logo_geo
1929 წლის 10 ივნისს მერაბ ბერძენიშვილი დაიბადა
- +

10 ივნისი. 2019. 15:51

 

 

„ქმნილება შემქმნელს იმეორებს ხშირად და მალმალ,

მხატვარს მისივე ნახელავი გასცემს ანაზდად:

ნაწერი ამხელს გადამწერის ანაბანას და

ოსტატის სულის მოძრაობა – ქვასა და მარმარს...“

 

დღევანდელ იუბილართან დაკავშირებით მისდაუნებურად „ამომიფრინდა“ ჯემალ აჯიაშვილის თარგმნილი მიქელანჯელოს ეს სონეტი, რადგან დღეს მთასავით კაცის, დიდი ხელოვანის და საამაყო მამულიშვილის დაბადების დღეა.

 

1929 წლის 10 ივნისს დაიბადა დიდი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, პროფესორი მერაბ ბერძენიშვილი. ბატონი მერაბის ყველა ნამუშევარს არ ჩამოვთვლი, მაგრამ რამდენიმეს ნამდვილად გამოვყოფ... ნამუშევრების ფოტოებს დავხედე თუ არა, თითოეულ მათგანზე კონკრეტული ლექსი ამომიტივტივდა... მოდით, ერთად გავიხსენოთ დიდი მოქანდაკისა და დიდი პოეტების შემოქმედება:

 

ვერ წარმომიდგენია თბილისი მერაბ ბერძენიშვილის „დავით გურამიშვილის“, ხოლო ქართული პოეზია სიმონ ჩიქოვანის დავითისადმი მიძღვნილი ლექსების გარეშე:

 

„სანთელივით ცად აწვდილო დავით, შენ გოდებდი ასტრახანში ღამით.

ქართლის ჭირით გადაიწვა ლამის, სიხარული ვერ შეიპყარ წამით....“

 

„წეროს დარად წიგნში მდგარი

ლოცულობ და მოსთქვამ კიდეც.

სოველი და ნაწვიმარი

გლოვას ვეღარ განერიდე...“

 

მერაბ ბერძენიშვილის „მუზა“ თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და არ შემიძლია არ გაგახსენოთ დიდი გალაკტიონის:

 

„შუაღამისას მუზა ფრენდა ცისა სივრცეზე,

ვარსკვლავთ მანტია დახვეოდა ტიტველა მკერდზე,

მთვარე თავს ხრიდა იმის ნარნარ, მწუხარე ხმებზე,

სევდა-ნაღველი სრიალებდა მის ნაზს სახეზე....“

 

აქვე გაგახსენებთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბედის მქონე მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ძეგლს კასპში და დიდი ვაჟას ლექსს:

 

„...ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ

- კარგის დაღუპვა რად გვენატრება...

ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,

არ გეკადრება, არ გეკადრება!..“

 

კარგად მახსოვს, როგორ გაიხსნა მარნეულში მერაბ ბერძენიშვილის სასწაული „კიდევაც დაიზრდებიან“ და ტანშიგამცრელი ხალხური ლექსიც კარგად მახსოვს:

 

„...თქვენი ჯერია, ბიჭებო, ხელი დაიდოთ ხმალზედა,

თორემ ყორნები ძღებიან წინაპართ ნაომარზედა...“

 

ჩვენს ულამაზეს და ცასავით გადაშლილ ბიჭვინთაში ჩასულ ჩემს თაობას არასოდეს დაავიწყდება დიდი მოქანდაკის „მედეა“ და აქვე შეგახსენებთ იოსებ ნონეშვილის ლექსს:

 

„წვიმს, ალბათ ეს შენ ხარ ცრემლებად დაძრული

და გინდა არც გაიდარო…

კოლხეთის ყველაზე ლამაზო ასულო,

ჩემო დატანჯულო დაო...“

 

გურჯაანში ჩასული სტუმარი ვერასოდეს აუვლის გვერდს მერაბ ბერძენიშვილის „ჯარისკაცის მამას“ და რეზო ჩხეიძის ლეგენდარულ ფილმთან ერთად, აუცილებლად გაახსენდება გიორგი ლეონიძის სულისშემძვრელი სიტყვები:

 

„...დედის ცრემლების სანაცვლოდ

გასველებს ღამის ნაწვიმი,

ნაქროლი საქართველოდან,

ფრთას დაგაბერტყავს არწივი!...“

 

არაერთხელ მინახავს მოსკოვში „წარგზავნილი“ დიდი „შოთა რუსთაველის“ ძეგლი... და აქვე გაგახსენებთ დიდი გოგლას ლექსს:

 

„უთენებელი ბნელეთის შენ ერთი გვყავდი მთეველი;

სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს, შენ დაგვრჩი წაურთმეველი!“

 

და... კვლავ თბილისი.... და ფიქრები...

 

მახსოვს, ერთმა უსუსურმა და ტვინნაღრძობმა კაცუნამ, თავისი მოკლე და ცანცარა ჭკუით, შური იძია საქართველოს ისტორიაზე და ბატონ მერაბზე და თბილისის ცენტრიდან ამოგლიჯა და „გააგდო“ საქართველოს უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი... აუ, ანა კალანდაძის სიტყვებს მოუსმინეთ:

 

„...ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები

ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს?

გასწიე იგი „ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“...

 

იმავე მშიშარა კაცუნამ „დავითით“ დასჯა არ აკმარა ბატონ მერაბს და ბოლომდე ლახვარი ჩასცა დიდოსტატს...

 

2009 წლის 19 დეკემბერს, როდესაც საქართველო წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღის საზეიმოდ ემზადებოდა, კაცუნას ბრძანებით უმოწყალოდ და დაუნდობლად ააფეთქეს ქუთაისის ერთ-ერთი მშვენება „დიდების მემორიალი“... მადლობის მაგიერ კაცს პირდაპირ უთხრეს, შენი არც „დავით აღმაშენებელი“ გვინდა და არც „დიდებაო“... იმ მართლაც უღმერთო ხელისუფალმა „დიდებაც“ ააფეთქა და დედა-შვილიც გაისტუმრა იმ ქვეყნად... დავით გურამიშვილის „დანატირი“ გამახსენდა: „დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!“

 

ისიც კარგად მახსოვს, როგორი გაყუჩებული შეხვდა ქუთაისი იმ საზარელ ფაქტს... სამაგიეროდ დღეს.... თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა...

 

მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა 2016 წელს. დიდი ხელოვანი ისეთი გულმოკლული და დარდიანი „წავიდა“ იმქვეყნად, რომ შემოქმედის იმგვარად გაწირვის სხვა მაგალითი არც კი მახსენდება ამ წუთებში. თუმცა... მართალია, „დიდების მემორიალი“ აუფეთქეს, მაგრამ დიდი მოქანდაკის დიდებას ვერაფერი დააკლეს...

 

და კვლავ მიქელანჯელოს სონეტით დავასრულებ:

 

„მიწისთვის ერთკერძ მუშაკობენ მხეცნი და კაცნი

და როცა სული მეუფისა ცისკენ გვეწევა, –

ქვის ქმნილებაში იკვეთება და იძერწება

უზენაესის ჩანაფიქრი, შრომა და ღვაწლი.“

 

P.S. მინდა, ამ სტატუსით ერთგვარად მივესიყვარულო ბატონი მერაბის ულამაზეს მეუღლეს ქალბატონ კირა მიქელაძეს, ქალს, რომლის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა...

 

კარგად მახსოვს, როგორ „გაანათებდა“ ხოლმე უცხო ენათა ინსტიტუტს ეს მშვენიერი ქალბატონი.

 

ქალბატონო კირა, გილოცავთ ბატონი მერაბის დაბადების დღეს!

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი