logo_geo
1919 წლის 18 ივნისს თეატრისა და კინოს ცნობილი ესტონელი მსახიობი იური იარვეტი დაიბადა
- +

18 ივნისი. 2019. 15:19

 

„...შემჩნეულია, რომ სახელმწიფო მართვისთვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ კიდეც მიზანს... მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რაღა თქმა უნდა, ერისა და სახელმწიფოს კისერზე გადადის....“

 

ამ დამაფიქრებელ და საგულისხმო სიტყვებს ჩვენი დღევანდელი იუბილარის გმირი წარმოსთქვამს ჭაბუა ამირეჯიბის დიდებულ რომანში „დათა თუთაშხია“... ერთ საინტერესო ფაქტს სტატუსის ბოლოს შეგახსენებთ.

 

1919 წლის 18 ივნისს ტალინში დაიბადა თეატრისა და კინოს ცნობილი ესტონელი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი იური იარვეტი. დედით რუსი და მამით ლოთარინგიელი იური ესტონურმა ოჯახმა იშვილა და მას 19 წლამდე გიორგი კუზნეცოვი ერქვა, მაგრამ... 1938 წელს ესტონეთში დაწყებულ „სახელცვლილებების“ ტალღას არც იგი ჩამორჩა და გიორგიმ იური იარვეტი დაირქვა.

 

იარვეტს მრავალი სამახსოვრო სახე აქვს შექმნილი, მათ შორის პროფესორი ო’რეილი - სავვა კულიშის ფილმში „მკვდარი სეზონი“, მეფე ლირი - გრიგორი კოზინცევის იმავე სახელწოდების ფილმში, მეცნიერი სნაუტი - ანდრეი ტარკოვსკის შედევრალურ ფილმში „სოლიარისი“.

 

იური იარვეტი ცუდად ლაპარაკობდა რუსულად, ამიტომ მას ყოველთვის სხვები ახმოვანებდნენ. მაგალითად, მეფე ლირის როლში მას ზინოვი გერდტი ახმოვანებს... აქვე გეტყვით, რომ იარვეტი ერთ-ერთ საუკეთესო ლირად იქნა აღიარებული.

 

თუ კარგად დააკვირდებით იური იარვეტის მიერ შესრულებულ როლებს, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში მისი საოცარი პლასტიკა, რაც ბუნებრივია, რადგან იგი კარგა ხნის მანძილზე იყო ესტონეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე.

 

ქართველ (და არაქართველ) მაყურებელს განსაკუთრებით კარგად დაამახსოვრდა იური იარვეტის გრაფი სეგედი გიგლა ლორთქიფანიძის ლეგენდარული ფილმიდან „დათა თუთაშხია“.

 

იური იარვეტი გარდაიცვალა 1995 წელს. დაკრძალულია ტალინში.

 

შეპირებისამებრ, შეგახსენებთ ერთ საინტერესო ისტორიას გრაფ სეგედიზე, რომელიც ფანტასტიურად განასახიერა იური იარვეტმა. სეგედი სრულიად რეალური პიროვნება იყო. მისი პროტოტიპი გახლდათ უნგრული წარმომავლობის რუსი მსახიობი ევგენი სეგედი, რომელიც რუსული არმიის ოფიცერი იყო და ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად იჯდა დასავლეთ ციმბირის ნოვო-ჩუმკას ოსეტროვოს ბანაკში. ევგენი სეგედის დიდი ბაბუა იყო გრაფი სეგედი, რომელმაც უნგრეთში მომხდარი აჯანყებისას იმპერატრიცა ეკატერინას რუსეთს შეაფარა თავი და მალევე რუს ქალზე დაქორწინდა. სწორედ მისი შთამომავალი იყო ევგენი სეგედი. მან უმაღლესი განათლება მიიღო ხარბინში და რუსების დიდ დიასპორასთან ერთად ცხოვრობდა. ევგენი იქვე დაქორწინდა და სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ხარბინის და შანხაის თეატრებში. 1947 წელს ევგენი სეგედი და მისი მეუღლე სსრკ-ში დაბრუნდნენ, 1949 წელს კი ორივე დააპატიმრეს. 1956 წელს მოხდა მათი რეაბილიტაცია.

 

აი, ეს მინდოდა მომეთხრო იური იარვეტის პროტოტიპზე გრაფ სეგედიზე.

 

ფოტოზე: ჭაბუა ამირეჯიბი და გრაფი სეგედის პროტოტიპი მსახიობი ევგენი სეგედი.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი