logo_geo
ამბავი მუდმივ მოჯანყე გივი ამილახვრისა: შაჰის საგანძური და ქართული ტროას ომი
- +

20 მაისი. 2019. 12:43

 

 

კვირაცხოვლობის წინა დღეს - შაბათს, რომელიც წელს 4 მაისს დაემთხვა, თბილისის სიონში თავად გივი ამილახვარის სულის საოხად ჟამი შეიწირვის.

 

ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწის, საამილახვროს უფროსის, ზემო ქართლის სადროშოს სარდლისა და გორის მოურავის მოსახსენებელი აღდგენილია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილელ მღვდელმთავართა ანდერძის საფუძველზე. გივი ამილახვარის დაუვიწყებლად მოხსენიება მის მიერ 1726 წელს თურქთაგან სიონის ტაძრის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს უკავშირდება.

ამილახვართა გვარი მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს და მის ფუძემდებლად სამცხელი თავადი იოთამ ზედგინიძე მიიჩნევა, რომელმაც 1465 წელს მეფე გიორგი VIII-ის ადგილი დაიკავა კარავში შეთქმულთაგან მის დასაცავად და მოღალატეებმა აკუწეს.

 

 

როგორც მემატიანე გადმოგვცემს, შემდგომ ამისა „ჯილდოდ უბოძა შვილთა მისა გუარად ამილახორობა და უფროსსა ძესა მისცა სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და ციხე გორის ჯუარი და სხუანი ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახორო ადგილებად“.

 

ამილახვართა გვარს მრავლად ჰყავდა როგორც წარჩინებული, ისე უჩინო შთამომავალნი. გამორჩეული კი უდავოდ გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარია:

 

 

მთელი შეგნებული ცხოვრება ხან ოსმალოს ებრძოდა და ხან ყიზილბაშს. საამისოდ ძალაც ჰქონდა და გავლენაც — როგორც საამილახვროს უფროსს, ზემო ქართლის სადროშოს სარდალსა და გორის მოურავს.

 

1727 წელს ოსმალთაგან ქართლის მმართველად და ტფილისის ვალად დანიშნულ ისაყ-ფაშას სიონის მეჩეთად გადაქცევა უბრძანა სულთანმა. გივი ამილახვარმა თავისი გავლენის წყალობითა და სახსრის უშურველად გაღებით, ფაშას განზრახვაზე ხელი ააღებინა, სიონის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. მადლიერმა თბილელმა მიტროპოლიტმა დომენტიმ გივი ამილახვრის სახელზე ტაძარში ყოველწლიური მოსახსენებელი დააწესა.

 

 áƒáƒ áƒ©áƒ˜áƒš II და გივი ამილახვარი, სპარსული მინიატურა

 

არჩილ II და გივი ამილახვარი, სპარსული მინიატურა

 

საქართველოდან თურქთა გაძევებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის გივი ამილახვარს, რასაც სათავე მის მიერ გორის ციხის აღებამ დაუდო. ეს ამბავი რაღაცით ტროას აღებას წააგავდა, ბრძოლის ისტორია სეხნია ჩხეიძემ შემოგვინახა, ქართველმა ისტორიკოსმა და ქართლის სამეფოს კარის მოლარეთუხუცესმა.

 

1735 წელს, ღვინობისთვეს (ოქტომბერი) გივი ამილახვარმა და მამუკა მუხრანბატონმა ლაშქარი შეკრიბეს და გორთან ახლოს, ბერბუკთან დადგნენ. მერე გორელებს შეუთანხმდნენ, რომ მებრძოლები ღამით სახლებში დაემალათ. ჩანაფიქრის მიხედვით, ოთხი ქართველი დილით იმ ხალხს უნდა შერეოდა, რომლებიც ციხეში ხის მორებს ეზიდებოდნენ და მორები გალავანს შიგნით, გოდოლის კართან ისე დაელაგებინათ, რომ მცველებს ვეღარ დაეკეტათ. ასეც მოხდა. დილით მეციხოვნეებმა მორების მზიდველებს ციხის კარი გაუღეს, „ურუმთა“ ნაწილი გარეთ გამოვიდა, ქვედა გალავანთან და ისინი გორელების სახლებში დამალულმა ქართველმა მეომრებმა დახოცეს. იმ ოთხმა თავგადადებულმა კი ციხეში შეაღწია, მერე სატევრები იშიშვლეს და მცველებიცა და ციხისთავი ენგიჩარ-აღაც მოკლეს.

 

გორის ციხე

 

ასე დასრულდა ქართლში ოსმალთა ბატონობა, მაგრამ დაიწყო კიდევ უფრო სასტიკი ყიზილბაშობა. ოსმალთა განდევნიდან მოკლე ხანში ერევანში მდგომმა თამაზ ყული-ხანმა, შემდგომში ნადირ შაჰად წოდებულმა, ქართლ-კახეთის თავკაცები თავისთან იხმო, მათ შორის, კახეთის გამგებელი თეიმურაზ II და გივი ამილახვარი. მეფეს მაჰმადის სჯულზე შედგომა მოსთხოვა თამაზ ყული-ხანმა, გივი ამილახვარს — უფროსი ასული, რომელიც თეიმურაზის ძეზე, იესეზე (მომავალი ანტონ I კათალიკოსი) იყო დანიშნული. ორთავე მოთხოვნაზე უარი მიიღო ხანმა... და ერევანს ნაწვევი ქართველები ერთიანად დააპატიმრა.

 

რასაკვირველია, დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ მომავალმა შაჰმა კარგად უწყოდა იმ ფარული კავშირების შესახებ, რომელიც მოსკოვის ქართულ კოლონიასთან და რუსეთის სამეფო კართან არსებობდა. ეს კი ირანის საფუძვლიან შეშფოთებას იწვევდა. ამიტომაც, ერევნიდან აყრილი თამაზ ყული-ხანი ტფილისისკენ დაიძრა, პატიმრები კი გზიდან გაეპარნენ.

 

 

ყიზილბაშთა რაზმები ქართლსა და კახეთს მოედნენ, ქვეყანა ააწიოკეს, ციხეები დაანგრიეს, ხალხი აყარეს და ხორასანში გადაასახლეს... გივი ამილახვარს კი, რომელსაც შანშე ერისთავთან ერთად მიმოწერა ჰქონდა გამართული მოსკოვის ქართულ კოლონიასთან,  გულუბრყვილოდ სწამდა, რომ რუსეთი, თავისდა საზიანოდ, დაარღვევდა ირანთან დადებულ შეთანხმებას და ერთმორწმუნე ქვეყანას დაეხმარებოდა.

 

და აჯანყებების ცეცხლს არ ანელებდნენ. კახეთის აჯანყებას თეიმურაზი ხელმძღვანელობდა, ქართლისას — გივი ამილახვარი.

ამილახვარმა ზედიზედ დაამარცხა ყიზილბაშთა რაზმები ჯერ აძვის ვენახებთან, მერე დირბის წყალზე — ყორნისთან. მაგრამ ვერაგმა ირანის შაჰმა შეძლო, ქართლის თავადები  თეიმურაზისთვის დაეპირისპირებინა. ამილახვარიც „ეძრახა თეიმურაზს, რათა უკუდგნენ შაჰნადირისგან. არამედ თეიმურაზ არა ისმინა“.

 

 

თეიმურაზი ხვდებოდა, რომ იმ ხანად ქვეყნის გადასარჩენად სწორი სვლა ირანთან მორიგება იყო და მოლაპარაკებები გამართა ამილახვართან, რომელსაც შაჰის წინაშე შუამდგომლობას ჰპირდებოდა. ამილახვარმა დედოფლის თავდებობა ითხოვა. სწორედ მას, ქართლის ბაგრატიონთა შთამომავალს, ვახტანგ VI-ის ასულსა და მეფე თეიმურაზის მეუღლეს მიანდო თავი დამარცხებულმა მეამბოხემ...

 

თეიმურაზმა შაჰისაგან ამილახვრისთვის სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია კი მიიღო, მაგრამ ირანის მბრძანებელმა მაინც იხმო ის თავისთან. მეფემ სულხან ეშიკაღასბაში (სასახლის მცველთა რაზმის უფროსი) გააყოლა ამილახვარს, თან შენდობის თხოვნის უსტარი გაატანა შაჰთან. ხუნდებით ხელ-ფეხდაბორკილი გივი ამილახვარიც ისპაჰანის გზას დაადგა...

 

 

 

1747 წელს ნადირ შაჰმა გადაწყვიტა, დაესაჯა ურჩი თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს 30-ათასიანი ლაშქრით საქართველოში შეჭრა დაავალა. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, იმავე წელს შეთქმულებს რომ არ მოეკლათ ნადირ შაჰი და ტახტზე მისი ძმისწული, ადილ შაჰი რომ არ ასულიყო, რომელიც სიძედ ერგებოდა მეფე თეიმურაზ II-ს — მისი ასული ქეთევანი ჰყავდა ცოლად.

 

გივი ამილახვარი საქართველოში 1749 წელს დაბრუნდა. ირანში ყოფნის ბოლო წელს შაჰის საგანძური ჩაუგდია ხელში, იქ მყოფი ქართველები შემოუკრებია გარს, შეუიარაღებია და ხმლით გამოუკაფავს გზა სამშობლოსაკენ. საქართველოში დაბრუნებულს არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღუდგენია ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს კი მორალურის გარდა, დიდ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა. 

 

1754 წელს (ან 1757) გარდაიცვალა 65 წლისა. დაკრძალულია შიომღვიმის მონასტრის, მის მიერვე აღდგენილ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში...

 

 

big_banner
არქივი