logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ეზოდან ბავშვების ხმა ნაკლებად ისმის... გულწრფელად რომ გითხრათ, მართლა არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი...
- +

27 მაისი. 2019. 15:11

 

„ანა-ბანა-შიპერგანა, შიპერდუცა-მარგარუცა...დო-რე ცუნგულაი დო“ ანუ, ჩვენი ბავშვობის თამაშები უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე...

 

ამ ფოტოზე რომ თამაშია, დღემდე არ ვიცი, რა ერქვა, მაგრამ ჩემს დროს ძალიან იყო გავრცელებული... თანაც ზოგიერთი ისე ხვეწდა ხელოვნებას, რომ ძაფისგან ორსართულიან ფიგურებსაც კი აკეთებდა, ცერა და ნეკა თითების გამოყენებით...

 

გარდა ამისა, ძალიან მოდაში იყო „კლასიკები“... ცარცით რომ შემოხაზავდი მართკუთხედს, დაყოფდი, ციფრებს ჩააწერდი და მერე ასკინკილათი დახტოდი... თუ ნაღდი მოთამაშე იყავი, ქუჩიდან შემთხვევით აღებულ ქვას სასროლად არასდროს გამოიყენებდი... ქვა უნდა ყოფილიყო ბრტყელი, ოვალური და შეძლებისდაგვარად, ლამაზი...

 

მე ქვები სოხუმიდან ჩამომქონდა საგანგებოდ და ისე სათუთად ვინახავდი სპეციალურ კოლოფში, როგორც სამურაის აქვს შენახული დიდოსტატი იასუცუნას ხმალი ტატი...

 

ბიჭებს თავისი თამაშები ჰქონდათ - უმთავრესად ფეხბურთი... ამისთვის „არკა“ იყო გამოყოფილი...

 

ჩვენ ვითომ ერთმანეთის თამაშები არ გვაინტერესებდა, მაგრამ სულ ვუთვალთვალებდით ერთმანეთს და შუადღეზე ვერთიანდებოდით ერთ გუნდად იმისთვის, რომ „არჩევანი-არადანის“ პრინციპით ისევ გავიყოთ, ოღონდ შერეულ ჯგუფებად და ვითამაშოთ „ვიბივალკები“...

 

მერე ვთამაშობდით „ბომბს“...

 

ბოლოში კი დაჭერობანას...

 

არადა, როგორ ვახერხებდით, არ ვიცი... შიდა პატარა ეზოში მანქანები იდგა და იქ გვეკრძალებოდა... გარეთა ეზოში კი ბურთი სულ მიგორავდა სანაპიროზე და ბიჭებს ამოჰქონდათ...

 

თანაც ბევრნი ვიყავით და მაინც ხელს ერთმანეთს არ ვუშლიდით და რამხელა სიამოვნებას ვიღებდით ეზოსგან და ურთიერთობებისგან... მართალია, მე ზედმეტად ემოციური ვიყავი და ჩაპუტკუნებული, სულ ვეცემოდი და მუხლებზე სართულებად მქონდა იარები, მაგრამ მაგას ვინ უყურებდა...

 

ჩვენი ორი ტირიფი რომ გამოიბამდა მუხლუხოებივით ნაყოფს, უცებ ხეებზე ავვარდებოდით ხოლმე... ტოტები რომ ფოთლებით დაიფარებოდა, გოგოები ტირიფის კარებში სახლობანას ვთამაშობდით, ბიჭები კი თუთაზე ძვრებოდნენ, სადაც საოცრად ტკბილი თუთა იზრდებოდა...

 

კიდევ, სავარაუდოდ, რაღაცა ვესტერნების გავლენით, ეზოში ორი „ბანდა“ გვქონდა შექმნილი „კოლორადო“ და „შავი ფარაონი“...

 

ერთ-ერთს, არ მახსოვს ზუსტად რომელს, სათავეში ედგა გოგი მარგველაშვილი...

 

თანაც, ბავშვობა იმითია კარგი, რომ შეგიძლია აურიო ერთმანეთში ეპოქები და მაია ჩაჩავა და მე ვინახავდით საიდუმლო რვეულს, ზედ დახატული წითელი ვარსკვლავით, სადაც ჩაწერილი იყო პაროლი და ინფორმაციით, რომელ დივიზიაში რამდენი ტანკია... სად ფარაონი და სად საბჭოთა დივიზია?

 

ერთხელ ჩვენმა ეზოს „ხულიგანმა“ მერაბ ჩაგუნავამ დამიჭირა და პაროლის გამხელა მიბრძანა...

 

არადა, წინა დღეს რაღაცა საბჭოთა ფილმი მქონდა ნანახი საზიზღარ ფაშისტებზე და თავი წარმოვიდგინე ზოია კოსმოდემიანსკაიად და ზოია რუხაძედ ერთდროულად... და გამოვუცხადე - „არ გეტყვი-თქო“...

 

მაშინ „მაწამა“, ანუ შემირჭო სულ ოდნავ ხელში ჭიკარტი...

 

ისე ავბღავლდი, რომ შეეშინდა და გაიქცა... შემთხვევით, კარი ჩაეკეტა და სარდაფში ჩავრჩი...

 

საღამომდე მეძებდა გალიჩკა და მერე დასჯილი ვიყავი - ერთი კვირა ეზოში არ გამიშვეს...

 

კიდევ მახსოვს, გაზაფხულობით, გოგოები ვთამაშობდით „ბაზრობანას“... მოვკრეფდით ბალახებს, ძაფით გადავფსკვნიდით, - (მწვანილი იყო)... პატარა ქვები - ახალი კარტოფილი, მკუხე თუთები - მარწყვები და ვითომ ვწონიდით და ვყიდდით და ვყიდულობდით... ვევაჭრებოდით კიდევაც ერთმანეთს ...

 

მშობლები რომ ბრუნდებოდნენ, თვალი მიგვირბოდა პაკეტებისკენ - დადგა თუ არა ალუჩას, ახალი კარტოფილის და მარწყვის დრო...

 

უნდა დავიტრაბახო და ეს თამაში პერსონალურად მე გამოვიგონე.

 

კიდევ ერთი თამაშის ავტორი გახლავართ - შევკრებდი ბავშვებს, თავისი საგზლით და მივდიოდით (!!!) განძის საპოვნელად...

 

გაგეცინებათ, მაგრამ მართლა გვჯეროდა, რომ ამოვთხრიდით და გეგმებსაც კი ვაწყობდით...

 

მაგრამ ყველაზე შესანიშნავი პერიოდი უშანგი ჩხეიძეზე იყო დაღამება...

 

ყველანი გამოვდიოდით ეზოში და ვემზადებოდით „დახუჭობანას“ სათამაშოდ...

 

როგორც წესი, ამ დროს ლექციებიდან ბრუნდებოდა ჩვენი უსაყვარლესი ალიკა რონდელი...

 

აუცილებლად ცოტა ხანს გაგვიჩერდებოდა... რაღაცა შენიშვნებს მოგვცემდა, რაღაცას გვასწავლიდა და მოგვესიყვარულებოდა ყველას...

 

მერე კი იწყებოდა თამაში... წინასწარ ვითვლიდით -

 

„ანა-ბანა-შიპერგანა,

შიპერდუცა-მარგარუცა...

დო-რე-ცუნგულაი-დო“

 

მთავარი ინტრიგა იყო ის, რომ ჩვენი ეზოს ყველა ბიჭი საიდუმლოდ იყო შეყვარებული ნანა კობერიძეზე... ლია ელიავას და ოთარ კობერიძის ქალიშვილზე...

 

მისი არშეყვარება იყო შეუძლებელი...

 

ყველაფრით გამორჩეული იყო...

 

ჰოდა, შესაბამისად 10-მდე გათვლის შემდეგ, ყველა ეძებდა ნანას...

 

ნანა კი, თხელი და მშვენიერი, ამოეფარებოდა რომელიმე მასსავით თხელ ხეს და ირჩევდა, როდის გამოჩენილიყო...

 

სამაგიეროდ ჩვენ, პატარები, მაშინ არ გვესმოდა და სერიოზულად ვიმალებოდით...

 

სარდაფში, სახურავებზე, რაღაცა ორმოებში...

 

ზოგჯერ, ნანაჩკას რომ იპოვიდნენ, ჩვენ ვავიწყდებოდით ხოლმე და ბოლომდე ვისხედით პარტიზანებივით.

 

დღეს ყველაფერი შეიცვალა... ეზოდან ბავშვების ხმა ნაკლებად ისმის...

 

ბავშვებს როცა უნდათ, მაშინ შეუძლიათ ჩართონ ნებისმიერი მულტფილმი...

 

ჩვენ კი დღეში ერთხელ დედები ფანჯრებიდან გვეძახდნენ - „მულტფილმებიაო“ და გიჟებივით მივრბოდით სახლებში...

 

თამაშები გავირტუალდა... ცხოვრებაც გავირტუალდა...

 

გულწრფელად რომ გითხრათ, მართლა არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი...

 

ერთი კი ვიცი, მთავარია, ბოლომდე არ გავირტუალდეს ურთიერთობები...

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

big_banner
არქივი