logo_geo
„მე ინსტინქტურად ვწერ, ისე, როგორც ვცხოვრობ ან ვსუნთქავ...“ - 1935 წლის 21 ივნისს ფრანსუაზ საგანი დაიბადა
- +

21 ივნისი. 2019. 15:16

 

„მე ინსტინქტურად ვწერ, ისე, როგორც ვცხოვრობ ან ვსუნთქავ...“

 

1935 წლის 21 ივნისს დაიბადა ცნობილი ფრანგი მწერალი და დრამატურგი ფრანსუაზ საგანი (დაბადებისას ფრანსუაზ კუარე), რომელიც, თავისი სტილით, ცხოვრებითა და მოღვაწეობით საოცრად საინტერესო ქალბატონი ბრძანდებოდა. დღეს, როდესაც მასზე სტატუსის დაწერა დავიწყე დ მის ფოტოს დავხედე, უცებ... არც მეტი, არც ნაკლები, ედიტ პიაფი - საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო დამიდგა თვალწინ და არა იმიტომ, რომ იგი ფრანსუაზის უსაყვარლესი მომღერალი იყო, არამედ სულ სხვა „თვისებების“ გამო... დღეს ეს ორივე ქალი, რასაკვირველია მეტ-ნაკლებად, ფრანგული ლეგენდაა... ამ ორ, „უშნოდ“ ლამაზ ქალს, რასაკვირველია მეტ-ნაკლებად, ერთნაირი ტრაგიკული ბედი დაჰყვათ, ამ ორ „ჩია“ ქალს ულამაზესი მამაკაცები ეტრფოდნენ, მათთან მეგობრობდნენ პრეზიდენტები, მსოფლიოში სახელგანთქმული ადამიანები და „უბრალო“ მოკვდავნი ამა ქვეყნისა... სიყვარული მათ ცხოვრებასა და საოცარ შემოქმედებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, მაგრამ ამ ორ ქალში სიყვარული სხვადასხვა რეგისტრში იყო აყვანილი... ედიტს გიჟურად ვნებიანი სიყვარულით უყვარდა და არ და ვერ მალავდა ამას, ფრანსუაზსაც ხმაურიანად უყვარდა, ოღონდ უფრო ხანმოკლედ და... გრძნობები მალე უნელდებოდა, ან „ბეზრდებოდა“, ან იქნებ ეჩვეოდა... არც ის მალავდა სიყვარულს და ნებისმიერ „შეტევას“ თავის რომანებში „ანთხევდა“... ხან „უმკლავდებოდა“, ხან მარცხდებოდა... ამ ორივე ქალბატონზე თითქმის იდენტური ჭორ-მართალი ვრცელდებოდა, ესეც მეტ-ნაკლებად... მათთან კავშირში იყო ბოჰემური „ჟრიამული“ და ტრფიალი, უზომო ვნება, მოგზაურობა, აზარტული თამაშები, კლუბური „ნადიმები“, ან მაღალ საზოგადოებაში მიღებული სიამოვნება თუ გაწბილება, ბევრი სიყვარული და მრავალი ქორწინება, „ბრძოლა“ უმიზეზოდ გაჩენილ სევდასთან და მისგან თავის დაღწევა - ხანდახან ნებისმიერი გზითა და მეთოდებით... და ესეც მეტ-ნაკლებად...

 

ერთი რამ აბსოლუტურად საერთო ჰქონდა ამ ორ დიდებულ ქალბატონს: შესახედავად არც ერთი მათგანი მოგეწონებოდა... თუმცა... ედიტი რომ „პირს გააღებდა“ და სიმღერას იწყებდა, მთელი აუდიტორიის კაცები „მისი ხდებოდნენ“, მსმენელები, მათ შორის თვით ყველაზე „ეჭვიანი“ ქალებიც კი, მისით ინუსხებოდნენ და მისი ვნებებით იწვოდნენ... რაც შეეხება ფრანსუაზს, მისი რომანები თუ ნოველები წაკითხვისთანავე იპყრობდნენ და „ატყვევებდნენ“ მკითხველებს...

 

ფრანსუაზ საგანმა დაწერა 22 რომანი და რამდენიმე მოთხრობა და პიესა. მას უყვარდა თავისი მკითხველი, მათ შორის ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსებიც კი... მათგან თავს არასოდეს იცავდა, ის კი არადა, მათი კრიტიკა სამართლიანადაც კი მიაჩნდა... პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჭეშმარიტად დიდი ადამიანებისა და შემოქმედების ხვედრი და „თვისება“. ასე მხოლოდ ძალიან დიდი და საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებული ადამიანები იქცევიან.

 

18 წლისა იყო ფრანსუაზ საგანი, როდესაც „გიჟურად“ ვნებიანი რომანი „სალამი, სევდავ“ დაწერა.... სწორედ მაშინ მოედო სრულიად პარიზს ნობელიანტი მწერლის ფრანსუა მორიაკის შეფასება: „პატარა შესანიშნავი მონსტრი“, რომელიც რომანის წაკითხვისთანავე აღმოხდა დიდ მწერალს. მას შემდეგ ეს „ფრთიანი“ სახელი ტკიპასავით მიეწება ფრანსუაზ საგანს. მისი პირველი წიგნის გამოცემას კიდევ ერთი ფაქტი უკავშირდება და ეს იყო ფსევდონიმად ფრანსუაზ საგანის აღება, რომელიც მარსელ პრუსტის ციკლის „დაკარგული დროის ძიების“ ერთ-ერთი გმირის ჰერცოგინია დოროთეა საგანის გავლენით შეარჩია. და კიდევ ერთი... იმავე პირველი რომანის სათაური საყვარელი პოეტის პოლ ელუარის ლექსმა „უკარნახა“ ფრანსუაზს:

 

„...Bonjour Tristesse Love of kind bodies...“

„სალამი სევდავ, სიყვარულო მშვიდთა სხეულთა...“

 

მერე კი იყო უამრავი ბედნიერი და სევდიანი დღე, უამრავი რომანი და ნოველა, მათ შორის „გიყვართ ბრამსი?“ და ფსიქოლოგიური რომანი „ცოტაოდენი მზე ცივ წყალში“, რომელიც პირველად 1972 წელს წავიკითხე „ინასტრანნაია ლიტერატურაში“ და სახტად დავრჩი... გამაგიჟა ნატალის თავგანწირულმა, ტრაგიკულმა სიყვარულმა და სიყვარულის მისებურმა (უფრო კი - საგანისებურმა) „წესებმა“... და... იქაც დიდი პოლ ელუარის სიტყვები ეპიგრაფად: ,,და მე მას ვხედავ, და მე მას ვკარგავ და მიპყრობს სევდა და ჩემი სევდა ჰგავს ცივ წყალში ჩაძირულ მზეს“.

 

და... ფრანსუაზ საგანის ბოლოს წინა რომანი „მშვიდობით სევდავ“... და კვლავ „შებრუნება“ პოლ ელუარისკენ:..

 

„Farewell Sadness Hello Sadness

You are inscribed in the lines on the ceiling

You are inscribed in the eyes that I love...“

 

„მშვიდობით, სევდავ, სალამი, სევდავ,

შენა ხარ ყველგან... - შენ აწერიხარ ჭერსაც,

თვალებსაც, რომლებიც მიყვარს...“ (მთარგმნელი უცნობია).

 

და ბოლოს, კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელსაც ქართულ წყაროებში ვერსად მივაკვლიე, მაგრამ მასზე საუბარია ტონინო გუერას წიგნში „სერგო ფარაჯანოვი“ და თავად ფარაჯანოვიც საუბრობს ამ ფაქტზე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში. ტონინო გუერა წერს: „...ამ სახლში (თბილისში) კინორეჟისორი (სერგო ფარაჯანოვი) ცხოვრობდა 1978-1990 წლებში... მას სტუმრობდნენ ანდრეი ტარკოვსკი, ვლადიმერ ვისოცკი, ფრანსუაზ საგანი...“. სერგო ფარაჯანოვი კი მისთვის დამახასიათებელი იუმორით იხსენებს ფრანსუაზ საგანის სტუმრობას მის ოჯახში: „მე ყველას ვღებულობდი თბილისში - ფელინისაც, მასტროიანისაც და ფრანსუაზ საგანსაც, ისინი მეუბნებოდნენ, აი, ჩამოხვალ ევროპაში, გაჭმევთ პიცას და სპაგეტის. ჩავედი: სად არიან ისინი? სად არის ფელინი, ფრანსუაზ საგანი, ან პიცა და სპაგეტი?“

 

პირადად მე არ მახსენდება ფრანსუაზ საგანის თბილისში სტუმრობა. ეტყობა, „მოერიდა“ ჩემი შეწუხება... რასაკვირველია, ვხუმრობ... მაგრამ რაკი ტონინო გუერა და სერგო ფარაჯანოვი ამბობენ, ესე იგი, ასე იყო...

 

69 წლის ფრანსუაზ საგანი ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა 2004 წელს.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი