logo_geo
თეა ფირცხალავა: ერთ საინტერესო ფოტოს წარმოგიდგენთ, რომელიც ჩვენს ოჯახშია დაცული...
- +

21 ივნისი. 2019. 21:35

 

 

დღეს ერთ საინტერესო ფოტოს წარმოგიდგენთ, რომელიც ჩვენს ოჯახშია დაცული, მანამდე კი...

 

„ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,

სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.

არ მშორდება მწუხარება და ჭირი,

მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი...

„ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო!

ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისო?!“

რა იციან, რომ ეს გული მკვდარია!...

რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!...“

 

წარმოუდგენელი ოპტიმიზმით გაჟღენთილი ამ ლექსი-გამოფხიზლების ავტორი 1840 წლის 21 ივნისს დაიბადა სოფელ სხვიტორში. ციტირებული ლექსი დღესაც აქტუალურია და განსაკუთრებით აფორიაქებს ნებისმიერ ადამიანს, მეტადრე იმ ადამიანების გულის სიმებს, ვისაც სერიოზული, სულიერი ტრაგედია, მათ შორის შვილის ან სხვა საყვარელი ადამიანის „წასვლა“ აქვთ განცდილი და სიცოცხლე აღარ უნდათ (ეს ჩემი სუბიექტური აზრია).

 

აკაკი წერეთელი იყო ჩვენი - ანუ ქართველების პოეტი, ჩვენი - ანუ ქართველების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დიდ ილიასთან ერთად, ჩვენში - ანუ ქართველებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამაარსებელი და ჩვენი - ანუ ქართველების საყვარელი მგოსანი.

 

აკაკი წერეთელზე და მისი ოჯახის წევრებზე მრავალი სტატუსი მაქვს დაწერილი, დღეს კი, შეპირებისამებრ, ერთ ძალზე საინტერესო ფოტოს წარმოგიდგენთ, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, ჩვენს ოჯახში ინახება.

 

1908 წელს ქუთაისში ჩატარდა მწერლის შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე და ეს ფოტოც იმ საღამოზეა გადაღებული. აქვე გაგახსენებთ დიდი აკაკის ლექსს „ქუთაისი“, ლექსს ქალაქზე, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა პოეტს და ქუთაისი და ქუთათურებიც განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ მის მიმართ:

 

„...მაგრამ, ჩემო ქუთაისო, ძალით სხვასთან შენათვისო!

მოთმინება!.. მოთმინება!.. სევდით გული არ აივსო!..“

 

ფოტოზე აღბეჭდილი არიან აკაკი წერეთელი და პატარა ფატი გოკიელი. ფატი გოკიელი იყო სახელოვანი ქართველი პედაგოგი, მეცნიერი და მთარგმნელი, რომელიც ჩემი მამამთილის ირაკლი ჭუმბურიძის მეგობარი იყო და ისინი ერთად იზრდებოდნენ ქუთაისში. ირაკლის მშობლები - თეიმურაზ ჭუმბურიძე და ბაბო ხუნდაძე, ისევე, როგორც ფატი გოკიელი, განათლების დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, სახელოვანი პედაგოგები და ქუთაისლები იყვნენ.

 

ფატი გოკიელი მრავალმხრივ საინტერესო პიროვნება გახლდათ და საგულისხმო ფაქტია, რომ 2017 წელს სწორედ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში აღინიშნა ფატი გოკიელის საიუბილეო საღამო. უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით, ამ დიდებული ქალბატონის მომავალ იუბილეზე მოგითხრობთ.

 

ფოტოზე ფატი გოკიელის ხელით არის მიწერილი „ღრმა პატივისცემისა და მადლობის გრძნობით ქ-ნ რუსუდანსა და ბატ. ირაკლის. ფატი გოკიელი. ფოტო გადაღებულია ქუთაისში, 1908 წელს.“

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი