logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: 31 მაისს, მსოფლიოში ქერა მანდილოსნების დღეს ზეიმობენ...
- +

31 მაისი. 2019. 18:20

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

ადრე დღევანდელ დღეს ბოსარიონ ლაბრადოროვიჩთან აღვნიშნავდი ხოლმე...

 

იმიტომ, რომ გაზაფხულის მთლად მიწურულში, 31 მაისს, მსოფლიოში ზეიმობენ ქერა მანდილოსნების დღეს და მართალია, ბოსარიონი ბიჭი იყო, სამაგიეროდ, ისეთი ფერის ბეწვი ჰქონდა, რომ მოსკოვში ყოფნისას, საპარიკმახეროში, როდესაც ვერაფრით ვერ ავუხსენი, რა ფერის თმაზე ვოცნებობდი, სწორედ ის მივიყვანე და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე თმის ფერის პრობლემა… იმის მერე სულ ვოცნებობდი, სადმე საზღვარგარეთ წავსულიყავი და და ანკეტაში, თმის ფერის გრაფის გასწვრივ, ამაყად ჩამეწერა - ლაბრადორისფერი ან, მაგალითად, ვინმეს პაემანი დაენიშნა და შეკითხვაზე: „როგორ გიცნოთ?“ - მეპასუხა - „მაღალი ვარ, ოდნავ გაჩეჩილი ლაბრადორისფერი თმით“…

 

რატომაც არა, თუკი ღია ფერის თმა ოფიციალურად იყოფა რამდენიმე ქვეფერად: ხორბლისფერი, სელისფერი, სიმინდისფერი. ფერფლისფერი, პლატინისფერი… ლაბრადორმა რაღა დააშავა…

 

სერიოზულად კი, დღევანდელი დღის აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა აშშ-ში, 2001 წელს. მანამდე კი, ფინეთში, სადაც სტატისტიკურად ქერათმიანი ადამიანების ყველაზე მაღალი პროცენტი ცხოვრობს, შეიქმნა „ქერა ქალების საერთაშორისო ასოციაცია“. და იბადება შეკითხვა, რატომ გამოყოფენ ეს ქერა ქალები თავს დანარჩენი მანდილოსნებისგან?

 

მინდა, გითხრათ, რომ გუშინ, როდესაც თქვენთან შეხვედრისთვის ვემზადებოდი, მივხვდი რატომაც… მე მგონი ჩაპაევზე, სეროჟაზე, კახელებზე და სვანებზეც კი არ შეუქმნიათ იმდენი ანეკდოტი, რაც ქერათმიან ქალებზე… თანაც ყველგან ხაზს უსვამენ მათ, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე მაღალ IQ-ს.

 

გარდა ამისა, ქერა ქალებზე დაწერილი ყოველი მეორე წერილი სრულდება „გამამხნევებელი“ ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ქერა ქალების რიცხვის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 2200 წლისთვის დაიბადება „მათი კლასის“ ბოლო წარმომადგენელი… თანაც ფინეთში… მოკლედ, როგორც ჩანს, ნამეტანი არაკეთილისმსურველ გარემოცვაში უწევდათ ცხოვრება მერილინ მონროსა და გრეტა გარბოს, მარლენ დიტრიხსა და ბრიჯიტ ბარდოს, შერონ სტოუნსა და დეზდემონაზე არაფერი რომ აღარა ვთქვათ…

 

ცნობილია, რომ ქერა ქალები ყოველთვის იზიდავდნენ მამაკაცებს… ჯერ კიდევ ქვის ხანიდან დაწყებული… და ეს არ უნდა გვეწყინოს ჩვენ, არაქერებს ან არანატურალურად ქერებს, რადგანაც მანდილოსნების მხოლოდ 2%-ს შეუძლია დაიკვეხნოს ნატურალური ღია ფერის თმით… ხოლო ის, რაც იშვიათია, ყოველთვის უფრო მიმზიდველია… თავად სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტეც ოქროსფერ თმას ატარებდა…

 

გარდა ამისა, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ქალების 90%-ს გაქერავების ერთი მცდელობა მაინც ჰქონიათ ჩადენილი… ესე იგი, არცთუ ისე ცუდი ყოფილა ღია ფერის თმა…

 

თმის გაღიავება ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში დაიწყეს, შემდეგ კი ამ ტრადიციამ რომში გადაინაცვლა… ქერა ქალები განსაკუთრებით მოდაში ყოფილან რენესანსის ეპოქაში… ცნობილია, რომ თმის გასაღიავებლად წყალბადის ზეჟანგი პირველად საფრანგეთის სამეფო კარის დალაქმა გუგომ გამოიყენა, ნაპოლეონ III-ს მეუღლის კიდევ უფრო მეტად გასალამაზებლად.

 

სასიყვარულო თემას რომ მოვეშვათ, ღია თმა ხშირად ხელს უწყობს ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, სამსახურშიც… მაგალითად, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქერათმიან ქალებს უფრო ხშირად უთმობენ გზას და ადგილს… რესტორნებში კლიენტები მეტ თანხებს ჩუქნიან ქერა ოფიციანტებს, სუპერმარკეტებში, ქერათმიან მოლარეებთან ყოველთვის უფრო გრძელი რიგებია, ბავშვებიც უფრო სიამოვნებით ეთამაშებიან ქერა თოჯინებს („ბარბიც“ ხომ შემთხვევით არ არის ქერა).

 

აქვე მინდა, გაგაკვირვოთ, სერიოზული და სოლიდური მარგარეტ ტეტჩერი არც მალავდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, კარიერული კიბის მორიგ საფეხურზე ასვლისას, თითო-თითო ტონით იქერავებდა თმას… ჰილარი კლინტონმაც, პოლიტიკური კარიერის დაწყების წინ, თმა ქერად შეიღება…

 

ერთადერთი ადგილი, სადაც ერიდებიან ქერათმიანი ქალების სამსახურში მიღებას, არის მოხუცებულთა სახლები, თანაც, თავად მათი ბინადრების გამო… თურმე მოხუცები არ ენდობიან ქერა მომვლელებს…

 

ბევრი ვიფიქრე, რატომ…

 

იქნებ, იმიტომ, რომ ასაკში ადამიანი ჭაღარავდება და ეს ცოტა „ქერა პლატინისფერს“ ჩამოჰგავს… მოხუცებს კი უფრო მკაფიო და მუქი ფერები უყვართ და იზიდავთ…

 

ახლა გამახსენდა, ჩემს ბებიას ჰქონდა საოცრად ლამაზი ჭაღარა, მოიასამნისფრო, მაგრამ ჯიუტად ყიდულობდა საღებავს „გამა“ ნომერ 6-ს (ახლაც მახსოვს) და მუქად იღებავდა…

 

ბოლოს მინდა, გაგახსენოთ ერთი ცნობილი ინგლისური გამოთქმა — „ჯენტლმენები უპირატესობას ანიჭებენ ქერა მანდილოსნებს, რადგანაც ქერა მანდილოსნებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რას ანიჭებენ ჯენტლმენები უპირატესობას“…

 

ისე კი, რაღა თქმა უნდა, თმის ფერს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს… თუ ვიღაცას ქერა თმა უყვარს, იყოს ქერა, ვისაც წაბლისფერი იზიდავს, იაროს წაბლისფერმა… ეს ადამიანის პირადი არჩევანია… არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების… თმის შეღებვა, ისევე როგორც თმის შეჭრა და ვარცხნილობის შეცვლა ახალ სტიმულს იძლევა…

 

ერთადერთი, რასაც გირჩევთ - არასდროს ყავისფერ თმაზე წინასწარი გაუფერულების გარეშე არ დაიდოთ რამდენიმე ტონით ღია ფერის საღებავი, თორემ ვარდისფერი გახდებით! გამოცდილი მაქვს პირადად!

 

თანაც მწარედ...

 

მაშინ საელჩოში ვმუშაობდი, მოსკოვში და დილით სერიოზულ შეხვედრაზე ვიყავი დაბარებული... ვიფიქრე, თმას გავიღიავებ-მეთქი... საელჩოში რომ მივედი და ბატონმა ელჩმა დამინახა, იმ შეხვედრაზე არ წამიყვანა, რადგანაც თავად ვერ იკავებდა სიცილს...

 

გისურვებთ ბედნიერ, ხალისიან და ცოტა ქერა დღეს!

 

 

big_banner
არქივი