logo_geo
ამბავი აღმართს შეჭიდებული კაცის ოცნებისა
- +

ავტორი მაია კახიძე

3 ივნისი. 2019. 02:06

 

ძველი თბილისის უკანასკნელ მოჰიკანს, იაკობ ქიტესოვს, კავკასიური ცივილიზაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, ბატონი მამუკა ნაცვალაძე იხსენებსЖ

 

ამბავი აღმართს შეჭიდებული კაცის ოცნებისა

„რამდენიმე დღის წინ, საეკლესიო კალენდრით ახალ წელს, 14 სექტემბერს, სისხამზე, მზე რომ აპირებდა ამოზლაზვნას, ვანიკომ დამირეკა ქიტესოვმა, პაპა აღარ არისო...

 

ნახევარი საათით ადრე, დილის საარის ჟამს არღნის უბადლო ოსტატი, ძველი თბილისის უკანასკნელი მოჰიკანი, 93-ს მიტანებული იაკობ ქიტესოვი მოუკვდა საქართველოს...

 

მარადისობის მწვერვალისაკენ მიმავალ ბილიკს შეუდგა კაცი, რომელიც სიცოცხლეშივე მარადისობად იქცა... იაკობ ქიტესოვის გარდაცვალებით ძალუმი აკორდი დაესვა ძველი თბილისის განუმეორებელ სურათებს, აგრერიგად რომ ალამაზებდა ჭარმაგი მეარღნის დაკრული „აჩაინი სონა“

თუ „არ შაგცივდეს ბარაშკაჯან”, „მარუსია ატრავილას“, „სად შენი და სად იმისი თვალები“...

 

იმ დილას წამიერად მეჩვენა, რომ ბუტაფორიად ქცეულიყო მეფე ვახტანგის ნაკურთხი დედა - თბილისი. მეტეხის ხიდთან ჩიტის ბუდესავით შეფერილი სახლები გარინდებულიყვნენ, სამარისებურად დადუმებულიყო ხარფუხი, აშპაშხანა, კალა, ორთაჭალის ბაღი, აქეთ მეტეხი, იქით - მეჩეთი, ცოტა ზევით, გოლოვინსკისკენ ებრაული სალოცავი - სინაგოგა, იქვე მდგარი გრიგორიანული ეკლესია, ათეშგა...

 

ვერდენის დუქანთან, იქ სადაც პაპა პირველად აკურთხეს ოსტატად, ეშმაკურღიმილიან კინტოს სახე ალეწოდა, ტივზე მოქეიფე ყარაჩოხელების მადლიანი სიტყვა-პასუხიც არ ჭრიდა ყურს...

ქვაფენილზე მოხრიგინე კონკაც გაჩერებულიყო, აღარც ეჟვანშებმული ცხენების ფლოქვთა რითმი ისმოდა, ფაეტონით მოსეირნეებს რომ მატებდა სიამაყესა და თავდაჯერებას...

 

მხოლოდ პაპას არღნიდან იღვრებოდა უხვად ჯადოსნური მელოდიები...

 

ისე ორგანულად არაფერი შერწყმია თბილისს, როგორც ქიტესოვების არღანი, პაპა იაკობის მამამ, დიდმა ვანომ, ცნობილი ჩეხი ნეჩადას მოწაფემ ოდესიდან რომ ჩამოიტანა საქართველოში, შემდეგ რომ გადააკეთა და ქართული ჟღერადობა რომ მისცა ამ ჯადოსნურ ყუთს.

 

სწორედ ქიტესოვების გარჯით იქცა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან თბილისური არღანი ჩვენი ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდ, სავიზიტო ბარათად...

 

უხილავი ძალა მიმანიშნებდა თბილისის ერთგულების ერთადერთი მედლის მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ამ ჩინ-მედლების გარეშეც დაფასებული, უერთგულესი და სულიერად ამაღლებული კაცი, როგორ ამაღლებულიყო კიდევ უფრო და მარადისობის ჭრილიდან, ზეციური საქართველოდან როგორ ეფერებოდა მშობლიურ ქალაქს...

 

იაკობ ქიტესოვი ის კაცი გახლდათ, მედლებს და ორდენებს თავად რომ ალამაზებდა, აკი შინაგანად თავადაც გრძნობდა ამას - რაც ჩინ-მედლები ჰქონდათ, სულ ზედ დამკიდესო, და რაც დამკიდეს, იქა ჰკიდიაო - კედელზე დახვავებული მედლებისაკენ გაიხედავდა ხოლმე მოხუცი...

 

საოცარი დახვედრა იცოდა - ჯიგრიან-ღიმილიანი, სტუმარი მისთვის გამორჩეული კულტი გახლდათ. ჩვენი მოლხენით ხარობდა. ყველაზე მეტად მოსწონდა იმ მარადიულ ფასეულობებს რომ ვეტრფოდით, თავადაც რომ საგანძურად აღიქვამდა, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ერთ ენაზე რომ შეგვეძლო საუბარი და ნახევარ ფრაზაში რომ ვუგებდით ერთმანეთს...

 

არაფერი სჯობდა ძველთბილისური აქცენტით პაპას მოყოლილი ამბების მოსმენას. გასახსენებელს და მოსაყოლს კი აბა რა დალევდა... ხშირად იხსენებდა როგორ გაუკეთა სამი არღანი იოსებ გრიშაშვილს, როგორ გულუხვად უმასპინძლდებოდა მგოსანი, როგორ მიიღეს ამქარში, როგორ მოუწყვეს მოულოდნელი გამოცდა... საოცარი ისტორიებს ყვებოდა ძველ მეარღნეებზე „ახტიბუხტიაზე“, “ჟანგიაზე“ „წიწაკაზე“, „ყრუ ჟორაზე“, ყვებოდა სიყვარულით, უღრმესი პატივისცემის გრძნობით იყო განმსჭვალული მისი ყოველი სიტყვა...

 

პაპა იაკობის არღნის ჰანგების ფონზე სადღეგრძელოც განსაკუთრებული ითქმებოდა და განწყობაც სულ სხვაგვარი იყო, აი ისეთი, ენით აუწერელს რომ ეძახიან... არაერთი ღამე დაგვთენებია ამ სალონური საღამოებისას, დილის საარზეც ერთად გავსულვართ და მზის ამოსვლის სადიდებელიც ერთად გვითქვამს. თვალებში შეგვციცინებდა მოხუცი, რა უნდა გეთხოვა მისთვის, რომ არ შეესრულებინა...

 

იანვარში გაუარესდა მისი ჯანმრთელობა. ნინოობას დააწვინეს არამიანცის მეორე სართულზე, მეშვიდე პალატაში. მე და კახა ცაბაძე ვეწვიეთ სანახავად. ძალიან გაიხარა, მერე ემოციები მოეძალა... მაშინ ახსენა ჩვენთან პირველად სიტყვა სიკვდილი.

 

პაპა ისეთი სიცოცხლისმოყვარული გახლდათ, რომ გვეუცხოვა ასეთი რამ მისგან: დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ, დედაჩემი ნუციკო მესიზმრება ყოველ ღამე და ახლა მივხვდი როგორ მომნატრებია დედაო, - სევდიანად ჩაილაპარაკა თავისთვის...

 

ძნელი იყო მოხუცისგან ამ ფრაზის მოსმენა, დავამშვიდეთ, მაგრამ გაუჭირდა მოძალებული ემოციებს გამკლავებოდა. თვალზე ცრემლი შევნიშნეთ. კიდევ სათქმელი მაქვს თქვენთანო, არღნის დარდი მიმყვებაო, ჩემი და ვანოს გარდა ამ საქმის გამგრძელებელი ქვეყანაზე არავინააო...

 

მერე გაიხსენა, თუ როგორ უყვარდა თავისი არღნით ბარათაშვილის აღმართზე სიარული. ბევრს ეს ჩემი ახირება ეგონა, მაგრამ ეგრე არ იყოო... მერე მიზეზად ისეთი გვითხრა, ძნელი რომ არის დავიწყება. მამაჩემმა ვანომ დამიბარა კაცმა თავისი ცხოვრება მართალ გზაზე უნდა იაროსო, ყველაზე მართალი გზა კი აღმართიაო, ჰოდა მეც მთელი ცხოვრება იმ აღმართზე სიარულით მამაჩემის ანდერძს ვასრულებდიო, - ჩუმად ბუტბუტუბდა პაპა იაკობი.

 

ამასწინათ უთხოვია ვანიკოსთვის ის აღმართი კიდევ ერთხელ ამატარეო. ფეხით ცოტა გაუვლია მოხუცს, სიბერეს თავისი უქნია, ვერ გაუწევია ძველეურად ჭაპანი... მანქანაში ჩამჯდარა და ისე გაუგრძელებია გზა...

 

მერე ქალაქის დათვალიერება მოუსურვებია. სწორედ იქ უნახავს წარწერები - „ხინკლის სახლი“, „ყავის სახლი“... განა არ დაამშვენებდა თბილისს „არღნის სახლი.“.. ვინმემ რომ ეს საქმე ითავოს, ჩვენს ორსართულიანში, სართიჭალის 32-ში, ავლაბარში „არღნის სახლი“ რომ გახსნას, ქალაქსაც გამოადგება და ჩვენი ხელობაც აღარ დაიკარგებაო, - მაშინ უთქვამს პაპას პირველად... მერე ეს ნათქვამი ჩვენც გაგვიმეორა, თან დაამატა - ეს არის ჩემი დარდიცა და ოცნებაცო...

 

...პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარეს ეს მადლიანო კაცი.

 

და კიდევ ერთიც: რამდენიმე წელი გავიდა მისი დაკრძალვიდან და მართლა არ მინდა, ძველი თბილისის უკანასკნელი მოჰიკანის ოცნება მარადიულ ოცნებად დარჩეს...“

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი