logo_geo
1940 წლის 13 ივნისს გოიკო მიტიჩი დაიბადა
- +

13 ივნისი. 2019. 19:16

 

 

„მე ინდიელივით თავისუფალი ადამიანი ვარ და ჩემთვის საზღვრები არ არსებობს“.

 

ახლა ვნახე, რომ დღეს ევროპის N1 „ინდიელის“ იუბილე ყოფილა. მახსოვს, მე და ჩემი კლასელები როგორ „ვეჯიბრებოდით“ ხოლმე ერთმანეთს მისი საუკეთესო ფოტოს მოძიებაში. ჩემს ქუჩაზეც ერთი ამბავი იყო... ბიჭები თმებში ინდაურის „პეროგარჭობილები“ დარბოდნენ და „გამწარებულები“ ბაძავდნენ მას, გოგოები კი ყურებამდე ვიყავით შეყვარებულნი... მგონი, თბილისში სწორედ ჩინგაჩგუკის წყალობით შემოვიდა მოდაში გურული ბებიასავით შუბლწაკრული ბიჭების სიარული... მოკლედ...

 

1940 წლის 13 ივნისს სერბეთში დაიბადა პრერიების მომავალი გმირი და 60-იანი წლების კუმირი გოიკო მიტიჩი - ევროპელი ინდიელი, რომელმაც ბრძოლების გარეშე მოიპოვა მილიონობით „მკრთალკანიანის“ გული.

 

გოიკომ კინომოღვაწეობა კასკადიორობით დაიწყო, მერე კი გერმანიაში ემიგრირდა და კინოსტუდია „DEFA“-ს მთავარი ინდიელი“ გახდა. რა აღარ ერქვა: თეთრი გველი, ფხიზელი შევარდენი, თეთრი ფრთა, შავი ჯიქი, ოცეოლა...

 

საქართველოში „გოიკომანია“ ძირითადად 1967 წლიდან დაიწყო, როდესაც ეკრანებზე გამოჩნდა „დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვაჟები“ და გულადი მებრძოლი ჩინგაჩგუკი. მერე იყო „შევარდნის კვალი“, რომლის გარკვეული ნაწილი საქართველოში, კერძოდ სოფელ დიღომში, ხევსურეთსა და მთიულეთის ულამაზეს მთებში გადაიღეს და მასში უმშვენიერესმა ლალი მესხმა ითამაშა. ისიც მახსოვს, როგორ „დავიბერეთ“ გოგოები თეთრი შურით... ყველას გვინდოდა ლალის ადგილზე ყოფნა. ლალი მესხის გარდა ფილმში სხვა ქართველებიც მონაწილეობდნენ: ოთარ კობერიძე, დუდუხანა წეროძე, გიორგი ტატიშვილი, როდამ ჭელიძე... გოიკო მიტიჩი მოიხიბლა საქართველოს მთიანი ლანდშაფტით და ხალხით, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, როგორ ახერხებდა ხოლმე "მოძალადე" ქართველი თამადისა და მისი ალავერდებისგან თავის დაძვრენას, რადგან არ უნდოდა, რომ ალკოჰოლი მიეღო... ამის გამო ავადმყოფობა მოიმიზეზა, ამბობდა, ექიმმა თქვენი მინერალური წყალი გამომიწერაო... ინტერვიუში გოიკო მიტიჩი ლალი მესხსაც იხსენებს, ამბობს, იმ როლზე ლალის დამტკიცება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან იგი ძალიან უხდებოდა ინდიელი ქალის როლსა და ტემპერამენტსო.

 

სამწუხაროდ, გოიკო მიტიჩმა ვერასოდეს ჩამოიცილა ინდიელის ნიღაბი და მცდელობის მიუხედავად, ვერც ინდიელის ამპლუაზე თქვა უარი. ბერლინის ერთ-ერთ სცენაზე მან წარმატებით ითამაშა ინდიელის როლი კენ კიზის ცნობილ ნაწარმოებში „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. მიუხედავად იმისა, რომ გოიკო მიტიჩმა ბევრ სატელევიზიო სერიალში ითამაშა, რამდენიმე თეატრალურ სპექტაკლშიც მიიღო მონაწილეობა და რეჟისორობაც სცადა, მისი სახელის ხსენებისთანავე ხალხს მაინც ჩინგაჩგუკი ახსენდება და არა მისი მიერ განსახიერებული ტრუფალდინო, რობინ ჰუდი ან სპარტაკი.

 

დღეს გოიკო მიტიჩი ცხოვრობს ბერლინში და თავის მთავარ მონაპოვრად მიაჩნია თავისუფლება, რომლითაც ეს სტატუსი დავიწყე.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი