logo_geo
1826 წლის 1 ივნისს კარლ ბეხშტეინი დაიბადა
- +

1 ივნისი. 2019. 17:21

 

 

1826 წლის 1 ივნისს დაიბადა მსოფლიოში ერთ-ერთი უცნობილესი ფორტეპიანოს „C. Bechstein“-ის შემქმნელი, უდიდესი კომპანიისა და წარმოების დამფუძნებელი კარლ ბეხშტეინი. იგი სწავლობდა და მუშაობდა ინგლისსა და საფრანგეთში, სადაც დაეუფლა ფორტეპიანოს წარმოების ტექნიკას და ნამდვილ ოსტატად ჩამოყალიბდა.

 

1853 წელს კარლ ბეხშტეინი ბერლინში დასახლდა, იქვე დააფუძნა მისივე სახელობის პირველი ფირმა და დაიწყო „ბეხშტეინის“ ფორტეპიანოს წარმოება. მისი ფირმის პიანინოსა და როიალზე დიდი მოთხოვნა იყო. ბეხშტეინს ინსტრუმენტის დამზადებას უკვეთდნენ მსოფლიოში ცნობილი პიანისტები და მუსიკოსები, მათ შორის ფერენც ლისტი და ჰანს ფონ ბიულოვი, კლოდ დებიუსი და ფერუჩო ბუზონი. ბელკანტოსთვის დამახასიათებელი და თბილი ჟღერადობის წყალობით ბეხშტეინის ინსტრუმენტები გაჩნდა არა მხოლოდ უდიდეს საკონცერტო დარბაზებში, არამედ უამრავი სახელმწიფოს სამეფო და არისტოკრატულ ოჯახებში და ცნობილი პიროვნებების კერძო კოლექციებში. სულ ცოტა ხანში - „Blüthner“-სა და „Steinway & Sons“-თან ერთად, «C. Bechstein» დამსახურებულად შევიდა ფორტეპიანოს მწარმოებელ მსოფლიოს ლიდერ ფირმათა სამეულში.

 

1885 წელს კარლ ბეხშტეინმა გამოუშვა როიალი, რომელიც მოვარაყებული იყო ოქროთი. იგი დაიდგა დედოფალ ვიქტორიას ბუკინგემის სასახლეში. ბეხშტეინის არაერთი ფორტეპიანო დღესაც დგას ბრიტანეთის სხვა სამეფო რეზიდენციებში და სხვადასხვა სახელმწიფოში დიდი ბრიტანეთის საელჩოებში.

 

კარლ ბეხშტეინი გარდაიცვალა 1900 წელს.

 

არ შემიძლია, ბეხშტეინის იუბილესთან დაკავშირებით არ გავიხსენო უნიჭიერესი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც მისი პედაგოგის - გენიალური ელისო ვირსალაძის მიწვევით, ჯერ მიუნხენში სწავლობდა, შემდეგ კი ჯერომ როუზის მოწაფე გახდა ნიუ-იორკში. დღეს დუდანა გერმანიაში ცხოვრობს და მრავალმხრივ საქმიანობას ეწევა. ამასთან, დუდანა არაერთხელ გახდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და დღესაც წარმატებით „იპყრობს“ მსოფლიოს უდიდეს სცენებს. თვით ყველაზე სიტყვაძუნწი კრიტიკოსების შეფასებითაც კი, დუდანა მაზმანიშვილი ვირტუოზი შემსრულებელია. მსოფლიო ხელოვნებაში შეტანილი ქართული წვლილით ისედაც განებივრებული და სიამაყით „გაბერილი“ ქართველები, ამგვარ ინფორმაციას აღმაფრენით ვხვდებით.

 

2013 წელს კომპანია „C. Bechstein“-მა გამოუშვა მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესი და უნიკალური როიალი „Golden Grand Piano“, რომელიც კომპანიის 160-ე წლისთავს მიეძღვნა. სალონური როიალიდან იფრქვევა არა მხოლოდ საოცარი ჰანგები, არამედ „სამეფო“ აურა, რადგან იგი მოვარაყებულია ოქროთი და დაფარულია ფილიგრანული ჩუქურთმებით. როიალის კორპუსზე „ბრწყინავს“ ფრანგი მხატვრის ანტუან ვატტოს სტილში შექმნილი ფერწერა.

 

2013 წელს „ოქროს როიალის“ საპატიო წარდგენა წილად ხვდა ჩვენს ქართველ პიანისტს დუდანა მაზმანიშვილს. სწორედ დუდანას დამსახურებით შეძლო დამსწრე საზოგადოებამ, შეეფასებინა უნიკალური ფორტეპიანოს მართლაც და შეუდარებელი ჟღერადობა.

 

ფოტოზე აღბეჭდილია დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც ბეხშტეინის „Golden Grand Piano“-ზე უკრავს.

ბრავო, დუდანა!

ბრავო, „ბეხშტეინ“.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

big_banner
არქივი