logo_geo
1784 წლის 8 ივნისს მარი-ანტუან კარემი დაიბადა
- +

11 ივნისი. 2019. 16:32

 

 

„მაქვს კეთილშობილი ამბიცია, რომ მოვიპოვო არა ფული, არამედ დიდება“.

 

დღეს გაგახსენებთ კიდევ ერთ ძალზე საინტერესო პიროვნებას, რომელიც პირდაპირ თუ არა, ირიბი „გზებით“ მაინც უკავშირდება საქართველოს...

 

1784 წლის 8 ივნისს პარიზში დაიბადა მარი-ანტუან კარემი, რომელსაც სახელი დედოფალ მარია-ანტუანეტას პატივსაცემად დაარქვეს. საფრანგეთის რევოლუციის დაწყებისთანავე ბიჭუნას სახელი შეუცვალეს და ანტონინი შეარქვეს. მომავალში ანტონინი მსოფლიოში ცნობილი მზარეული გახდა და ისტორიაში შევიდა როგორც საფრანგეთის და (ალბათ) იმდროინდელი მსოფლიოს კულისებსმიღმა პოლიტიკის ბედის გამგებლის ტალეირანის მზარეული, რის გამოც მისი სამზარეულო ფრანგული დიპლომატიის ავანგარდში აღმოჩნდა. ამასთან, ანტონინ კარემი იყო ნაპოლეონის, გეორგ IV-ის, ალექსანდრე I-ის, როტშილდებისა და სხვა ისტორიული პირების შეფ-მზარეული და ჩვენი საყვარელი ნუგბარის - ეკლერის ავტორი. ანტონინ კარემს დამსახურებულად უწოდეს მეფეთა მზარეული და მზარეულთა მეფე.

 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანტონინ კარემი მსახურობდა სანქტ-პეტერბურგში, იმპერატორ ალექსანდრე I-ის სასახლეში, სადაც იგი დიდი მხედართმთავრის, ინფანტერიის გენერლის და 1812 წლის ომის გმირის, თავად პეტრე ბაგრატიონის ქვრივის ეკატერინა ბაგრატიონის მიწვევით ჩავიდა. 1819-1920 წლებში, უკვე პარიზში ცხოვრებისას, კარემი ბაგრატიონის ქვრივის პირადი მზარეულიც იყო.

 

მარი-ანტუან კარემმა რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ხუთტომეული „ფრანგული სამზარეულოს ხელოვნება“. ვისაც ფრანგული სამზარეულო მოსწონს, იგი ვერაფრით აუვლის გვერდს კარემის სახელს. კარემი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ცნობილი სასახლეებისა და ანტიკური ძეგლების ფორმის ბისკვიტების ცხობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ტალეირანთან 12-წლიანი მუშაობის განმავლობაში კარემს ისე ჰქონდა შედგენილი ერთ წლის მენიუ, რომ არც ერთი კერძი არ მეორდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კერძებსა და საკონდიტრო ნაწარმში კარემი იყენებდა მხოლოდ სეზონურ პროდუქტებს. მრავალ სხვა დამსახურებასთან ერთად, სწორედ კარემმა გააცნო სრულიად ევროპას რუსული ხიზილალა და ბორშის და ზუთხის მომზადების საიდუმლო, ხოლო დიპლომატები, მეფეები და არისტოკრატია დაარწმუნა, რომ წარმატების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კარგი მზარეულის ყოლას. საკონდიტრო ხელოვნებას კარემი ქიმიურ პროცესს ადრიდა, ხოლო კულინარიას მეცნიერების ერთ-ერთ დარგად განიხილავდა. იგი იყო პირველი, ვინც დაიწყო კერძების რეცეპტებში ინგრედიენტების ზუსტი რაოდენობების მითითება. როგორც ზევით მოგახსენეთ, კარემი ითვლება „ეკლერის“ მამად და სწორედ მან მისცა ნამცხვარს წაგრძელებული თითის ფორმა, რომელიც დატენილი იყო ვანილის, შოკოლადის ან ყავის უფუმფულესი კრემით.

 

49 წლის ანტონინ კარემი გარდაიცვალა 1833 წელს. ამბობენ, რომ მისი ნაადრევი სიკვდილი მისმა პროფესიამ გამოიწვია. იგი ქურასთან მრავალსაათიანი დგომის შედეგად მოიწამლა და ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ იგი მორიგ რეცეპტს კარნახობდა ქალიშვილს.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი