logo_geo
თინათინ მღვდლიაშვილი - გამოიღვიძე!
- +

1 ივნისი. 2019. 19:21

 

 

გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე!

 

ლექსი ეძღვნება „პანტერას“

 

ჩაგძინებია... ვეღარ ახელ გადაღლილ თვალებს

და გესიზმრება, ალბათ, ცხუმის ტანჯული მიწა...

თამარის ხიდთან ვიღაც სკვითი გიჩეხავს ხარებს

და კოლხურ ცრემლში დაბარბაცებს ლურჯთვალა რიწა.

ვიღაც ურჯულო, ვიღაც ხეპრე გილეწავს კარებს

და რქაწითელის მწიფე მტევნებს გითელავს ჩექმით!..

ატირებული შეაკვდება ბოჩოლა ღამეს

და ვარიაგი გამოძღება გვამით და ლეშით!..

და სისხლიანი ეხეთქება ნაპირი ტალღებს,

და ცხელ ქვიშაზე დახვრეტილი თოლია ფეთქავს...

და მიწისფერი დასდებია ნატყვიარ პალმებს,

და თმაგაშლილი სერაფიმი გლოვის ზარს რეკავს!..

გამოიღვიძე!.. ძოწისფერი ზეიმობს მთვარე

და მკვდარ ბილიკზე ივერიის ღირსება გდია!..

გუშინ, კოდორთან, დაიჭირეს არწივის მართვე

და მამაც შუბლზე დაახალეს რეგვნებმა ტყვია!..

გამოიღვიძე!.. ხატი ოხრავს თეთრი გიორგის,

სიმწრით ღრიალებს საცხოვრისი ქცეული ცეცხლად...

შენ რომ გეძინა, გადაადნეს ზარი ილორის

და აფხაზეთი გაგიყიდეს ოცდაათ ვერცხლად!..

 

თინათინ მღვდლიაშვილი

1994

________________

 

ფოტოზე - ჩემ მიერ გადარჩენილი სოხუმელი „პანტერა“, რომელიც ჭუბერის „სიკვდილის გზით“ ჯერ სამეგრელოში, შემდეგ თბილისში ჩამოსული, დაჭრილი შევიფარე... დედამისი სოხუმში ჩარჩა და დახვრეტილი გვეგონა. საბრალო ქალსაც ეგონა, რომ მისი შვილი დახვრეტილი იყო..

 

მოგვიანებით, დედა-შვილი ჩემს სახლში შეხვდნენ ერთმანეთს... ეს შეხვედრა რომ გენახათ, თმა გაგითეთრდებოდათ! სოხუმელმა მეგობარმა „თუნთია“ დამარქვა სახელად, რაც დათუნიას ნიშნავს. „პანტერა“ ჭუბერის გზას რომ მოარღვევდა, მე საკანში ვყავდი გამომწყვდეული შევარდნაძის დრაკონულ რეჟიმს!..

 

ეს ამბავი ჩემს მოთხრობაშიც, აისახა...

 

ფოტო გადაღებულია აფხაზეთში, რუსეთ-საქართველოს შემზარავი ომის დროს...

 

ქართველების პოეტი - თინათინ მღვდლიაშვილი

_______________

 

გთავაზობთ ნაწყვეტს ჩემი დოკუმენტური მოთხრობიდან „მთელი თბილისი ციხეშია, ანუ ს ა კ ა ნ ი № 7

 

თუნთია

 

ვიწრო და უსაშველოდ მაგარ ბეტონის „საწოლზე“ ვწევარ, სახე რკინის გისოსებზე დათუნიასავით მაქვს მიჭყლეტილი, ჩემი მარჯვენა ხელი კი გისო სებს მიღმა, სივრცეში ჰკიდია... ამ ხელით დაწერილი ლექსების გამო ვარ დაჭერილი, ჩემი შინდისფერი ლექსების გამო... ალბათ, იმ დათუნიას ვგავარ, ოდესღაც ზოოპარკში ტკბილეულს რომ ვაჭმევდი, ოღონდ, მისგან განსხვავებით, მე, შესაძლოა, დამხვრიტონ... არა, კი არ დამხვრიტონ, არამედ აბაზანაში ტყვია დამახალონ, მჟავა გადამასხან და ძლიერი წყლის ჭავლით ქაფად მაქციონ... აკი, დამპირდნენ კიდეც!..

 

მოგვიანებით, ერთი სოხუმელი მეგობარი თუნთიას შემარქმევს, რაც ქართულად დათუნიას ნიშნავს, მაგრამ ეს ნოემბერში მოხდება...

 

ახლა კი ოქტომბერია. მე საკანში ვზივარ, ჩემი სახლკარდაკარგული უცნობი მეგობარი კი ჭუბერის „სიკვდილის გზას“ მოარღვევს... ის დაჭრილი და დაქანცულია. მან ბოლო ტყვიამდე იბრძოლა და გაგრის ალყას სასწაულებრივად დააღწია თავი. მისი ზღვისპირა სახლი რუსებმა, თურქებმა და არმენებმა გადაწვეს, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ და მან არ იცის, რომ ადამიანი, რომელიც დევნილობაში მყოფს შეიფარებს და გადაარჩენს, ამ დროს, საკანშია გამომწყვდეული და, მასავით, სიკვდილს შეჰყურებს თვალებში.

 

ჰო, მე თუნთია მქვია სახელად, უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ვიცი ეს.

 

 

თინათინ მღვდლიაშვილი

 

 

big_banner
არქივი