logo_geo
1877 წლის 2 ივლისს ჰერმან ჰესე დაიბადა
- +

2 ივლისი. 2019. 15:43

 

„აღფრთოვანებული ვარ თქვენი ალბომით. თქვენი აკვარელები ხილივით წვნიანი და ყვავილებივით დახვეწილი და გრაციოზულია. გულს უხარია, როდესაც თქვენს ნახატებს ვუცქერ“. - ასეთი შინაარსის წერილი მისწერა დიდმა ფრანგმა მწერალმა რომენ როლანმა ჩვენს დღევანდელ იუბილარს, რომელსაც მთელი მსოფლიო, უმეტესწილად, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე კითხვად ავტორად იცნობს.

 

1877 წლის 2 ივლისს დაიბადა უდიდესი გერმანელი ნობელიანტი მწერალი და არანაკლებ დიდი მხატვარი, ჰერმან ჰესე.

 

ჰერმან ჰესეს მრავალი გატაცება ჰქონდა: უკრავდა ვიოლინოზე, იყო მესააათე და ანტიკვარი, წერდა და ხატავდა... თავად კი ამბობდა, რომ ორი ყველაზე მშვენიერი რამ, რითიც ადამიანი შეიძლება დაკავდეს, არის მუზიცირება და ხატვა; მე ერთშიც და მეორეშიც დილეტანტი ვიყავი, მაგრამ ერთიც და მეორეც ძალზე დამეხმარნენ ურთულეს საქმეში - ცხოვრებასთან გამკლავებაშიო...

 

მე კი ვიტყოდი, რომ როდესაც ჰესეს აკვარელებს და ფერწერულ ნამუშევრებს გადახედავ, დარწმუნდები, რომ მხატვრობა ნამდვილად არ იყო მისი მხოლოდ გატაცება... ჰერმან ჰესე ჭეშმარიტად პროფესიონალი მხატვარი იყო.

 

ვინაიდან ჰერმან ჰესეზე ბევრი სტატუსი მაქვს დაწერილი, დღეს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მხოლოდ რამდენიმე პასაჟს გავიხსენებ და ძირითად ყურადღებას მის აკვარელზე და რამდენიმე ავტოპორტრეტზე გავამახვილებ, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მისი რომანებივით აღგაფრთოვანებთ. მანამდე მოკლედ გეტყვით, რომ ჰერმან ჰესემ უამრავი შედევრი შესძინა მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს, რომელთაგან საქართველოში განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი მისი რომანები: „პეტერ კამენცინდი“, რომელმაც გამოსვლისთანავე დიდი სახელი და „ფული“ შესძინა მწერალს, ალეგორიული რომანი „ზიდდჰარტჰა“, ერთგვარი ინდური პოემა, რომელიც ინდოეთში მოგზაურობის შემდგომ დაწერა და ბუდას „გაადამიანებული“ ბუნება დაგვანახა, ან ფილოსოფიური რომანი „ნარცისი და გოლდმუნდი“, რომელშიც აღწერილია სულიერი და საერო ცხოვრების აბსოლუტური ბიპოლარობა, ან „ტრამალის მგელი“, რომელიც არის ერთგვარი წიგნი წიგნში, რომელშიც ჰერმან ჰესემ მოიგონა გაორებული, ურთულესი ტიპი ჰარი ჰალერი - ადამიანი და მგელი, სუიციდალური მიდრეკილებების მქონე „მკვლელი“, რომელსაც ავტორმა თავადვე „შეუნდო“: „... იყო ადამიანი, ნიშნავს, იტანჯებოდე განუკურნებელი გაორებით... იხლიჩებოდე კეთილსა და ბოროტს შორის...“, ან ჩვენში ყველაზე ცნობილი რომანი „თამაში რიოში მარგალიტებით“ (იგივე „თამაში მძივით“, ან „თამაში ბისერებით“... ვფიქრობ, არცერთი ეს თარგმანი არ ასახავს ზუსტად ჰესეს „Das Glasperlenspiel“-ის არსს). 1946 წელს ჰერმან ჰესემ მიიღო ნობელის პრემია, მათ შორის ამ რომანისთვისაც, შემდეგი ფორმულირებით: „შთამაგონებელი შემოქმედებისთვის, რომელშიც ვლინდება ჰუმანიზმის იდეალები და ბრწყინვალე სტილისთვის“.

 

ჰესე სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველ ცოლთან - მარია ბერნულისთან ერთად მწერალი „სოფლურ“ იდილიაში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ქალს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობდა. ისინი გაიყარნენ... ინდოეთში მოგზაურობის შემდგომ ჰესე მეორედ დაქორწინდა, იმჯერად უკვე მასზე 20 წლით უმცროს მომღერალზე რუთ ვენგერზე, რომელიც ხატვითაც იყო გატაცებული. ეს ქორწინება 3 წლის შემდეგ შეწყდა და მწერალი მესამედ და „საშვილიშვილოდ“ დაქორწინდა ნინონ დოლბინზე, ხელოვნების ისტორიკოსზე. ისინი შვეიცარიაში, მონტანიოლაში დასახლდნენ, სადაც მწერალი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცხოვრობდა.

 

1962 წელს ჰერმან ჰესეს ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს, რის შემდეგაც მალევე, ძილში გარდაიცვალა - ტვინში სისხლის ჩაქცევით.

 

ახლა კი გაგახსენებთ, ან გაგაცნობთ ჰერმან ჰესე მხატვარს. მანამდე გეტყვით, რომ 1916 წელს, ფსიქოანალიზის კურსის გავლისას, ექიმმა ჰესეს უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საკუთარ სიზმრებს ნახატების სახით გადაიტანდა ქაღალდზე. მოგვიანებით ჰესე წერდა: „საღებავებით თამაშის და ბუნებისთვის ხოტბის შესხმის შესაძლებლობა უდიდესი ბედნიერებაა... როდესაც ვხატავ, ხეები იძენენ სახეს, სახლები იღიმიან ან ცეკვავენ და ტირიან...“

 

ერთგან ჰესე წერს, „რომ არა ფერწერა, ჩემი ლიტერატურული ენა გაცილებით ღარიბი იქნებოდა, სწორედ ფერწერამ შემძინა სამყაროსთან სხვაგვარად ურთიერთობის ნიჭი, ანუ როდესაც მხოლოდ სხვათა ცხოვრებას კი არ ვაკვირდები, არამედ თავად ვარ შემოქმედიო“...

 

ჰოდა, როდესაც ადამიანი ჰერმან ჰესეს ნახატებს უყურებს, დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც უჩნდება სურვილი, რომ აიღოს ქაღალდი და საღებავები და თავადაც დაიწყოს ხატვა... თქვენი არ ვიცი და მე რამდენჯერმე დავაპირე... სამწუხაროდ, ამაოდ.

 

ახლა კი სიამოვნებით გეპატიჟებით ჰერმან ჰესეს არაჩვეულებრივ გამოფენაზე.

 

ისიამოვნეთ და დაიწყეთ ხატვა... ეს ყველა სტრესს მოგიხსნით!

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219867361334230

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი