logo_geo
1804 წლის 1 ივნისს კომპოზიტორი მიხაილ გლინკა დაიბადა
- +

1 ივნისი. 2019. 18:48

 

 

„Не пой, красавица, при мне

Ты песен Грузии печальной:

Напоминают мне они

Другую жизнь и берег дальный...“

 

ეს დიდებული ლექსი პუშკინმა მიუძღვნა ულამაზეს ანნა ალენინა-ანდროს, რომელსაც გარკვეული ხანი ეტრფოდა. ამავე ლექსზე შეიქმნა ჩვენი დღევანდელი იუბილარის ცნობილი რომანსი, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მომღერლები ასრულებდნენ.

 

1804 წლის 1 ივნისს დაიბადა უდიდესი კომპოზიტორი მიხაილ გლინკა, „რუსული მუსიკის პუშკინი“, რომელმაც საფუძველი დაუდო რუსულ კლასიკურ მუსიკას. მას ეკუთვნის ოპერები „ივან სუსანინი“ („სიცოცხლე მეფისთვის“), „რუსლან და ლუდმილა“, მრავალი სიმფონია, ათასობით რომანსი და სიმღერა...

მიხაილ გლინკა პუშკინის ლექსის ადრესატის - ანნა ალენინას მუსიკის მასწავლებელი იყო. ანნა კარგად მღეროდა და ერთხელაც, მისდაუნებურად, გრიბოედოვისგან მოსმენილი ქართული მუსიკის თემა წაიმღერა, რომელიც გლინკამ წარმატებით გამოიყენა პუშკინის ამ ლექსზე შექმნილ რომანსში. აქვე გეტყვით, რომ პუშკინის ეს ლექსი ჟღერს დიდი სერგეი რახმანინოვის რომანსშიც, რომელსაც შეუდარებლად ასრულებდა უდიდესი ბარიტონი დმიტრი ხვოროსტოვსკი.

 

გლინკა და პუშკინი ცხოვრებაშიც მეგობრობდნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთხელ... მათ შორის ერთმა ქალბატონმა „ჩაიარა“ და... ეს სულ სხვა ისტორიაა...

 

1823 წელს მიხაილ გლინკამ იმოგზაურა კავკასიაში და ამბობენ, რომ საქართველოშიც შემოიარა. მოგზაურობისას იგი სწავლობდა თითოეული კუთხის მუსიკალურ ტრადიციებს და იმახსოვრებდა ყველაფერს, რაც, როგორც კომპოზიტორს, მომავალი ნაწარმოებების შექმნისას „წაადგებოდა“. იგი ყურადღებით გაეცნო კავკასიის ხალხების მუსიკალურ შემოქმედებას და სწორედ იქ ნანახი და მოსმენილი გამოიყენა ოპერა „რუსლან და ლუდმილას“ „ლეკურში“, რითიც ერთგვარად უკვდავყო მთიელი ხალხების თვითმყოფადობა, კოლორიტი და მუსიკალური შემოქმედების მდიდარი პალიტრა. თუ ოპერის იმ ეპიზოდს კარგად დააკვირდებით, ადვილად დაინახავთ ჩვენი საამაყო ცეკვა „ქართულის“ ელემენტებსაც.

 

გლინკას არცთუ ისე დალხენილი ურთიერთობა ჰქონდა ქალებთან. გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე იგი დაქორწინდა, მაგრამ იმ ქალთან საერთო ვერაფერი იპოვა... ქალს არ უყვარდა მუსიკა... იმავე პერიოდში გლინკას თავდავიწყებით შეუყვარდა პუშკინის ერთ-ერთი მუზის - ანნა კერნის ქალიშვილი ეკატერინა კერნი. მალე კაწენკა დაფეხმძიმდა. იმ დროს განქორწინებას წლები სჭირდებოდა, რადგან საკითხს სინოდი განიხილავდა. თან კომპოზიტორის დედა, რომელიც 40 წელს მიღწეულ გლინკას სიცოცხლეს ერჩივნა, უკანონო ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. ამიტომ მიხაილმა კაწენკას აბორტის გაკეთება ურჩია და... როგორც ჩანს, ერთადერთი ქალი, ვინც კომპოზიტორს უპირობოდ და უკანდაუხედავად უყვარდა, იყო დედა, რომლის გარდაცვალებამაც კომპოზიტორზე იმდენად იმოქმედა, რომ ხელი წაერთვა და კარგა ხანს დეპრესიაში იყო. როდესაც გლინკა და მისი მეუღლე განაქორწინეს, კაწენკა უკვე სხვას ეკუთვნოდა... იგი აღარ იყო ის „თამრო“... აღარც გლინკა გლინკობდა... იგი სრულიად მარტოხელა დარჩა. მიუხედავად ამისა, კომპოზიტორი კვლავ ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ ამ ერთგვარმა მოხეტიალე მუსიკოსმა შვება ვერსად და ვერავისთან პოვა.

 

1857 წელს, ბერლინში ყოფნისას, 52 წლის მიხაილ გლინკა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. იგი იქვე დაკრძალეს. იმავე წელს, უმცროსი დის - ლუდმილას დაჟინებული მოთხოვნით, კომპოზიტორი სანქტ-პეტერბურგში გადმოასვენეს. ყუთს, რომლითაც დიდი კომპოზიტორის ნეშტი მოჰქონდათ, ზევიდან ეწერა „ფაიფური“, რათა „შიგთავსი“ დაზიანებისგან დაეცვათ. ეს წარწერაც კი სიმბოლური აღმოჩნდა... ყველას გაახსენდა მეგობრის მიერ გლინკას გვარზე დაწერილი კალამბური:

 

„...Веселися, Русь! наш Глинка —

Уж не Глинка, а фарфор!“

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი