logo_geo
1890 წლის 12 ივნისს ავსტრიელი ფერმწერი და გრაფიკოსი ეგონ შილე დაიბადა
- +

15 ივნისი. 2019. 18:22

 

 

ამ „სხვანაირ“ მხატვარზე ბევრჯერ დავწერე, მაგრამ მომინდა, რომ დღესაც გავიხსენო და მისი ის ნამუშევრები წარმოგიდგინოთ, რომელთა გამოც მას სრულიად დამსახურებულად „აბრალებდნენ“ ვან გოგის გავლენას... ან რა გასაკვირია? შემოქმედებითი გზის დასაწყისში თითქმის ყველა ხელოვანი განიცდიდა და განიცდის ვინმეს, განსაკუთრებით კი მისთვის სამაგალითო შემოქმედის, გავლენას, ამიტომ ბუნებრივად მეჩვენება, რომ ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმაც არ უღალატა ხსენებულ „ტენდენციას“. მოკლედ...

 

1890 წლის 12 ივნისს დაიბადა უდიდესი ავსტრიელი ფერმწერი და გრაფიკოსი ეგონ შილე, რომელსაც შვილისეული სიყვარულით უყვარდა გუსტავ კლიმტი, რომელმაც ყველასთვის უცნობ ბიჭუნას ფართოდ გაუღო კარები ხელოვნების სამყაროში. ასე იყო, თუ ისე, 17 წლის ეგონ შილე უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი გახდა. როგორც ზევით მოგახსენეთ, მოღვაწეობის პირველ წლებში ეგონ შილე განიცდიდა კლიმტის და ვან გოგის გავლენას, მაგრამ იმავე კლიმტის წყალობით იგი მალევე დაემშვიდობა ამ „ნაკლს“ და საკუთარი სტილი, ხაზი და კონტური შეიმუშავა. სწორედ ხაზი და კონტური იქცა ეგონ შილეს „ეროტიკული შემოქმედების“ საფირმო ნიშნად... თავად შილე წერდა: „არ ვუარყოფ, რომ ეროტიკული ფერწერა და აკვარელი მაქვს, მაგრამ ისინი ხომ ხელოვნების ნაწარმოებები არიან. განა არსებობს მხატვარი, რომელსაც ეროტიკული ნახატები არ შეუქმნია?!“ მოკლედ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეგონ შილეს ნამუშევრები ნამდვილად შოკში აგდებდა და აგდებს ზნეობის დამკვიდრებული ნორმების „დამცველ“ საზოგადოებას.

 

28 წლის ეგონ შილე ე.წ. „ისპანკას“ (სასიკვდილო გრიპის) მსხვერპლი გახდა. იგი 1918 წელს გარდაიცვალა. მართალია, მან ცხოვრებისეულ სიმწიფეს ვერა, მაგრამ შემოქმედებით ზესიმწიფეს ნამდვილად მიაღწია.

 

ეგონ შილემ დატოვა დაახლოებით 300 ტილო და რამდენიმე ათასი ნახატი.

 

ადრეულ სტატუსებში ეგონ შილეს არაერთი შედევრი წარმოგიდგინეთ, დღეს კი გამოვაქვეყნებ მის „მზესუმზირებს“, რომელთა გამოც, ალბათ, ეგონ შილეს ვან გოგის გავლენა დასწამეს...

 

აქვე გეტყვით, რომ ეგონ შილეს ერთ-ერთი შედევრი - „დამჭკნარი მზესუმზირები“ - 1914 წელს დაიხატა. ეს ნახატი იკითხება როგორც სიცოცხლისა და იმედის სიმბოლო. თქვენ ნახავთ, რომ მცენარის ღეროები დამტვრეულია, ფოთლები კი გახუნებული.... ეს ის პერიოდია, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ეგონი ჯარში გაიწვიეს. მანამდე ნახატი ბრიუსელის სალონში გამოიფინა და იგი კარლ გრიუნვალდმა შეიძინა თავისი კოლექციითვის. გრიუნვალდი ეგონ შილეს მეგობარი და პირველი მსოფლიო ომის დროს იმ დივიზიის მეთაური იყო, რომელშიც ეგონი მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გრიუნვალდის კოლექცია ნაცისტებმა დააპატიმრე, გაიტაცეს და იგი დაკარგულად ითვლებოდა. კარლ გრიუნვალდის ნათესავები მრავალი წლის განმავლობაში ეძებდნენ კოლექციას. 2005 წლამდე „დამჭკნარი მზესუმზირები“ ერთი პიროვნების კერძო კოლექციაში იყო დაცული. იწერება, რომ მან არაფერი იცოდა ნახატის ისტორიაზე და მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც იგი „სოთბის“ ექსპერტიზაზე გააგზავნა. როგორც კი დადგინდა, რომ "დამჭკნარი მზესუმზირები" გრიუნვალდების ოჯახს ეკუთვნოდა, მან ნებაყოფლობით დააბრუნა ნახატი. გრიუნვალდების ეს ნახატი „ქრისტის“ აუქციონზე გაიყიდა.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი