logo_geo
1847 წლის 26 ივნისს პოეტი გიორგი ჭალადიდელი დაიბადა
- +

26 ივნისი. 2019. 16:20

 

„...მერწმუნე, შვილო, გამოცდილია,

თუ საძირკველი დანგრეულია,

მაშინ კედლების აშენებისთვის

ყოველი შრომა დაკარგულია“.

 

1847 წლის 26 ივნისს იმერეთის სოფელ ფერსათში დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი, თავადი გიორგი ჭალადიდელი, ოდიშელი თავადის მაქსიმე ქოჩაკიძის ვაჟი. მამის დიდი მეცადინეობით, გიორგიმ დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიასთან არსებული პანსიონი. მისი თანაკურსელების მოგონებების თანახმად, გიორგი ქოჩაკიძე იყო მოხდენილი, მარჯვე და სპორტული ადამიანი. პანსიონის შემდეგ გიორგი ჭალადიდელი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა და...

 

აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში მყოფი პოლკოვნიკი გახდა და რუსეთ-ოსმალეთის (დღევანდელი თურქეთის) ომშიც მონაწილეობდა, მას არასოდეს უღალატია საქართველოსთვის და იმათზე უფრო პატრიოტი ქართველი იყო, ვიდრე ზოგიერთ დღევანდელ „პატრიოტს“ მოაქვს თავი. რაც მთავარია, იგი ყოველთვის უდიდეს სიყვარულს ამჟღავნებდა ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართ, რაც კარგად იკვეთება მის შემოქმედებაში.

 

ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ცნობილი ლექსი, რომელსაც დღესაც კი ყველანი სიამოვნებით წავიღიღინებთ ხოლმე, სწორედ გიორგი ჭალადიდელის დაწერილია:

 

„მახსოვს, პირველად სასწავლებელში

წასაყვანად რომ მე მომამზადეს:

მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში

და შორსა გზასა მე გამამგზავრეს.

...გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,

შრომა და ჯაფა ნუ გეზარება,

თუ შენი შრომა და შენი ჯაფა

სამშობლოს რადმე გამოადგება“.

 

გიორგი ჭალადიდელის ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1913 წელს. გარდა ამისა, პოეტის ლექსები იბეჭდებოდა „დროებაში“, „მოამბეში“, „ივერიაში“, „მნათობში“ და ა.შ.

 

გიორგი ჭალადიდელს ნამდვილად არ ჰქონდა დალხენილი პირადი ცხოვრება. რუსი სიმამრის გამო ცოლ-შვილთან გაყრა მოუხდა, რამაც უდიდესი გავლენა იქონია მის შემდგომ ცხოვრებაზე, ყველას გაურბოდა, კარჩაკეტილად ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლოს სამშობლოში უნდოდა დამკვიდრება, მაგრამ...

 

51 წლის გიორგი ჭალადიდელი ასთმით გარდაიცვალა. ეს მოხდა 1898 წელს მინსკში. 1940 წელს პოეტი სამშობლოში გადმოასვენეს და სენაკის პარკში დაკრძალეს, რადგან ბავშვობა და ახალგაზრდობა პოეტმა ჭალადიდის მუხურში (დღევანდელი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელში) გაატარა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი