logo_geo
1560 წლის 25 ივნისს ხუან სანჩეს კოტანი დაიბადა
- +

25 ივნისი. 2019. 16:48

 

1560 წლის 25 ივნისს ტოლედოში დაიბადა სახელოვანი ესპანელი მხატვარი, ესპანეთში რეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ნატურმორტების ჭეშმარიტი დიდოსტატი ხუან სანჩეს კოტანი. გარკვეული ხნის განმავლობაში კოტანი იყო კარტეზიანული მონასტრის მორჩილი, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და გრანადის ორდენის საძმოს წევრი გახდა. არავინ იცის, რატომ გადაწყვიტა კოტანმა, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე... თუმცა, ეს რა ჩვენი გასარჩევია?! მთავარია, რომ იმ დროსაც და შემდეგაც უამრავი შედევრი შეჰქმნა.

 

მონასტრად ყოფნის პერიოდში ხუან კოტანი, ძირითადად, რელიგიურ ფერწერულ ტილოებს წერდა. მის შემოქმედებაში მოიძებნება რამდენიმე პორტრეტიც, მაგრამ... მისი მთელი შემოქმედების „მარილი“ იყო შედევრალური ნატურმორტები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მართალია ნიდერლანდელი მხატვრების, ან ვენეციური სკოლის ფერმწერთა ტილოებს მოგაგონებენ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ისინი სრულიად განსხვავებულია და მათზე ნამდვილად ღირს საუბარი, რადგან მე-17 საუკუნის ევროპული ფერწერის ისტორიაში ხუან სანჩეს კოტანი შევიდა, როგორც განსაკუთრებული ტიპის ნატურმორტების შემქმნელი. მისი ნატურმორტების თითოეული „საგანი“, იქნება ეს სტაფილო, კომბოსტო, ნესვი, ლიმონი, ყვავილი, კიტრი, ფუჩეჩი თუ მრავალი სხვა, აბსოლუტურად რეალური, პროზაული, პლასტიური, „ხელჩასაკიდი“, „ცოცხალი“ და „მოლაპარაკეა“...

 

აქვე გეტყვით, რომ ხუან კოტანის ნატურმორტები წარმოადგენენ ე.წ. ტრომპლეის, ანუ ხელოვნებაში რეალური სამყაროს იმიტაციის, იგივე ოპტიკური ილუზიის, საუკეთესო ნიმუშს და ეს „ხერხი“ ჯერ კიდევ ანტიკური ხელოვნებიდან იღებს სათავეს... ყურადღებით დააკვირდით კოტანის შედევრალურ ნატურმორტებს და ზემოთქმულში თავადაც დარწმუნდებით.

 

დღეს კოტანის ნამუშევრების უდიდესი ნაწილი დაცულია მადრიდის პრადოში; მათი ნახვა ასევე შესაძლებელია გრანადის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სან-დიეგოს მუზეუმში (აშშ) და ა.შ.

 

67 წლის ხუან სანჩეს კოტანი გარდაიცვალა 1627 წელს გრანადაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი