logo_geo
1953 წლის 14 ივნისს ნატო ვაჩნაძე თავის დაბადების დღეს გამოფრინდა მოსკოვიდან... თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა...
- +

14 ივნისი. 2019. 18:35

 

სწორედ ამ დღეს, 1904 წლის 14 ივნისს, ქალაქ ვარშავაში დაიბადა ქალბატონი ნატო ვაჩნაძე, რომელსაც ცოტათი მაინც თუ შეგადარებდნენ, ესე იგი ძალიან-ძალიან უყვარდით.

 

იმიტომ, ის იყო შეუდარებელი...

 

მე ბებიაჩემის, ალექსანდრა ბარათაშვილის გემოვნებას ვენდობი და ასე მომიყვა, ცხოვრებაში ერთხელ ვნახეო - ეტლში ჯდებოდაო და იმ ეტლს გავეკიდე, ისეთი საოცრად ლამაზი იყოო...

 

სხვათაშორის, ბებიას და ნატოს ცხოვრების ისტორია კიდევ ერთი პატარა ფაქტით ჰგავდა ერთმანეთს... ალექსანდრას ფოტო ჭიათურაში ჩამოსულმა ვანიჩკა ანჯაფარიძემ ნახა ფოტოატელიეში და ცხენებით ააჭრა ბუნიკაურში, ცოლად რომ მოეყვანა...

 

ნატოს სურათი კი ცნობილმა რეჟისორმა, ამო ბეკ-ნაზაროვმა რუსთაველის გამზირზე შიხმანის ცნობილი ფოტოატელიეს ვიტრინაში შეამჩნია...

 

მერე ნატო აღმოაჩინეს ლამაზ გურჯაანში და საერთოდ არ აპირებდა კინოებში გადაღებას, მაგრამ გაიტაცეს.

 

ამ ლამაზი ქალის ცხოვრებას ყოველთვის ლამაზი ანგელოზები დაჰყვებოდნენ თან...

 

სხვანაირად არც შეიძლებოდა...

 

პირველი ქორწინება ხანმოკლე ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავ მერაბ ვაჩნაძეზე...

 

მეორე ქორწინება თავად თბილისში ჩამოსულმა ვლადიმერ მაიაკოვსკიმ დაუდასტურა...

 

მისი შემოქმედებითი საღამო იყო და ნატომ და ნიკოლოზ შენგელაიამ დაიგვიანეს...

 

მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა - რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო… და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა, ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს.

 

მერე კი გაჩნდნენ ელდარ და გიორგი შენგელაიები...

 

მართლა კარგი ბიჭი იყო ეს მაიაკოვსკი...

 

ნატოს მესამე სიყვარული, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, მეზღვაური ანატოლი კაჭარავა იყო.

 

საოცარი კაცი, ბევრი რამე ჰქონდა გამოვლილი, ასეთ ფერიასავით ქალბატონთან შეხვედრამდე...

 

მათ 1952 წლის შემოდგომაზე შექმნეს ოჯახი.

 

1953 წლის 14 ივნისს კი, ნატო თავის დაბადების დღეს გამოფრინდა მოსკოვიდან... სასწაულია, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიურ სოფელ ობუჯთან ახლოს განიცადა.

 

მიზეზად უამინდობა დასახელდა.

 

მე ორი ადამიანი ვიცი, ვინც გარდაიცვალა თავის დაბადების დღეს...

 

ერთი შესანიშნავი ნატო ვაჩნაძე და მეორე - ჩემი ზურიკო, ისიც შესანიშნავი...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი