logo_geo
1911 წლის 5 ივლისს დაიბადა დიდი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე ჟორჟ პომპიდუ
- +

5 ივლისი. 2019. 21:08

 

1911 წლის 5 ივლისს დაიბადა დიდი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და მეხუთე რესპუბლიკის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ, რომელიც, ამავდროულად, იყო ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, ზეპირსიტყვიერების დიდოსტატი, ფრანგული პოეზიის ანთოლოგიის შემდგენელი და ხელოვნების ქომაგი. პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი მას იცნობს არა პოლიტიკაში მისი დიდი ღვაწლის ან მისი პოლიტიკური თუ ოჯახური წარმატება-წარუმატებლობების, არამედ მის მიერვე დაფუძნებული „პომპიდუს ცენტრის“ წყალობით, რომელიც პარიზის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მთელი მოღვაწეობის მანძილზე ჟორჟ პომპიდუ იღვწოდა მრავალი დარგის, მათ შორის კულტურის სფეროს განვითარებისთვის, ამიტომ „პომპიდუს ცენტრის“ ძირითადი ყურადღება, უმეტესწილად, კონცენტრირებულია თანამედროვე ხელოვნებაზე. დღესაც კი, მისი პრეზიდენტობისდროინდელ სტილს და ფუტურისტულ ნაგებობებს „პომპიდუს სტილს“ უწოდებენ.

 

ჟორჟ პომპიდუმ წარმატებით დაასრულა ფილოსოფიის ფაკულტეტი და მასწავლებლად მუშაობის შემდგომ, ყველასთვის მოულოდნელად, პოლიტიკას „დაეწაფა“. დროებითი მთავრობის დროს იგი ხელმძღვანელობდა ტურიზმის დეპარტამენტს და სწორედ მაშინ გაიცნო შარლ დე გოლი. მათი შეხვედრა ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზარდა, მაგრამ არც თუ სახარბიელოდ დასრულდა... მანამდე კი... როდესაც დე გოლი დროებით განერიდა პოლიტიკას, პომპიდუმ „როტშილდების ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა. იმავე პერიოდში იგი გახდა დე გოლის „მზის“ ქალიშვილის ანნას სახელობის საქველმოქმედო ფონდის მმართველი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ორი დიდი პოლიტიკოსის დაახლოებაში, ამიტომ როდესაც შარლ დე გოლი პოლიტიკას დაუბრუნდა, ჟორჟ პომპიდუ მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველად დანიშნა. მალე, რეფერენდუმის წყალობით, ჟორჟ პომპიდუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. 1968 წელს ჟორჟ პომპიდუსა და შარლ დე გოლს შორის „შავმა კატამ“ გადაირბინა. ყველაფრის მიზეზი პომპიდუს უზომო პოპულარობა იყო. აი, სწორედ მაშინ გამოადგა პომპიდუს მასწავლებლის ნიჭი; მან შესძლო მოლაპარაკება პროფკავშირებსა და სტუდენტურ მოძრაობასთან და კომპრომისების წყალობით ხელი მოეწერა ძალზე მნიშვნელოვან შეთანხმებას, რითიც საფრანგეთმა თავიდან აიცილა სისხლისღვრა და მსხვერპლი, მაგრამ... პომპიდუს „მედალს“ მეორე მხარეც აღმოაჩნდა. შარლ დე გოლს, მრავალი დიდი პოლიტიკოსის დარად, სულ არ მოეწონა პომპიდუს უზომო პოპულარობა და ზედმეტი დამოუკიდებლობა, ამიტომ შედეგმაც არ დააყოვნა... მათ შორის ურთიერთობა გაიბზარა... იმავე წელს, წარმოქმნილი კრიზისის გამო, დე გოლმა პარლამენტი დაითხოვა და მალე იძულებული გახდა, თავადაც გადამდგარყო... ესე არ უნდაო და დე გოლმა პომპიდუც პოლიტიკურ „რეზერვში“ გაუშვა...

 

1969 წელს მომავალი გეგმების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვაზე პომპიდუმ უპასუხა, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ პოლიტიკური წარსული და თუ ღმერთი ინებებს, მექნება სახელმწიფოებრივი მომავალიცო... ამით პომპიდუმ ერთგვარად მიანიშნა, რომ აპირებდა, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მასზე კომპრომატების შეგროვება დაწყებულიყო და... ამაზე მომდევნო სტატუსში გიამბობთ...

 

1969 წელს ჟორჟ პომპიდუ გახდა მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტი და თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკური სვლებით მრავალი სიკეთე მიუტანა საკუთარ ქვეყანას. რაც შეეხება პრეზიდენტ დე გოლს, მისი გარდაცვალების დღეს ტელევიზიით გამოსვლისას ჟორჟ პომპიდუმ განაცხადა: „გენერალი დე გოლი გარდაიცვალა, საფრანგეთი დაქვრივდა.“

 

62 წლის პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ გარდაიცვალა 1974 წელს. მას მწვავე ლეიკემია ჰქონდა, რომელსაც ყველას „უმალავდნენ“, მათ შორის ფრანგებსაც. პრეზიდენტის დაკრძალვას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა დიდი სახელმწიფოს პირველი პირები დაესწრნენ, მათ შორის რიჩარდ ნიქსონი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საფრანგეთსა და აშშ-ის შორის დაძაბული ვითარება იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი