთ „მებრძოლში“ (1962 წლის 8 მარტს); სტუდენტობის მიწურულს იწყებს აქტიურ ლიტერატურულ და სამეცნიერო მოღვაწეობას. ქართული თარგმანების პირველი წიგნი გამოსცა 1970 წელს, საკუთარი ლექსების პირველი უკრაინული წიგნი 1972 წელს, ქართული წიგნი კი 1973 წელს. რაულ ჩილაჩავას სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის პოეზია, მხატვრული თარგმანი, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა, კომპარატივისტიკა, ლიტერატურის თეორია, ქართულ-უკრაინულ-ლატვიური ურთიერთობანი. წერს და თარგმნის ოთხ ენაზე – ქართულად, მეგრულად, უკრაინულად და რუსულად. უკრაინულად და რუსულად ნათარგმნი აქვს დავით გურამიშვილის ლექსები, უკრაინულად - ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები, ქართულად - ტარას შევჩენკო, ივან ფრანკო, ლესია უკრაინკა, პავლო ტიჩინა, მიკოლა ბაჟანი და კიდევ სხვა ასზე მეტი უკრაინელი პოეტი.

 

მისი ინიციატივით, წინასიტყვაობა-ბოლოსიტყვაობით, კომენტარებითა და რედაქტორობით კიევში მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოიცა ქართული ხალხური, კლასიკური და თანამედროვე პოეზიის სქელტანიანი ანთოლოგია „ოქროს ვენახი“, „ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, „ქართული ხალხური ზღაპრები, ანდაზები და სიტყვა-თქმანი“, „ვეფხისტყაოსანი“, „დავითიანი“. მის მიერ უკრაინულად თარგმნილი გალაკტიონის ლირიკა უკრაინულმა კრიტიკამ სანიმუშოდ აღიარა. პოეტის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, რომლებიც დაიცვა რუსულად და უკრაინულად, ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის“, „დავითიანისა“ და ქართული კლასიკის სხვა ნიმუშთა თარგმნის პრობლემებს, ქართულ-უკრაინულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ცალკე წიგნადაც გამოვიდა კიევში, აკადემიკოსმა ლეონიდ ნოვიჩენკომ შეაფასა, როგორც „ტრაქტატი მხატვრული თარგმანის შესახებ, რომელსაც მომავალი მკვლევარები გვერდს ვერ აუვლიან“.

 

რაულ ჩილაჩავა ამჟამად არის ას ოცზე მეტი გამოცემის ავტორი. მისი ბოლო წლების გამოცემებიდან აღსანიშნავია ლექსების ორი ათასგვერდიანი ტომი „შნო“ („ინტელექტი“, 2012) და „ბედის ფორმულა“ („კალმოსანი“, 2018), „ლატვიასთან მიახლოება ანუ ელჩის აღსარება“ (რუსულად. Bonmark, 2011, რიგა), „ასი ლექსი“ (‘ინტელექტი“, 2012), „პესიმისტის ჩანაწერები ანუ ბავშვობაში დაბრუნება“ („ზელტა რუდენს“, რიგა, 2010), „ლავრენტი ბერიას ვაჟი მოგვითხრობს“ („არტანუჯი“, 2012), „ამბასადორი“ („უკრაინსკი პისმენნიკ“ - „ინფორმაციას ინფოცენტრს“, კიევი-რიგა, 2012), „ეული ვარსკვლავის შუქი“ (ლექსები ორ ტომად უკრაინულ ენაზე, „უკრაინსკი პისმენნიკ“, 2012), „მაიდანზე, ეკლესიის ახლოს“ (ქრონიკა-რეპორტაჟი კიევიდან. „კოლორი“, 2014), „ადიდებს კობზარს საქართველო“ (ქართველი მწერლები შევჩენკოს შესახებ. თარგმანი. ლვოვი, „სვიტ“, 2011), თარგმანთა საავტორო ანთოლოგიები „ასი უკრაინელი პოეტი“ (‘ინტელექტი“, 2014) და “Terra Mariana” (ლატვიური ხალხური, კლასიკური და თანამედროვე პოეზია, ასევე ავტორის ლექსები და მოთხრობა ლატვიაზე. „ინტელექტი“, 2017). 2015-2017 წლებში უკრაინულად გამოსცა აკაკი წერეთლის „რჩეული პროზა“, კონდრატე თათარიშვილის (უიარაღოს) „მამლუქი“, მანანა მენაბდის „და დრო გადიოდა“ (იგავები), გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ , გურამ ოდიშარიას მოთხრობების კრებული „სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“, გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“. ქართულად თარგმნა და გამოსცა ცნობილი უკრაინელი მწერლის იური ანდრუხოვიჩის პოსტმოდერნისტული რომანი „მოსკოვიადა“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2017). რაულ ჩილაჩავა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, მის ლექსებს, ჩანაწერებს, მოგონებებს ინტერესით ეცნობა როგორც ქართველი, ისე უკრაინელი და სხვა ეროვნების მკითხველი.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ რაულ ჩილაჩავას დაბადების დღეს!

 

***

რაულ ჩილაჩავას ფეისბუქის გვერდიდან:

 

* დაუძინებელ მტერს "იავნანა" ხომ არ ვუმღეროთ მოსადუნებლად!

* არაბებს მიღმა გაზაფხულია

* Кто умеет, тот делает. Кто не умеет, тот делает вид.

* Ясность одна из форм туманности.

* თუ დიდ ლიტერატურაში ვერ დავბრუნდი, ჩამთვალეთ კოლუმნისტად.

* Человек, который может себе всё позволить, должен себя во всём ограничивать.

* Если человек не оправдал ваши ожидания, в этом нет его вины. Ведь это ваши ожидания.

* რა ხდება ცხადში, როცა მძინავს და სიზმრებს ვხედავ?

* ნაგრამი

თავს ხომ გრძნობ კარგად? -მკითხა

ერთმა ნაცნობმა წუხელ

ყასიდად, და მეც დიდხანს

არც არა ვუპასუხე.

მე ცალყბად მკითხველს ვცნობ,

(ის ნაგრამია ცრუთა!)

თავს, რა თქმა უნდა, ვგრძნობ,

ოღონდ ძალიან ცუდად.

9 აპრილი, 2000

*მენაღმეების მიერ აშენებულ ქვეყანაში არავის შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტია.

* ადამიანის ინტელექტი ადვილი გამოსაცნობია იმით თუ რაზე ეცინება მას.

* მრავალჭამიერი

 

***

უმწეობა

 

ზოგი საომრად ფერავს სატევარს,

ზოგი საფერავს სვამს და ერთობა,

ხალხს კი დღითი დღე სპობს უღმერთობა

და უჭირს გულში ბოღმის დატევა.

 

ცრუხელმწიფენი ტახტებს იცვლიან,

ირგვლივ მძლავრობენ ფერები მუქი

და მე თვალებში მიქრება შუქი,

რადგან ქვეყნის ხსნა არ შემიძლია.

3 მაისი, 2019

 

***

დელგმა ლა სტრადაზე

 

რომში მიმავალ გზაზე შევდექი,

ის თურმე უკვე არ მიდის რომში.

გულო, ხანმოკლე იმედი რომ შვი,

ნახე და დატკბი: აი, შედეგი!

მართლაც, რაღა დროს ჩემი რომია,

ძირს დაფენილა ღრუბლის საფენი,

და ალპებს მიღმა მზისფერ აპენინს

სეტყვა და კოხი თავს დატყდომია.

ვეღარ მიშველა ვერც ღვინომ ძელგმა,

ვერ ლეოპარდის სტროფთა ნათებამ...

ტიბროსი აღმა მიემართება

და ლა სტრადაზე მძვინვარებს დელგმა.

3 მაისი, 2019

 

***

სახალისო გეოგრაფია

ანუ ფონეტიკური ექსპერიმენტი

მსოფლიოს რუკასთან

1

უცხო ალაგთა ქართულ სახელებს

ვეძებ რუკაზე... (მსურველო, ჩადი) -

მადაგასკარი, ანკარა, ჩადი!

 

მასწავლებელი ჩუმად ახველებს;

"ჰაიტ, შე გლახავ, ჰაიტ!.."

და მე ვიხსენებ ჰაიტს.

 

კლასში ონავრული სიცილია.

ვაგრძელებ უმალ: სიცილია!

 

მთელი საქართველო აქ არი:

ჯიბუტი, დაკა, დაკარი.

 

ძნელი საცნობია განა - განა?

 

სეირის სამზერად მოსული

იხილავს, რაცაა მოსული.

 

გაოგნებულია ორი ნოკო:

სად მიედინება ორინოკო?

 

ჩემს თვალწინ ციმციმებს მადრიდი:

სინიორ, რომელ ქალაქს მადრიდი?

 

რომ ესმის ხმა დილის საარის,

საარის მხარეა, საარის!

 

ეს აბლაბუდის ბადენია? -

არა, ეს ბადენ-ბადენია!

 

მოჩანს ცარიელი გობი,

ეს ხომ უდაბნოა, გობი!

 

ფერების ნაირნაირობით

თვალს რა იტაცებს? - ნაირობი.

 

დელი-ოდელია-დელი,

ნუთუ ეს შენა ხარ, დელი?

 

დაკარი ფეხი და ჩადი:

დაკარი... ანკარა... ჩადი!

2

 

ქალაქთა აღლუმზე

რადაა ტაშ კენტი

აზიის კაშკაშა

ვარსკვლავი - ტაშკენტი?

 

სდუმან ნარკვევები

და სდუმან ესენი,

საიდან გერმანულ

სივრცეში - ესენი?

 

რა ბიჭი ყოფილა

ის ვიღაც გაბროვო,

რომ მისი სახელით

მონათლეს გაბროვო!

 

ერთმა თქვა: "ვარ თეთრა",

მეორემ: "ვარ შავა!.."

თეთრა დაინგრა და

გადარჩა ვარშავა.

 

მსგავსად დალალ-კავთა,

თმათა და ჯაგართა,

ლამის ჩვენებურად

აჟღერდეს ჯაკარტა.

 

ციცქნა წერტილივით

მოჩანს მანაგუა,

ქართულს ჩემი სმენა

თითქოს მან აგუა.

 

თვალუწვდენ ტრამალზე

ასთვალა, ასტანა

კერპივით ერთბაშად

გაბრწყინდა ასტანა.

 

ვიხსენებ, რომ სადღაც

არის ნამიბია.

ბიას ვეუბნები:

"გშვენის ნამი, ბია!"

 

ნისლიდან ამოდის

კუნძული "სიკოკუ".

ვაჯავრებ შორიდან:

„სი კოკუ, სი კოკუ!"*

 

გვჩუქნის უშურველად

ცოდნას ბოლონია.

უწინ პირველები

ახლა ბოლონია,

უწინ პირველები

ახლა ბოლონია!

 

*სი კოკუ! (მეგრ.)- შე ჯუჯავ!

 

***

აპათია

 

არც ჰონორარი, არც მკითხველი, აღარც მსმენელი,

აღარც სურვილი ძებნის, ნახვის, პოვნის, მიგნების.

გადანასკვია ქვემდებარეს შემასმენელი

და ცოცხალ წიგნებს შენატრიან მკვდარი წიგნები.

30 აპრილი, 2019

 

***

რაულ ჩილაჩავა

29 აპრილი, 2019

დღეს ოქროს ქორწილი უნდა გვქონოდა, ია! შენ კი ზუსტად ხუთი თვის წინ დამტოვე და სადღესასწაულო სუფრის ნაცვლად ამ თარიღს შენს საფლავთან ვხვდები ლექსების პატარა კრებულით, რომელიც ამ გაუსაძლის ზამთარში დავწერე. „მგზავრობა კატაფალკით“ დავარქვი მას, რადგან სწორედ ამ მანქანით მიგაცილე შენს საუკუნო სავანემდე. შენ ვერასოდეს გაიგებ მის გამოსვლას, ვერ წაიკითხავ და ვერ მოისმენ ჩემს ცრემლით გაჟღენთილ სტრიქონებს. შენ გაცილებით მეტი დაიმსახურე, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ეს მოვასწარი. ამ კრებულსაც და სხვასაც, რის დაწერას კიდევ მოვასწრებ, ოდესმე ჩემი ხელით თვითონ ჩამოგიტან. მადლობა, რომ იყავი, მადლობა, რომ მხარში მედექი, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის გააკეთე! ქრისტე აღდგა! გიხაროდენ!

 

ნაწყვეტები პოემიდან

„მგზავრობა კატაფალკით“

 

VI

თოვდა და იდგა მკაცრი ზამთარი,

როცა პირველად შეგხვდი, მაშინაც.

მე მეცვა თხელი ლაბადა, მაგრამ

სიცივემ წამით ვერ შემაშინა.

 

ვიარეთ დიდხანს ვიწრო ქუჩებით,

ქარი არხევდა ბოძზე ნათურას.

მისი შეხება ზომავდა თითქოს

სხეულის ჩემის ტემპერატურას.

 

მე უმალ მივხვდი, უმალ ვიგრძენი,

ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა მთავრდება

და ათას ცხრაა სამოცდარვა წლის

დეკემბრის ღამე უდგას თავდებად

 

შექმნას ახალი ფუძის და ჭერის,

ვნებით აღსავსე ყოფის დაწყებას...

მერე რა, თუკი ამჟამად ყინავს,

მოვა ივლისი და კვლავ დაცხება, -

 

ვფიქრობდი ჩემთვის და ასეც იყო,

იხარა ჭერმა, მაგრამ ცოტა ხნით.

აღმაფრენათა ხუთი წლის თავზე

ცრემლმა გაავსო ჩვენი ოთახი.

 

და დატრიალდა ცოდვის მორევი,

რომელიც სულმა ვეღარ გასტოპა.

და ასე უცებ, მოულოდნელად

დასრულდა კიდეც ახალგაზრდობა.

 

VII

ჩვენ მაშინ მოვკვდით, როდესაც შვილის

ახლადგაჭრილი სამარე ვნახეთ.

რამ დამავიწყოს იმჟამინდელი

შენი გოდებით შეძრული სახე!

 

გვეგონა, შეკრა ქვეყანამ პირი

და უფსკრულეთის ფსკერზე ვეშვებით.

თითქოს მსოფლიოს ყველა ურჩხულმა

ჩვენ მოგვაბჯინა ბასრი ეშვები.

 

და საქართველო ვერ იქცა შენთვის

დღესასწაულად და აღთქმულ მხარედ.

ჟამთა მდინარის მდორედ დინებამ

ვერ შეგვიხორცა ჭრილობა მწარე.

 

თითქოს შეღებეს თალხმა ფერებმა

დაისები და გარიჟრაჟები,

მაგრამ ერთხელაც განგება მოლბა

და სანუგეშოდ გვიძღვნა ვაჟები.

 

ეს მათ შეუდგეს ამ დილით მხრები

შენს მსუბუქ კუბოს, ვარდებით სავსეს.

დაცარიელდა ერთბაშად ბინა

და თითქოს ჭერი დამექცა თავზე.

 

კიდევ ცოტაც და გურის საფლავის

მუჭა მიწასაც მოგაყრით, ია!

მე არ ვიცი და იქნებ შენ იცი,

ამ დღეს თუ რამე სახელი ჰქვია!

 

XXIV

ჰა, კატაფალკი შედგა... მოვედით,

და ძრავაც ჩაქრა, ვით შენი გული.

მინდა ვიყვირო: „ჰოი, სიკვდილო,

კრულ იყავ, კრული, ათასჯერ კრული!“

მინდა ვიყვირო: "შენ არაერთხელ

ჩაგირტყამს ჩემთვის ზურგში ლახვარი,

მაგრამ არასდროს შეგიმჩნევია

ცრემლების თქეში და ნიაღვარი!

ვერც ახლა ამჩნევ, შენი წესია,

ზამთარ და ზაფხულ იქნიო ცელი.

ჯერ არ შობილა კაცი, რომელსაც

ჰყოლოდეს შენი ცელისგან მცველი.

 

მე ვცადე, მაგრამ შენთან ჭიდილში

დავმარცხდი, როგორც ყველა მარცხდება!..“

მიტომაცაა ქვეყნად სულდგმულთა

ვაი-ვიში რომ წამით არ ცხრება.

 

ირღვევა ზღუდე, იფშვნება კირი,

ქრება ცეცხლი და რჩება ღადარი.

დღეს მოკიაფე შუქთა მეუფე,

ხვალ ბნელ ღამეთა არს ბინადარი.

 

და მაინც, მაინც გვიჭირს შეჩვევა,

როცა ეს ჟამი ჩვენთვისაც დგება

და ულმობელი შეუვალობით

უზენაესის სრულდება ნება.

 

გონშეშლილივით მძვინვარებს ქარი,

გრძნობს, მიწის ზემოთ გრჩება წუთები.

მე შენს გათოშილ შუბლსა და ლოყებს

უკანასკნელად ვესათუთები.

 

უკანასკნელად გათოვს სახეზე,

მაგრამ ფიფქები არ დნება, არა.

მესაფლავეებს მოაქვთ ნიჩბები

და მათი მძიმე ფეხისხმა მზარავს.

 

მშვიდობით, ია, მშვიდობით, ია,

თუმცა გულ-მკერდი მაქვს დაკორძილი,

როცა მიგიხვალ, ზეცაში მაინც

გადავიხადოთ ოქროს ქორწილი!

30 ნოემბერი -15 დეკემბერი,

2018, კიევი.

 

თოვა

თოვს განუწყეტლივ. თოვლია ჩემი

ჭირისუფალი, შემწე, მფარველი.

მეორე თვეა, ფიფქების გარდა

სინათლის მაცნეს უკვე არ ველი.

თეთრია ცა და თეთრია მიწა,

მათ სიქათქათეს ბოლო არ უჩანს.

ეზოში ნაძვი გადაპენტილა,

როგორც აპრილის თვეში ალუჩა.

შენ კი ვერ ხედავ ამ სილამაზეს,

მთელი ცხოვრება რომ გახარებდა

და მეკვლის ნაცვლად წრეულს პირველად

სიცივის ლანდი ტოკავს კარებთან.

მე მას, ცხადია, არაფერს ვეტყვი,

ისიც თავისით წავა, გაქრება

და მოუნდებათ კვლავაც ფანტელებს

ჩემი სარკმლების მომინანქრება.

მე ახლა მინდა სულ თოვოს, თოვოს

და ქარბუქები მყავდეს ძიძებად.

ჩავთვლიმოთ ერთად, რომ ზღაპარს ჰგავდეს

ჩვენი ზეცაში გამოღვიძება.

16 იანვარი, 2019

 

დათბობის ცდაში

 

ამ სახლში როგორ ვიცხოვრო აწი,

როგორც ვუყურო ამ ფუძეს, ამ ჭერს,

ან ამ დედაბოძს, ცისკიდის დამჭერს,

ეზოს, რომელსაც ცრემლები აწვიმს!

შუა გაიპო ნოემბრის დღე და

ნაპრალში ზვავად ჩამოწვა ღამე,

სადაც უაქტო პიესას დგამენ

და ქანდარაზე ლანდები სხედან.

მე იმ ერთ სპექტაკლს ვესწრები ხშირად

და ვუსმენ ჩვენი წარსულის ქოროს,

ხან მორჩილს, ხანაც ზვიადს და გოროზს,

ცვლის უჟმურ კვირას უჟმური კვირა.

გადის ზამთარი დათბობის ცდაში,

კრთის საწიერზე იალკიალი

და მომაცილებს თოვლის შრიალი,

ვით ცალი ხელით დაკრული ტაში!

18 იანვარი, 2019

 

ქვრივი

 

უსაშინლესი სიტყვაა „ქვრივი“,

რაც კი ოდესმე ხორციელს უთქვამს.

რაღაც უხეში, მძიმე და მკვრივი

მაწევს გულ-მკერდზე, მიძნელებს სუნთქვას.

თითქოს დაცალეს ცაში თოფები

და მიბრძანებენ უკანდახევას.

გემშვიდობები, გემშვიდობები,

მეორეს არა -პირველ ნახევარს!

შენ კი გკიდია ზურმუხტის მძივი

და ძველებური ღიმილი გშვენის,

რომ გაგიმართლა: შენ არ ხარ ქვრივი,

ჯერ ცოცხალია მეუღლე შენი!

5 მარტი, 2019

 

აღდგომა უშენოდ

 

იყო საშველი. აღარ არის. არც ველოდები.

ჩემმა მტრედებმა აირჩიეს სულ სხვა სარკმელი.

გამხდარან უკვე სიხარულის ანტიპოდები

შენი სამოსი, ფეხსაცმელი და თავსარქმელი.

მოდის აღდგომა. აიწყვიტა აპრილმა აფრა.

წვიმის ძუძუებს წოვენ ღრუბლის თეთრი კრავები.

დღესასწაულის სურნელება იფრქვევა მძაფრად,

მე კი სევდის და მწუხარების ხლართში გავები.

ყოველ ნაბიჯზე თითქოს შენი ლანდი მეხება,

კვლავ ცოცხალს გხედავ, ცოცხალს გგრძნობ და ცოცხალს გიგონებ.

მე წელს პირველად კვერცხს უშენოდ, მარტო შევღებავ

და გულზე როგორც საკუთარ გულს, გადაგიგორებ.

8 აპრილი, 2019

 

ამირან ბუთურიშვილი

 

 

big_banner
არქივი