logo_geo
1479 წლის 15 ივნისს ლიზა გერარდინი - მონა ლიზა დაიბადა
- +

15 ივნისი. 2019. 15:15

 

1479 წლის 15 ივნისს ფლორენციაში დაიბადა სამყაროს ყველაზე ცნობილი ქალი ლიზა გერარდინი, იგივე ლიზა დელ ჯიოკონდო და იგივე მონა ლიზა, რომლის ღიმილზეც დღემდე ლაპარაკობს, მსჯელობს, დავობს და თავს იმტვრევს სრულიად მსოფლიო და მაინც ვერა და ვერ დადგინდა ჭეშმარიტება, რომელიც, წესით, კამათში უნდა დაბადებულიყო. ამ დროს კი რა ხდება? რა და... საკუთარი ტუჩების „მოძრაობის“ და სახის ირგვლივ გაჩაღებული დავა ლიზას სულ არ ადარდებს, მაცდურად აგრძელებს ღიმილს და... უცებ მურმანის ციცო გამახსენდა... ციცუნიასი არ იყოს, ლიზუნიასაც ყველა „მახრა ფეხზე ჰკიდია... თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს და ის შეახსენებს, რომ უკვე დიდია!.. როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში...“ ლიზაც ისეთია. ეჰ, რა კმაყოფილი წავიდოდა დიდი ლეონარდო იმქვეყნად, რომ სცოდნოდა, რა ამბავი ატყდებოდა მისი შედევრის ირგვლივ მრავალი საუკუნის შემდეგ, ან თუნდაც ის წარმოედგინა, რომ მისი ლიზას მაცდურ ღიმილზე ქართველების საყვარელი პოეტის „მაცდური“ ლექსი გაახსენდებოდა ვინმეს... ახლა კი აქვე შეგახსენებთ დიდი გალაკტიონის ლექსს, რომელიც გენიალური მხატვრის სწორედ ამ შედევრს ეძღვნება:

 

„შენი ღიმილი, ლეონარდო და ვინჩის ხელის

მე არ მინახავს გაფრენა და გაუკვდავება,

მაგრამ მე უფრო სევდიანი რამე ვიხილე:

შენი სიკვდილი, შენი ადრე დასაფლავება…“

 

მონა ლიზაზე უამრავი ნაწარმოებია დაწერილი, მათ შორის საქართველოშიც, მაგალითად, „ცისფერყანწელი“ პოეტი-სიმბოლისტი ვალერიან გაფრინდაშვილი თავის ცნობილ ესსეში „ჯიოკონდას ღიმილი“ წერს: „...ჩვენ პოეზიაში ვგრძნობთ ჯიოკონდას ღიმილს და ეს ღიმილი არის უკანასკნელი ბედნიერების დაპირება. შეიძლება ეს ღიმილი გამოგონილია, მაგრამ ეს სულერთია… ჯიოკონდას ღიმილი გვიანდერძა და ვინჩიმ, როგორც მუდმივი გამოცანა, როგორც თავისი ირონია და კურთხევა“.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდების „გამოცხობა“ კვლავ გრძელდება, 2005 წელს საბოლოოდ დადგინდა, რომ 1503-1505 წლებში ლეონარდო და ვინჩიმ სწორედ ლიზა გერარდინი და მისი ღიმილი აღბეჭდა ლეგენდარულ ტილოზე, რომელიც ლუვრის დამთვალიერებლებს დღესაც მაცდურად უღიმის. უჰ, როგორც იქნა, ლეონარდომაც ამოისუნთქა, ჯოკონდამაც, მთელი მსოფლიოს მაძიებლებმაც და ჩვენც.

 

რაც შეეხება „ჯოკონდას“ ცხოვრებას, ცნობილია, რომ 15 წლის ლიზა გერარდინი ცოლად გაჰყვა ფართლეულით მოვაჭრე ფრანჩესკო დელ ჯიოკონდოს და ექვსი შვილი შვა. ჯორჯო ვაზარი თავის „შემოქმედთა ცხოვრებაში“ წერს, რომ სწორედ ფრანჩესკო დელ ჯიოკონდომ დაუკვეთა ლეონარდო და ვინჩის თავისი მეუღლის პორტრეტი. აქვე გეტყვით, რომ ლეონარდოს მენატურემ საკმაოდ „წესიერი“ ცხოვრებით იცხოვრა და აზრზეც არ იყო, რომ დიდი ხელოვანის ტილოზე აღბეჭდილ მის ერთ, მიამიტურ გაღიმებას მსოფლიო წარღვნის დარი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა... არც მურმანის ლექსი მოეწონებოდა ქმრის ერთგულ და მორჩილ ლიზას, მაგრამ... სტატუსი უკვე დაწერილია...

 

63 წლის ლიზა გერარდინი-ჯიოკონდოსი გარდაიცვალა 1542 წელს ფლორენციაში და იგი გერარდინების საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს. ახლა იმას აღარ დავწერ, რომ 2013 წელს საფლავი გათხარეს, ლიზას ძვლები „შეაწუხეს“ და ისიც დაადგინეს, რომ ჩიყვით გარდაიცვალა... ეს ხომ სულ სხვა ისტორიაა.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი