logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ხედავთ, ხან როგორ გვჯობნიან ცხოველები ადამიანებს? ნახეთ და ისწავლეთ!
- +

1 ივნისი. 2019. 17:29

 

 

ლამის მთელმა Facebook-მა გააზიარა ყვავის და არწივის ამბავი - ყვავი ყოფილა ერთადერთი ფრინველი, რომელიც ბედავს, შეაჯდეს არწივს ზურგზე და ჩაავლოს კისერში ნისკარტი. არწივი არც კი ცდილობს, ჩამოაგდოს, არც ებრძვის, არ ხარჯავს მასზე დროსა და ენერგიას. იგი აფრინდება და ადის სულ უფრო მაღლა და მაღლა და რაც უფრო მაღლა ადის, მით ნაკლები ჰაერი რჩება ყვავს სასუნთქად, იგი თანდათან კარგავს გონებას და ვარდება ძირს. იგუდება უჟანგბადობით.

 

- არწივი რომ ხარ და ყველაზე მაღლა ფრენა შეგიძლია ყარტა-ყურტა ყვავებთან და სკლინტიანებთან საკინკლაოდ დრო არ უნდა დაკარგო...

 

  1. ვერ გეტყვით, რამდენად მართალია, მაგრამ მიამბეს თხუნელაზეც, რომელიც ძნელი დასაჭერია და ამიტომ სოროსთან გამოსასვლელს უტალახებენ და იქვე ხაფანგს უდგამენ, იციან, თხუნელას ტალახი არ უყვარს, ერიდება ჭუჭყს და ბოლოს ხაფანგში ვარდება!

- სჯობს სუფთა იყო და ხაფანგში ჩავარდე, ვიდრე ამოიგანგლო, ეს არათხუნელური საქციელია!

 

  1. მგლების ქცევების მკვლევარი იასონ ბადრიძე მომიყვა, როგორი საინტერესო წესრიგი აქვთ ამ ცხოველებს, როგორ იცავენ ოჯახურ, მგლურად ჰარმონიულ და ჰუმანურ ტრადიციებს, ინცესტი გამორიცხულია... ( კონკრეტული ამბების მოყოლა საწიგნო თემაა).

- მგელი უძახე შენ!!!

 

  1. და ასლან აბაშიძის ძაღლი „ბასმაჩა“, მადლიერების და პატრონის სიყვარულის მაგალითი, განსაცდელში დაგულებული პატრონის გამო გაწვა და აღარ ადგა, 3 დღე საჭმელს პირი არ დააკარა და ამბობენ, „ბასმაჩასათვის“ სპეციალური თვითმფრინავი ჩამოვიდა, რომ პატრონთან წაეყვანათო...

- ჰოდა, „ბასმაჩამ“ შემოგითვალათ - სადაც თქვენი ერთგულების დაიკვეხნოთ, იქ ჩემიცა თქვითო!!!

 

აი, ხედავთ, ხან როგორ გვჯობნიან ცხოველები ადამიანებს? ნახეთ და ისწავლეთ, მაგრამ ადამიანებად დარჩით, თქვე კაი ადამიანებოო!!!

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

big_banner
არქივი