logo_geo
1852 წლის 25 ივნისს დაიბადა დიდი კატალონიელი არქიტექტორი ანტონი(ო) გაუდი
- +

25 ივნისი. 2019. 16:46

 

ჩვენი დღევანდელი იუბილარის გარეშე წარმოუდგენელია ბარსელონა, ბარსელონას გარეშე კი - ესპანეთი და სამყარო.

 

1852 წლის 25 ივნისს დაიბადა დიდი კატალონიელი არქიტექტორი ანტონი(ო) გაუდი, რომელმაც ბარსელონა უჩვეულო და ფანტასტიური ნაგებობებით „მორთო“. მის მიერ „გამოძერწილი“ ჭრელი, ჩახლართული, აყირავებულ-ჩაყირავებული, ჩაწნულ-ჩაკლაკნილი და მიხვეულ-მოხვეული შენობები, აივნები და კიბეები დამსახურებულად ითვლება ქალაქის სავიზიტო ბარათად (ეჰ, განა რამე შეედრებოდა ჩვენს ჭრელსა და „ვიშვიშა“ „იტალიურ“ ეზოებსა და იქ ჩაწნულ-ჩახლართულ აივნებს, კიბეებსა და დიდოსტატურად გამოჭედილ ჭიშკრებს, ან ულამაზეს არქიტექტურას და შედევრალურ სადარბაზოებს, რომლებიც უტყვი მორჩილებით გავანადგურებინეთ და დღეს ერთი-ორიღა შემოგვრჩა და იმათაც „ვერჩით?“. ყველაფერი სხვისი მოგვწონს, ჩვენს განძს კი არ ვაფასებთ...). სევდა შემომაწვა და დიდი გალაკტიონის ეს სიტყვები გამახსენდა:

 

„...გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით,

ქარგით დამქარგავი ნაზი შუქურთმებით…“

„რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი,

ჟღერს ქვის ჰარმონია - დარობს რამდი დარი...“

 

ჰოდა, გაუდის დავუბრუნდეთ.

ანტონიო გაუდი იყო არა მხოლოდ არა-ჩვეულებრივი არქიტექტორი, არამედ სრულიად არა-ჩვეულებრივი ადამიანიც... ცალი თვალით ახლომხედველი იყო, მეორით - შორსმჭვრეტელი, მაგრამ სათვალეს მაინც არ ატარებდა და როგორც მისი „განმკითხავები“ ამბობენ, სწორედ ამგვარი „დეფექტები“ აქმნევინებდნენ შედევრებს... რა სასაცილო „არგუმენტია“...

 

ანტონიო გაუდის „შეფასებას“ მისი პიროვნული თვისებებით დავიწყებ: შემოქმედებითი სიმწიფის დადგომისას იგი უკვე იყო სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც თამამად ილაშქრებდა დესპოტური რეჟიმის წინააღმდეგ და დაუფარავად ქომაგობდა თავისუფლებისმოყვარე კატალონიას. საგულისხმოა, რომ გაუდის დროს კატალონიის სეპარატიზმი გაცილებით ძლიერი იყო (ვიდრე 2017 წელს) და იგი თვით ბასკების სეპარატიზმსაც კი აღემატებოდა. ანტონიო გაუდი იყო ბარსელონას მრავალი პატრიოტული ორგანიზაციის წევრი და ხშირად სტუმრობდა კაფე „Pelai“-ს, სადაც მისი თანამოაზრეები იკრიბებოდნენ. მაგრამ... ეს იყო მანამ, სანამ... მის ცხოვრებაში სიყვარულმა არ გაიშრიალა...

 

35 წლის ანტონიოს, როგორც იქნა, ჟღალთმიანი ამერიკელი ჟოზეფა მორო შეუყვარდა, მდიდარი მეწარმის პროგრესულად მოაზროვნე ქალიშვილი, რომელიც პირველ ქმარს გაყრილი იყო და თავგადასავლებსაც არ გაურბოდა... სამწუხაროდ, სიცოცხლისმოყვარე ჟოზეფამ ვერ შეძლო მოუხეშავ არქიტექტორში „კაცის“ დანახვა... როგორც შემოქმედს აღმერთებდა, მაგრამ როგორც კაცი, ვერ იზიდავდა. აი, სწორედ იქ და მაშინ დასრულდა ანტონიო გაუდის პირადი ცხოვრება და დაიწყო მისი „განდეგილობა“, იქნებ - ქალთმოძულეობაც.

 

ანტონიო გაუდი მარტოსული, უფრო სწორად, არა-ჩვეულებრივი მიზანთროპი იყო. მისი „ქალი“ და ინტერესის საგანი იყო არქიტექტურა და შენობებსაც ლამაზი ქალივით რთავდა და ეფერებოდა...

 

ბარსელონას მშვენება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა ანტონიო გაუდის „წმინდა ოჯახის (მოსანანიებელი) ტაძარი“, რომლის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო. ტაძრის ისტორია ძალზე ლამაზი და დიდებულია და მას ორი სიტყვით ვერ გადმოსცემ. მოკლედ დავწერ, რომ გაუდიმ მიატოვა ყველა სხვა პროექტი და დღე-ღამ მშენებლობაზე ატარებდა, მხოლოდ მეზობელ ტაძარში გადადიოდა ხოლმე მესაზე დასასწრებად. ვინაიდან ტაძარი, ძირითადად, შემოწირულობათა ხარჯზე შენდებოდა, ამიტომ 20 წლის განმავლობაში ტაძრის მხოლოდ ორი გვერდითი პორტალი აიგო. გაუდიმ 45 წელი დაუთმო ტაძრის მშენებლობას და ყველაფერს მას სწირავდა, მათ შორის ჯამაგირს და ჯანმრთელობას. სიცოცხლის ბოლოს ანტონიო გაუდი სიღატაკის ზღვარზე, ტაძრის ძირში დადგმულ ქოხში ცხოვრობდა და იშვიათად სტუმრობდა საკუთარ სახლს. ბარსელონაში გამომავალი გაზეთები კი, მადლობის ნაცვლად, „წმინდა ოჯახის ტაძარს“ უპოვართა და მათხოვრების ტაძარს უწოდებდნენ...

 

ტაძრის მშენებლობა გაუდის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. 1939 წელს ფრანსკისტებმა გაუდის დატოვებული ნახაზები დაწვეს, რამაც კიდევ უფრო გაართულა ტაძრის გაუდისეულად აგება... ამბობენ, რომ მისი მშენებლობა კიდევ 30-60 წელს გასტანს. ის კი არადა, სკეპტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება ტაძარი ვერასოდეს დასრულდეს, რადგან გაუდის საიდუმლო ჩანაფიქრი სწორედ მისი მშენებლობის პერმანენტულობა ანუ, როგორც გურულები იტყოდნენ, „სამიდღემჩიოობა“ იყო.

 

1876 წელს ბარსელონას ქუჩებში პირველად გამოჩნდა კონკა... რატომ გავუსვი ხაზი ამ ფაქტს? ახლავე გეტყვით...

 

შეკითხვაზე, როდის დაასრულებდა ტაძრის მშენებლობას, ანტონიო გაუდი პასუხობდა, ჩემი „დამკვეთი“ არ ჩქარობსო... ჰოდა, 1926 წელს „დამკვეთმა“ თავისთან უხმო არქიტექტორს...

 

73 წლის გაუდი სახლიდან გავიდა და ტაძრისკენ წაბორიალდა სალოცავად. დაღლილ-დაბეჩავებულს კონკა დაეჯახა და გონება დაკარგა. კონკის მეეტლეებმა და ტაქსისტებმა უარი თქვეს მოუვლელი, უსუფთაოდ ჩაცმული, უფულო და უდოკუმენტო უცხო მამაკაცის საავადმყოფოში წაყვანაზე... საბოლოოდ გონდაკარგული ანტონიო გაუდი ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცებმა გადაიყვანეს უპოვართა ამბულატორიაში, შემდეგ კი სანტა-კრუსის საავადმყოფოში, სადაც მას პრიმიტიული სამედიცინო დახმარება გაუწიეს. იგი მხოლოდ მეორე დღეს აღმოაჩინა „წმინდა ოჯახის ტაძრის“ ერთ-ერთმა კაპელანმა, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

ანტონიო გაუდი გარდაიცვალა 1926 წელს და იგი მისივე დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი ტაძრის კრიპტაში დაიკრძალა.

 

დღეს ასეთი სურათია: ანტონიო გაუდის უდიდეს პატივს მიაგებენ ესპანეთსა და მის ფარგლებს გარეთ. 1998 წელს ბარსელონას ეპისკოპოსმა დაიწყო პროცედურა არქიტექტორის კანონიზაციაზე და თუ ეს მოხდა, ოფიციალური ვატიკანი „წინდა ოჯახის ტაძრის“ აღმშენებელს ნეტარად შერაცხავს. სულით ის ნამდვილად მიეკუთვნებოდა ნეტართა რიცხვს.

 

2010 წელს რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ აკურთხა „წმინდა ოჯახის ტაძარი“ და ოფიციალურად დაუშვა მასში ყოველდღიური ღვთისმსახურება. იმავე წელს ტაძარს ეწოდა „პაპის მცირე ბაზილიკა“.

 

და ბოლოს... 2019 წელს წარმოებაში ჩაეშვა შოტლანდიელი არქიტექტორისა და დიზაინერის ჩარლზ მაკინტოშის, „გიჟი“ სალვადორ დალისა და „მარტოსული“ ანტონიო გაუდის მიერ შექმნილი ავეჯის დეტალები, მათ შორის გაუდის ყველაზე პატარა შედევრი - ტანსაცმლის საკიდი. ბარსელონას ერთ-ერთი მშვენებაა გაუდის აშენებული კალვეტის სახლი და სწორედ ტექსტილის „მეფე“ პერრე კალვეტის დაკვეთით შეიქმნა ანტონიო გაუდის მუხის ავეჯი, მ/შ ტანსაცმლის საკიდიც, რომელიც სრულად ჯდებოდა სკამების, სავარძლების და სარკეების ჯადოსნურად გამოჭედილი ჩარჩოების სტილში. თუ ფოტოს დააკვირდებით, ნახავთ, რომ საკიდები ძალზე პრაქტიკულია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი