logo_geo
1946 წლის 20 მაისს შერი დაიბადა
- +

20 მაისი. 2019. 13:46

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

როგორც იქნა, ჩემი ბროწეულის ხეზე აინთო მარჯნისფერი ყვავილების ულამაზესი კვირტები... მალე აყვავდებიან...

 

რაც შეეხება ადესას, რომელსაც მოუთმენლად ველი, მის დაგემოვნებამდე ჯერ კიდევ დროა...

 

მართალია, ზოგს არ უყვარს და იძახიან - „ბაღლინჯოს გემო“ დაჰკრავსო... თავიდან ვბრაზდები, მერე კი თავს იმით ვიწყნარებ, რომ ესე იგი, ბაღლინჯო გასინჯული აქვთ.

 

სამაგიეროდ, ჩემს ადესას ფოთლები იმხელა გაეზარდა, რომ, რამე რომ იყოს, კაცი ტოლმას გაახვევდა...

 

ჰოდა, დღეს ჩემს პატივცემულ ვაზს მოვწყვეტ სიმბოლურად რამდენიმე ფოთოლს, შევკაზმავ გემრიელი ფარშით, შევკრავ პატარა „კონვერტიკებად“, დავდგამ მოსახარშად, პატარა მემაწვნე იოსების ახალ მაწონს ლამაზად გადავასხამ ზედ… ნახევარი საქმე გაკეთებულია…

 

თქვენ კი დააფიქსირეთ - „სომხეთი“…

 

ახლ კი, წესით, თავში უნდა გავირჭო არწივის „პერო“ (ანუ ბალიშიდან ამოჩიჩქნილი ქათმის ბუმბული), ხელში დავიჭირო მშვიდობის ჩიბუხი (ანუ, სიგარეტი „Gauloisis“-ის ღერი) და ცოტათი მაინც დავემსგავსო ჩინგაჩგუკს (ანუ, გოიკო მიტიჩს)…

 

დააფიქსირეთ -„ინდიელი“…

 

ახლა კი მზად ვარ, გიამბოთ იმ ქალბატონის შესახებ, რომლის ნიჭიერ ვენებში გემრიელად არის შეზავებული სომხური და ინდიელთა სისხლი, რომელიც გამოირჩევა ყველაფრით, ხმიდან დაწყებული, მუგუზალივით შავი თმით დამთავრებული… გარდა ამისა, ცხენზე ჯირითი ეხერხება და თანაც უხდება...

 

აი, ტოლმას აკეთებს თუ არა, ინფორმაცია ვერ მოვიპოვე...

 

„ოსკარი“, „გლობუსი“, „ემი“ და „გრემი“…

 

ოთხივეს მფლობელი ბრძანდება… „შერი“!!!

 

რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 20 მაისს (წელს - რომ მომკლათ და მანამდე მაწამოთ, მაინც არ გავამხელ)...

 

სხვათაშორის, მართლაც დიდი იშვიათობაა, რომ ერთ ხელოვანს ერთდროულად ჰქონდეს უმაღლესი ჯილდოები კინოს, მუსიკალურ და სატელევიზიო სფეროებში მოღვაწეობისთვის…

 

ამასთანავე, შერი გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი შემსრულებელი, რომლის სიმღერები შედიოდა საუკეთესო ჰიტების ტოპ-ათეულში მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში 1960-იანი წლებიდან 2010-იანი წლების ჩათვლით!

 

შერი (შერილინ სარქისიან-ლაპიერი) ბავშვობიდან ოცნებობდა კინომსახიობის კარიერაზე და იმდენად სჯეროდა, რომ ის მიაღწევდა თავის მიზანს, რომ ჯერ კიდევ სულ პატარა, მთელი დღეების განმავლობაში ვარჯიშობდა ლამაზ ხელმოწერაზე, რომელიც ოდესმე აუცილებლად დასჭირდებოდა ავტოგრაფების დარიგებისას…

 

მან 16 წლის ასაკში დატოვა სახლი და ლოს-ანჟელესში გაემგზავრა.

 

იმავე წელს კაფეში გაიცნო მუსიკალური პროდიუსერის, ფილ სპექტორის ასისტენტი სონი ბონო, რომელსაც შეეცოდა შერი და შესთავაზა მასთან საცხოვრებლად გადასვლა. სამაგიეროდ კი, შერის უნდა დაელაგებინა სახლი და გაემზადებინა საჭმელი…

 

სულ ცოტა ხანში მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს კიდეც… სწორედ სონიმ ითამაშა ყველაზე დიდი როლი შერის კარიერაში, მათ შექმნეს ვოკალური დუეტი, რომელმაც თავიდანვე მიიპყრო ყველას ყურადღება… ჯერ იმით, რომ სონის ჰიპის იმიჯი ჰქონდა შერჩეული, შერი კი საერთოდ არავის არ ჰგავდა…

 

მხოლოდ ამის შემდეგ აქცევდა ყურადღებას მსმენელი შესრულების ხელოვნებას…

 

ცოტა ხანში მათმა სიმღერამ „I Got You Babe“, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჩარტების წამყვანი ადგილები დაიკავა…

 

1965 წელს შერიმ გამოუშვა თავისი პირველი ალბომი - „All I Really Want to Do“, რომელიც მისი სადებიუტო სოლო-ჰიტი გახდა და რომლითაც დაიწყო შერის ფანტასტიური აღმავლობა წარმატების ოლიმპზე…

 

1969 წელს შერის და სონის გაუჩნდათ ქალიშვილი, რომელსაც დედამ ჩესტიტი დაარქვა, რადგანაც სწირედ ფილმ „ჩესტიტის“ გადაღების დროს დაფეხმძიმდა…

 

ჩესტიტი შერის ცხოვრებაში ძალიან დიდი განცდებისა და შეიძლება ითქვას, ტრაგედიის მიზეზიც გახდა…

 

მან მიიღო გადაწყვეტილება სქესის შეცლის შესახებ და 2010 წელს ჩესტიტა ბონო გახდა მამაკაცი, ჩეზ ბონო. შერმა ვაჟკაცურად მიიღო და გადაიტანა ქალიშვილის გადაწყვეტილება, მაგრამ ყოველთვის თვლიდა, რომ მოუცლელობის გამო, ყველაზე საჭირო დროს არ იყო ქალიშვილის გვერდით და გამოტოვა მის აღზრდაში რაღაც ყველაზე მთავარი…

 

1970 წელის შერიმ და სონიმ ტელეარხ CBS-ზე დაიწყეს ახალი პროექტი - „სონის და შერის შოუ“, რომელიც 7 წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემად ითვლებოდა, ხოლო 4 წელიწადში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ… ორივე განიცდიდა ამ ამბავს, ერთხელ შერიგებაც კი სცადეს, მაგრამ ამაოდ…

 

შერი განმეორებით გათხოვდა, დაშორდა მეორე მეუღლესაც, ჰქონდა რამდენიმე სერიოზული რომანი, მათ შორის, ტომ კრუზთანაც... ამავე დროს, სრული იგნორირება გაუკეთა ელვის პრესლისა და მარლონ ბრანდოს მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას...

 

ის დღემდე ხუმრობს - „კლეოპატრაზე ოდნავ ნაკლები მამაკაცი მყავდაო“...

 

43 წლის ასაკში კი, შერს უგონოდ შეუყვარდა 18 წლით უმცროსი მეფუნთუშე, რომელსაც კინაღამ ცოლადაც გაყვა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა...

 

პირველ სიყვარულთან და მეუღლესთან სონისთან შეინარჩუნა თბილი ურთიერთობები და ამბობდა - „მე სონი მუდამ მეყვარება, რადგანაც იუმორის საოცარი გრძნობა აქვს“...

 

ის არასდროს არ მალავდა, რომ სონი იყო მისი ერთადერთი ნამდვილი და ძლიერი სიყვარული… (ფოტოზეა)

 

1998 წელს სონი, კალიფორნიაში თხილამურებზე სრიალის დროს, დაიღუპა…

 

შერიმ ისე განიცადა მისი გარდაცვალება, რომ რამდენიმე წელი დეპრესიაში იმყოფებოდა… მაგრამ ის ხომ ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ძლიერი ხასიათით… შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და დღესაც… ასე ვთქვათ, 45 წლის ასაკში (შვილზე ცოტა უფროსი ხომ მაინც უნდა იყოს), ისევ მშვენიერ ფორმაშია, მღერის, თამაშობს კინოში და განსაკუთრებულად უვლის თავს…

 

როდესაც დაიწყეს აქტიური ჭორაობა მის მიერ გადატანილ პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით, მან ერთხელ და სამუდამოდ დასვა ამ თემაზე წერტილი, უბრალო პასუხით - „ეს ჩემი სახეა და ჩემი ტან-ფეხი… რასაც მინდა, იმას ვუზამო... მაინცდამაინც გინდათ დამინახოთ ბებერ, დამჭკნარ და ისტერიკულ მდგომარეობაში? სიბერეს, როგორც მტერის, ჯობია მოელაპარაკო, ვიდრე შეებრძოლო“…

 

თუმცა აქვე დაამატა, რომ მასზე გავრცელებული ჭორების მიუხედავად, „ოპერაცია ნეკნების ამოღებაზე, მართლა არ გაუკეთებია“...

 

შერი გამოირჩევა თანაგრძნობით, სრული უღალატობით, უშურველობით…

 

როდესაც მას დაურეკა ფილმ „სოლქვუდის“ რეჟისორმა და როლი შესთავაზა, თანაც უთხრა, რომ მისი პარტნიორი იქნებოდა მერილ სტრიპი, შერიმ სცენარის წაკითხვაც კი არ ისურვა - „თავად მერლინი თუ დათანხმდა, ნეტავ ჩემი არმოსაწონი რა უნდა იყოსო“... საოცრად მიყვარს ადამიანებში სხვისი უკეთესობის დანახვის ნიჭი და უნარი…

 

საკუთარ თავზე კი შერი ამბობს — „მე ვარ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი, მაქვს უამრავი ჩვეულებრივი პრობლემა… და სულაც არა ვარსკვლავური… მაგალითად, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მქონოდა ცისფერი თვალები და ქერა თმა… მე ვარ ისეთი როგორიც ვარ…უბრალოდ შერი“…

 

გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და უბრალოდ, ძალიან კარგ დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი