logo_geo
1892 წლის 8 ივნისს სერგეი ტრეტიაკოვი დაიბადა
- +

8 ივნისი. 2019. 17:52

 

 

1892 წლის 8 ივნისს ლიტვაში დაიბადა ძალიან საინტერესო პიროვნება, ცნობილი პოეტი-ფუტურისტი, სცენარისტი, დრამატურგი, მთარგმნელი და ბალიტიისპირეთის სულივით თავისუფალი ადამიანი სერგეი ტრეტიაკოვი, რომელმაც შესამჩნევი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის კულტურაზე. ბევრმა ქართველმა, ალბათ, არც კი იცის, რომ 1927-31 წლებში სერგეი ტრეტიაკოვი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს კინოსტუდიასთან. იგი იყო არაერთი დიდი ქართველი რეჟისორის ცნობილი ფილმების სცენარის ავტორი, რომელთა შორის იყო მიხეილ ჭიაურელის ფილმი „ხაბარდა“, ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო“, მიხეილ კალატოზიშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“), რომელიც გადაღებულია 1930 წელს - უშგულში. ფილმის სცენარში სერგეი ტრეტიაკოვმა ზუსტად აღწერა სვანური თემის ცხოვრება მაღალმთიან უშგულში, რომელიც, გარესამყაროდან მოწყვეტილი, თემის კანონებით ცხოვრობს და უამრავ სირთულესთან ერთად მარილის დეფიციტსაც განიცდის, რომლის მოსაპოვებლად უამრავი ადამიანი იღუპება ბარში ჩასვლისას.

 

1923 წელს სერგეი ტრეტიაკოვი დაუმეგობრდა ვლადიმერ მაიაკოვსკის და გახდა „ხელოვნების მემარცხენე ფრონტის“ (ЛЕФ) წევრი. ალ. როდჩენკოს, ვადიმ შერშენევიჩის და ველიმირ ხლებნიკოვის გავლენით იგი გახდა ფუტურისტების ჯგუფის აქტიური წევრი. მოსკოვში მის პიესებსა და სცენარებზე იქმნებოდა უდიდესი რეჟისორების - მეიერხოლდისა და ეიზენშტეინის შედევრები. სერგეი ტრეტიაკოვი პერიოდულად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვლადივოსტოკში, პეკინში, ხარბინში, ჩიტაში... დედით გერმანელი ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. 1931 წელს სერგეი ტრეტიაკოვმა წაიკითხა ლექციათა კურსი და მოხსენებები ავსტრიასა და გერმანიაში და სწორედ იმ დროს დაუმეგობრდა უდიდეს გერმანელ თეატრალურ რეჟისორს ერვინ პისკატორს და მწერალსა და დრამატურგს ბერტოლდ ბრეხტს. სერგეი ტრეტიაკოვი იყო პირველი, ვინც ბრეხტი თარგმნა რუსულ ენაზე. ამასთან, იგი იყო ფაქტოგრაფიის იდეის მომხრე და პროპაგანდისტი, რამაც გავლენა იქონია დასავლურ ხელოვნებაზე. სწორედ სერგეი ტრეტიაკოვი ითვლება „რეპორტაჟის ხელოვნების“ სულის ჩამდგმელად და ეს სტილი გამოკვეთილად ჩანს ბერტოლდ ბრეხტის შემოქმედებაში. მთარგმნელობითი საქმიანობის პარალელურად სერგეი ტრეტიაკოვი წერდა და აქვეყნებდა ლექსებს, პუბლიცისტურ წერილებს და სცენარებს და თითქმის არასოდეს ღალატობდა ავანგარდიზმის ერთ-ერთი რადიკალური ფორმის - ფუტურიზმის პრინციპებს.

1937 წელს სერგეი ტრეტიაკოვი დააპატიმრეს როგორც იაპონიის ჯაშუში და დახვრიტეს. ამასთან დაკავშირებით ბერტოლდ ბრეხტი დაწერს: „ჩემი მასწავლებელი ტრეტიაკოვი იყო უზარმაზარი და მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც სახალხო სასამართლოს განჩინებით დახვრიტეს - როგორც ჯაშუში. მისი სახელი შერისხულია, მისი წიგნები კი - განადგურებული.“

 

ამ სტატუსს სერგეი ტრეტიაკოვის ლექსით „ცვილის სანთლით“ დავასრულებ:

 

„Со святыми упокой! Кадило воздух проломило.

Вместо лиц платки носовые. Шарят горбатые люди.

Исайя ликуй! ...“

 

1956 წელს მოხდა სერგეი ტრეტიაკოვის რეაბილიტაცია.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი