logo_geo
24 მაისს იოსებ ბროდსკის დაბადების დღეა
- +

24 მაისი. 2019. 17:54

 

 

ზუსტად ამ დღეს, 1940 წლის 24 მაისს, ჩვენს ლამაზ დედამიწას მოევლინა ლამაზი კაცი, რომელმაც ანდერძად დაგვიტოვა საოცარი სიტყვები - „ცხოვრება ადვილია, უბრალოდ, უნდა მიხვდე, რომ არსებობენ შენზე უკეთესი ადამიანები. ეს ძალიან აადვილებს ცხოვრებას“.

 

მე ეს კაცი საოცრად და გამორჩეულად მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ, რადგან მის ნაწარმოებებს რომ ვკითხულობ, მის აზრებს რომ ვუფიქრდები, მის სიტყვებზე შექმნილ სიმღერებს რომ ვუსმენ, ასე მგონია, ცოტა უფრო კარგი ვხდები. ეს გახლავთ მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტი, ესეისტი, დრამატურგი, თარჯიმანი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და, უბრალოდ, შესანიშნავი - იოსებ ბროდსკი...

 

იცით, კიდევ რატომ მიყვარს განსაკუთრებით? როდესაც ყველა ირგვლივ მასწავლის - წარსულით ცხოვრება არ შეიძლებაო, და მე რომ ვითომ ვეთანხმები, იოსებ ბროდსკი გულს მითბობს თავისი სიტყვებით -„წარსულის გარეშე მომავალიც შეუძლებელია. დაფიქრდით ამაზე, როდესაც წარსულის გადახაზვას ცდილობთ“. და, კიდევ…

 

როდესაც ძალიან გადავიღლები ხოლმე განვლილ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების გაანალიზებით, სულ მახსენდება მისი ჯადოსნური სიტყვები: „როცა დაიღლები უსასრულო თვითანალიზისგან, დამირეკე, ვიცეკვოთ“.

 

დარეკვით ვერ ვურეკავ, სამწუხაროდ, მით უმეტეს, ვერ ვეცეკვები, მაგრამ მის ლექსებს ვკითხულობ ან ვუსმენ და სხვა ყველაფერი ოდნავ კარგავს სიმძაფრეს, ცოტა უფრო ფილოსოფიურად ვუყურებ სამყაროს.

 

იოსებ ბროდსკი იმდენად დიდია, რომ მე, აბა, როგორ უნდა შევაფასო… ამიტომაც დღეს მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებს, პატარა გაკვირვებებს და დიდ გაოცებებს გიზიარებთ და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ამ დიდ შემოქმედს და პიროვნებას.

 

ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ იოსებ ბროდსკის სრული საშუალო განათლებაც კი არ მიუღია. მან მე-7 კლასის დამთავრების შემდეგ მიატოვა სკოლა და 10 წლის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოიცვალა. ის დარაჯიც იყო, მტვირთავიც, ბოლოს კი ექსპედიტორად მოეწყო და მთელი რუსეთი მოიარა.

 

18 წლის ასაკში ბროდსკიმ დაწერა თავისი პირველი ლექსი… არა წვიმებზე, ქარებზე, ღრუბლებზე და სიყვარულებზე, რაზეც, როგორც წესი, იწერება ხოლმე პირველი ლექსები, არამედ ადამიანის მიერ გავლილ ცხოვრების გზაზე.

 

ჰყვებიან, რომ თითქმის პირველივე ლექსიდან მას დაეწყო კონფლიქტი ხელისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები ამბოხებისა და აჯანყებისკენ არ მოუწოდებდნენ, გარკვეულ ინსტანციებში მაინც ჩათვალეს, რომ ის საშიში იყო საზოგადოებისთვის. სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა ბროდსკი ანა ახმატოვას, რომელიც ყველანაირად გვერდში ედგა მას, მაგრამ...

 

ნეტავ, თუ იცოდა ანამ, რომ მსოფლიო პოეტებში ბროდსკის მარინა ცვეტაევა და არა ის ჰყავდა ამორჩეული?

 

1972 წელს ბროდსკი იძულებული გახდა, წასულიყო ემიგრაციაში...

 

4 ივნისს თვითმფრინავს ის მიყავდა ვენაში... მას ჩამოართვეს მოქალაქეობა და აიძულეს, დაეტოვებინა სამშობლო...

 

ვენაში მას ელოდა მოწვევა მიჩიგანის უნივერსიტეტში... ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედია იქნებოდა ბროდსკისთვის სამშობლოს მიტოვება...

 

ცნობილ ფოტოზე 3 კაცი ცეკვავს - იოსებ ბროდსკი, მიხეილ ბარიშნიკოვი და მსტისლავ როსტროპოვიჩი, მაგრამ გულში რა სიმძიმეს ატარებდნენ...

 

 

ბროდსკი არასდროს არ წუწუნებდა და კატეგორიულად უარყოფდა, რომ ის საკუთარი სახელმწიფოს მსხვერპლი გახდა...

 

მას არ უყვარდა ამ თემაზე სპეკულაცია... ამის გულისთვის კიდევ უფრო ვცემ პატივს...

 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა ევროპაში, სადაც გაიცნო დასავლელი ლიტერატორები და შემდეგ გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მიიწვიეს, როგორც პოეტი... ცოტა ხანში ის გახდა უნივერსიტეტის სტუდენტების უსაყვარლესი ლექტორი...

 

მართალია, მას არ შეუსწავლია პედაგოგიკა და არ გააჩნდა საკუთარი მეთოდიკები, მაგრამ როდესაც ის აუდიტორიაში შედიოდა და იწყებდა დიალოგს პოეზიაზე და მის მნიშვნელობაზე, ლექცია, სემინარი, ფორუმი იღებდა განსხვავებულ ელფერს და იქცეოდა მაღალ პოეტურ წარმოდგენად...

 

მისი ლექციების კითხვის მანერა კოლეგებს შოკში აგდებდა... ის ლექციის დროს სვამდა ყავას და ეწეოდა სიგარეტს, მაგრამ მისი ყველაზე მკაცრი ოპონენტებიც კი ვერ უძლებდნენ მის საოცარ შინაგან ხიბლს და ლექციაზე ერთხელ დასწრების შემდეგ, მეორე ლექციას ელოდნენ...

 

ისე კი, რა სასწაულია – კაცი, რომელსაც 8 კლასის განათლებაც არ ჰქონია მიღებული, 24 წლის განმავლობაში იკავებდა პროფესორის თანამდებობას და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის 6 (მათ შორის კოლუმბიის და ნიუ-იორკის) უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში, რუსულ და მსოფლიო პოეზიასა და ლექსის თეორიაში. მოხსენებებით გამოდიოდა აშშ-სა და კანადაში, ინგლისში, ირლანდიაში, საფრანგეთში, შვედეთსა და იტალიაში.

 

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ უაღრესად ნიჭიერ ადამიანს შეეძლო, მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. ბროდსკიმ საოცარი და მრავალმხრივი თვითგანათლება მიიღო, სხვა თუ არაფერი, დამოუკიდებლად და სრულყოფილად შეისწავლა ინგლისური და პოლონური ენები.

 

1962 წელს ბროდსკი შეხვდა ახალგაზრდა მხატვარს მარინა (მარიანა) ბასმანოვას და შემდგომში უამრავი ლექსი მიუძღვნა მას წარწერით — „მ.ბ.“. 1968 წელს მათ გაუჩნდათ შვილი — ანდრეი. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ იმის გამო, რომ მარიანამ მეუღლეს უღალატა. არადა, რა ლექსებს უძღვნიდა…

 

ერთ რამეში დავრწმუნდი, პოეტები, გენიოსებიც რომ იყვნენ, ხშირ შემთხვევაში ლექსებს უძღვნიან არა იმათ, ვინც მართლა არის ამ ლექსების ღირსი...

 

1990 წელს ბროდსკიმ, რომელსაც ყველა თვლიდა გამოუსწორებელ „ხალასტიაკად“, ცოლად მოიყვანა მასზე 30 წლით უმცროსი, იტალიელი არისტოკრატი, დედით რუსი მარია სოცანი.

 

მათი შეხვედრა მოხდა სორბონაში, 1990 წლის იანვარში... ნობელის პრემიის ლაურეატის, იოსებ ბროდსკის ლექციაზე დასასწრებად მარია ჩავიდა იტალიიდან...

 

ბროდსკის ის არც კი შეუმჩნევია, იმდენად გადაჭედილი იყო დარბაზი, მაგრამ ცოტა ხანში მან მიიღო მისგან წერილი და რამდენიმე თვეში, წერილები გახდა ფაქიზი და ამავე დროს უძლიერესი კავშირი დიდ პოეტსა და იტალიელ სტუდენტს შორის...

 

1990 წლის 1 სექტემბერს მათ დაიწერეს ჯვარი შვედეთში...

 

პირველად ბევრი წლის განმავლობაში, ბროდსკიმ განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად ბედნიერი იყო...

 

უკლებლივ ყველა, ვინც კი მას იცნობდა, ამტკიცებდა, რომ მარიას გვერდში გატარებული ცხოვრების ბოლო 5 წელი უფრო ბედნიერი იყო ბროდსკისთვის, ვიდრე 50 წინანდელი...

 

1993 წელს ბროდსკიმ მეუღლეს მიუძღვნა ლექსი და ზედ დააწერა ინიციალები „მ.ბ“- მაგრამ ამჯერად ისინი იშიფრებოდა როგორც - მარია ბროდსკაიას...

 

„Что нужно для чуда? Кожух овчара,

щепотка сегодня, крупица вчера,

и к пригоршне завтра добавь на глазок

огрызок пространства и неба кусок.

И чудо свершится…“

 

„ огрызок пространства и неба кусок“, - მკლავს...

მხოლოდ ეს ლექსი რომ წაიკითხო, მიხვდები, რამდენად შეყვარებული იყო ბროდსკი...

 

იმავე წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი - ანა (ნიუშა)... მარია ცდილობდა მისთვის რუსული ენა ესწავლებინა... ბროდსკის კი ისე უყვარდა, რომ ხელიდან არ უშვებდა და სულ ჩახუტებული ჰყავდა...

 

1996 წელს, ბროდსკი ავიდა კაბინეტში სამუშაოდ და ჩუმად, არავის შეუწუხებლად, გარდაიცვალა... გული გაუჩერდა...

 

გენიოსები იმითაც განსხვავდებიან დანარჩენი ადამიანებისგან, რომ გული უფრო ფაქიზი აქვთ...

 

პატარა ნიუშა კი კიდევ დიდხანს კარნახობდა დედას მამისადმი მიძღვნილ წერილებს და სთხოვდა მარიას, მიება ისინი ბუშტზე და მამასთან გაეგზავნა...

 

უცებ გამახსენდა ბროდსკის სიტყვები - „ადამიანი ბუშტს ჰგავს, მასზე მიბმული ზონარი კი - მისი სულია“...

 

იცით, დღეს ვიგრძენი, რომ ორ რამეზე განსაკუთრებით მწყდება გული – ინგლისურს იმდენად სრულყოფილად ვერ ვფლობ, რომ ბროდსკის ესეები ორიგინალში წავიკითხო, და მეორეც - გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ბროდსკი, როგორც ჰყვებიან, მხოლოდ ერთხელ ესტუმრა საქართველოს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ გულით გაუგებდა მას და შეიყვარებდა ბოლომდე.

 

თურმე, დაუწყია გალაკტიონის ლექსის „ცამეტი წლის ხარ“ თარგმნა, მაგრამ მეორე სტროფის შემდეგ აღარ ან ვეღარ გაუგრძელებია.

 

სამაგიეროდ, შესანიშნავად აქვს ნათარგმნი ოთარ ჭილაძის ულამაზესი ლექსი „ოთახი“ (გთავაზობთ ნაწყვეტს...)

 

ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა

და გროვდებოდა თოვლი რაფაზე.

და ქალთან რაღაც საერთო ჰქონდა

ზამთრის სიმკაცრეს და სიკაპასეს...

 

Рыдала женщина. Снаружи

снежок клубился. И сиротство

той женщины и краткость стужи

какое-то имели сходство...

 

იოსებ ბროდსკი გარდაიცვალა 1996 წლის 28 იანვარს, სულ რაღაც 55 წლის ასაკში… ის დაასაფლავეს ვენეციაში, ქალაქში, რომელიც მას სანქტ-პეტერბურგის შემდეგ ყველაზე მეტად უყვარდა.

ბოლოს კი მინდა გავიხსენო პოეტის შესანიშნავი სიტყვები -

 

„ჩვენ მივდივართ, სილამაზე კი რჩება, რადგან ჩვენ მომავლისკენ მივემართებით, სილამაზე კი - მუდმივი აწმყოა“…

 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი