logo_geo
1930 წლის 11 ივნისს მორის ფოცხიშვილი დაიბადა
- +

11 ივნისი. 2019. 15:43

 

 

„...ივერიას გაშლილი აქვს ფრთები,

სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ

და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით

მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!!“

 

1930 წლის 11 ივნისს თბილისში დაიბადა სახელოვანი ქართველი პოეტი და მთარგმნელი, უამრავი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი სიმღერების ტექსტების ავტორი, საპატიო თბილისელი და თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, სახე და სიმბოლო მორის ფოცხიშვილი... ჩემი თაობის ყველა თანამოქალაქეს ემახსოვრება ჩვენ-რომ-გვიყვარდა-იმ რიყეზე მოსეირნე ფაეტონი და იქ მსხდომი მორის ფოცხიშვილი, გიორგი ცაბაძე, ბუბა კიკაბიძე და მეფაეტონე...

 

„...ძველი თბილისი ისევ მიგონებს,

ნისლივით ჩნდება დარდი...“

 

ეჰ, ბატონო მორის... დარდს რა გამოულევს ძველ თბილისსა და რიყეს, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს იმ საოცრებას, თქვენ რომ უმღერდით...

 

მორის ფოცხიშვილი და გიორგი ცაბაძე განუმეორებელი ტანდემი იყო და რაც მეტი დრო გადის, მათ მიერ შექმნილი სიმღერები მით უფრო მძლავრ ემოციებს და ძვრებს იწვევს ქართველი ადამიანის სულში, რადგან იმ თაობასთან ერთად წავიდა მთელი ეპოქა და, სამწუხაროდ, მათი „ჩამნაცვლებლები“ თითქმის არც კი მოჩანან ჰორიზონტზე...

 

მართალია, მორის ფოცხიშვილმა საბჭოთა პერიოდში დაიწყო მოღვაწეობა, მაგრამ ცენზურაგაპარულ ქვეტექსტებს მის არაერთ ლექსში ამოიკითხავთ:

 

„ხმას არ იღებს. გულში ფიქრობს ერია თუ ბერია, -

„მაშინ რაღაც მაინც იყო, ახლა არაფერია!“...

„ზოგი ძველ დროს ვერ ელევა, როგორც კუთვნილ კერიას, -

ცუდიც ბევრი იყო, მაგრამ კარგიც ბევრი ერია!“

იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, ცოტაა თუ ბევრია, -

„მაშინ არაფერი იყო, ახლაც არაფერია!“

 

და აქვე გაგახსენებთ ბატონი მორისის „ანათემას“, რომელიც „საბჭოური“ პერიოდის 9 აპრილის ტრაგედიას ეხმიანება (მაგრამ და სამწუხაროდ... მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ლექსი ზედ „აკვდება“ ე.წ. „ვარდების“ პერიოდის 26 მაისსაც):

 

„ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,

მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, –

მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,

სისხლი დალია და დამშვიდდა...“

„...ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,

მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, –

ისე არ მოკვდება საქართველო,

დედა არ უტიროს ჯალათებს!“

 

და აქვე გაგახსენებთ ბატონი მორისის ლექს-შეძახილს „თვითგვემა“... რა საოცარი სათაურია „თვითგვემა“... ესაა ერთგვარი ლექსი-გაფრთხილება, ლექსი-შეგონება, ქართველის თვით-გვემა, რომელიც შენს „რაღაც“ ნაკლზე მიგითითებს და ნამუსზე გაგდებს:

 

„არც რა ტყვიით, არც რა შხამით,

დუმილითაც შეგიძლია გამთელო, -

ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს,

რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო!“

 

მორის ფოცხიშვილი გარდაიცვალა 1997 წელს. „უკანასკნელი ყარაჩოხელი“ დაემშვიდობა საყვარელ თბილისს და საქართველოს უძველესი დედაქალაქის - მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში „დასახლდა“...

 

და... ამ სტატუსს კვლავ პოეტის საოცარი „ცისფერი ეპიტაფიით“ დავასრულებ:

 

„მეც მაშინებდნენ სიკვდილით ერთ დროს,

ო, უნდა მენდო, ჯვარი გწერია,

მანდ გეშინოდეს, თორემ აქ ახლა

საშიში სულაც არაფერია!“

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი