logo_geo
მარიამ გოგილავა: ალეგორიული გახსენება...
- +

18 ივნისი. 2019. 00:06

 

 

55 წელი გავიდა, მხატვრული ფილმი „თეთრი ქარავანი“ („გზები და გზაჯვარედინები“) - კანის ფესტივალის იალაღებს ეწვია...

 

სცენარის ავტორი - მერაბ ელიოზიშვილი  2019 წლის 18 ივნისს 85 წლის გახდებოდა...

 („აღდგენილი ფილმი წელს „კან-კლასიკის“ გამარჯვებულია...“)

                           

„სამოცდაათენოვან კავკასიონს გადივლის მწყემსი, სამ-ოთხ ერთგულ მეგობართან ერთად, ამდენივე უერთგულეს მყეფართან ერთად. წავლენ და მიდიან, მიდიან და მიდიან. სამოცდაათჯერ მოინათლებიან და იმდენჯერვე გამოინათლებიან. მიდიან. გული ამ დიდი გზის გირაოდ დაუტოვებიათ ზღვასა და მთას შორის და მიდიან, როგორც ბრუნდებიან. შინდაბრუნებულს შებინდებამდე უყვება ცოლი ჭირ-ვარამს, ნატვრის მანდილში გამოხვეულს, მერე, ეს ყველაფერი ერთბაშად შეიხვრიპება და გაირინდება სოფელი მამლის ყივილამდე, შიგადაშიგ კვლავ დუდუნი, ნაზამთრალი, ძნელად მონელებული იოლი თხრობა და...

 

ერთ კვირაში გამოილევა სახრავ-სათქმელ-საფიქრალი და კვლავ დაეკიდება გზა ფანჯარასთან და ნელად გაცივდება კაცი შინდაბრუნებით გამთბარ ოჯახში, ჩქარნისლა იალაღებზე, მშობლიურ დეკიანებში გაიჩხირება მწყემსი კაცის ფიქრები და მამალი როჭოს ნაღვლიან ვარდნას გახედავს დაცლილ ლულებში. ხან დათვს შეუყირავდება, ხანაც დათვკაცს. ცხენდაცხენ და ცხენთან ერთად დაეწაფება მჟავე წყლებს და სექტემბრის გასულს მთებსაც გაუგრილდება. ოქტომბრის შუა რიცხვებში კიდევ ერთხელ დაეჭიდებიან დედაკაცი და მამაკაცი ერთმანეთს; ქალს შინ უნდა კაცი, კაცს ქვეყანა უნდა შინ. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საკუთარს მიატოვებს და პირველი ფიქრით შეგრილებული, აკეცილი გზის გაშლას იწყებს მწყემსი  ხელმეასედ, ან მეათასედ...

 

ეს ქვეყნის კაცია!.. უკვდავების იდუმალება რომ დააქვს თან; მიაქვს და მოაქვს, მიაქვს და მოაქვს...

 

მწყემსი,  დროა, უკვდავების უხმო საათია. ძნელად ამოიკითხება დრო ამ საათზე...

 

ნამდვილი მწყემსი ფულს ვერ მოიგებს... უზომო სულადობის ცხვარი ვისაც დაუთვალეს, ის არ იყო მწყემსი. ზოგს ისეთსაც უპოვეს ფარა, ვისაც კომბალი სხვისაც არ უნახავს და მწყემსურ წმინდა გზაზე ბენზინიანი რეზინის გორგლებით უგორავნია მხოლოდ...         

 

ერთხელ,  თორმეტიოდე წლის წინად, „თეთრი ქარავანის“ გადაღების  ორწლედნახევარში, მანდ, ტარიბანაში, ერთ თათარ მწყემსს ბატკანს შევევაჭრე. წინა დღეს გავიგე , იოლ ფასში ყიდისო და  გადაღების შემდეგ მივაკვლიე იმის სამყოფელს. კომბალ-ბოხოხ-ტყაპუჭ-ნაბდიანი დავადექი ბინაში და ბატკნის ფასი ვკითხე. ერთის მაგივრად ორი მითხრა.

 

- რას ამბობ, ჭედილას ფასად გვაყიდებ ბატკანს?! - შევუძახე და შევუქაქანე, თანაც, რაღაც გამოგონილი თათრულიც დავუბორიაყე: -  ჰაი ბალამ-ბოი, ბილიმ-ბალამ-ბოი-თქო! -ესეც დავაყოლე სიმტკიცისთვის.

 

უიმისოდაც ვიწრო თვალები, სულ მთლად გაუქრა დამწვარ ღიმილში და ჩემს გაოცებულ კითხვა- შეძახილზე, საპირისპირო ამილესა გასატყავებლად:

 

- მაშ ბატკანი და ჭედილა ერთია! მწყემსი არ ხარ, შე გაი გაზო, და შენ თითონ რა ფასად გაგიყიდნია  ამლიკი ბატკანი?!. ჰოდა , გინდა ბალამ-ბოი და გინდა ბილიმ-ბოი!- მომიგო და ზურგი შემაქცია.

 

გავჩუმდი, იმით გახარებულმა, რომ ნამდვილმა მწყემსმა, ნამდვილ მწყემსად ჩამთვალა, სასწრაფოდ გადავუხადე საფასური  და ბატკანი დავიიღლიავე...

 

მწერალმა დრო არ უნდა გააბერწოს,  მწყემსმა  - ცხვარი, მხვნელმა - თესლი...“

 

მერაბ ელიოზიშვილი/

ფრაგმენტი მ. ელიოზიშვილის ნაწარმოებიდან „ძმანო კახელნო!“ მოკითხვის მეცხრე წერილი/    1974წ. ( გამომცემლობა „ნაკადული“-1975)           

 

 

 

big_banner
არქივი