logo_geo
ირაკლი კაკაბაძე: ჩემი პასუხი გიგა კობალაძეს...
- +

4 ივნისი. 2019. 03:07

 

 

მწერალი ირაკლი კაკაბაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს გიგა კობალაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი პასუხი გიგა კობალაძეს.

 

რამდენიმე დღის წინ მივიღე ბატონი გიგა კობალაძის მუქარით სავსე წერილი, რომლის მიზეზიც არც კი ვიცი, რა იყო.

 

აი, ეს წერილი:

 

„გაფრთხილება!!!

 

მოგესალმებით,

 

თანდართული დოკუმენტის სახით გიგზავნით საქპატენტის წერილს, დასტურად იმისა, რომ საქართველოში ერთადერთი, კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაცია არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA).

 

როგორც მოგეხსენებათ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, საქპატენტი და იგი უფლებამოსილია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მოითხოვოს ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ საქპატენტის წერილი, თავი შეიკავოთ სხვა არაკანონიერ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისაგან და გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ საავტორო უფლებათა ასოციაციაა უფლებამოსილი, გასცეს ლიცენზია და შეაგროვოს თქვენი კუთვნილი ჰონორარი.

 

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით 2 23 7887

 

პატივისცემით,

გიგა კობალაძე

გამგეობის თავმჯდომარე

 

კოსტავას ქ. 63 თბილისი, 0171, საქართველო

ტელ.: + 995 32 2 23 78 87

contact@gca.ge

 

აი, ჩემი პასუხი ამ წერილს:

 

ბატონო გიგა,

 

როგორც საერთაშორისო პრემიების ლაურეატი ავტორი, მე არანაირად არ მოველოდი ამ საბჭოთა სტილში დაწერილ ავტორიტარულ წერილს, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მაგონებს 1970-იანი წლების საბჭოთა ცენზურის დირექტივას, რომლებსაც მე არასდროს ვასრულებდი არავისგან. მე გახლავართ საერთაშორისო პენ კლუბის წევრი და მისი პრემიის ლაურეატი და ასეთ ტონს ვერ ავიტან ვერც ერთი ორგანიზაციისგან. დროა, ისწავლოთ ავტორებთან ზრდილობიანი ურთიერთობა. უფრო მეტიც - მე თქვენი ასოციაციისგან არანაირი შემოსავალი არ მაქვს მიღებული, როდესაც კარგად ვიცი, რომ თქვენი კორუმპირებული ჯგუფი მილიონებს ატრიალებს. მათ შორის უნდა მოგახსენოთ, რომ მე ვარ გოგი ძოძუაშვილის ცნობილი ჰიტ სიმღერის „Postindustrial Boys“ და კიდევ ბევრი სხვა ტექსტის ავტორი და თქვენი ასოციაციის ხმა არასდროს გამიგია. აგრეთვე ვთანამშრომლობდი წამყვან ქართველ მომღერლებთან - რობი კუხიანიძესთან, ირაკლი ჩარკვიანთან, ქეთათო პოპიაშვილთან, სალომე კორკოტაშვილთან, ანდრია გველესიანთან და გიორგი ცხადაძესთან. ყველა ამ შემსრულებელს ჩემი ტექსტების მიხედვით აქვს შესრულებული სიმღერები. აგრეთვე ვთანამშრომლობდი ცნობილ ამერიკელ ჯაზის მუსიკოსებთან ოლივერ ლეიკთან, რეჯი უორკმენთან, ჯერი ალენთან, და ენდრიუ სირილთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ავტორების ნაშრომების შემოსავალს უსინდისოდ ითვისებთ და მათ არ უხდით, ისევე, როგორც არ მიხდით არც მე და არც კიდევ ბევრ ჩემს მეგობარ მწერალს. ეს არის მწერალთა, მუსიკოსთა და საერთოდ ხელოვანთა უფლებების უხეში დარღვევა. მე ამ თქვენი არაეთიკური გამოხტომის შემდეგ უკვე ვიმსჯელებ ჩემს იურისტთან და დიდი შანსია, რომ საქმე აღვძრა არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო სასამართლოებში ავტორთა უპატივცემლობის საკითხებზე.

 

ჩათვალეთ, რომ მე, როგორც თავისუფალ ხელოვანს - ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს - არანაირი ურთიერთობა არ მაქვს თქვენთან და არანაირად არ გახლავართ თქვენი ავტორიტარულ, ნახევრად საბჭოთა სტრუქტურის წევრი.

 

კარგად ბრძანდებოდეთ,

 

ირაკლი კაკაბაძე

 

საერთაშორისო პენ-ოქსფამის პრემიის ლაურეატი (2009)

 

ამერიკული პენ ცენტრის წევრი

 

ქართული პენ ცენტრის წევრი

 

ლილიან ჰელანის პრემიის ლაურეატი (2007)

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პერსონალური სტენდის მქონე პირველი ქართველი ავტორი (2009)“, - წერს კაკაბაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი