logo_geo
თეა ფირცხალავა: ასევე დასრულდება ნაციონალების „გავრილოვის საჯდომის საქმე“ საქართველოში და საღი აზრი აუცილებლად იზეიმებს
- +

6 ივლისი. 2019. 21:15

 

ჟორჟ პომპიდუს იუბილესთან დაკავშირებით გაგაცნობთ ე.წ. „მარკოვიჩის საქმეს“... რამე ხომ არ გაგახსენდათ? მაგალითად, „გავრილოვის საჯდომის საქმე“, ან სხვა შეთხზულ-შეკერილი საქმეები, რომლებსაც ძალით გვახვევენ თავს?!

 

მოკლედ, ჟორჟ პომპიდუ უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, მას ყველა პატივს სცემდა, მის ოჯახშიც სრული იდილია სუფევდა, ცოლი ქმრის საიმედო და ერთგულ „ხერხემლად“ ითვლებოდა და ყველაფერი ასე „მოსაწყენად“ გაგრძელდებოდა, რომ არა „მეხის“ გავარდნა 1968 წლის პარიზის თავზე, როდესაც გაზეთ „ფიგაროში“ გამოქვეყნდა ერთობ საეჭვო ხასიათის ფოტოები, რომლებშიც ჩასაფრებულმა უსაქმურებმა ჟორჟ პომპიდუს მეუღლე კლოდ კაური „ამოიცნეს“ და... წავიდა, დაირხა ხმები პირველი ლედის სკანდალური „საქმიანობის“ შესახებ... სიმართლე არავის აინტერესებდა, მთავარი იყო „ბრალის“ წაყენება და მერე, თუ გინდ თავში ქვა ეხალათ... მოკლედ, როცა ყველაფერი დამთავრდა და მოსახდენი მოხდა, დაიწერა, რომ ფოტოები უბრალო ფაბრიკაცია იყო...

 

ალბათ გაინტერესებთ, ვინ იყო მარკოვიჩი, ვისი სახელიც „საქმეში“ ფიგურირებდა.

 

1960 წელს ალენ დელონმა, რომელიც იმდროინდელ იუგოსლავიაში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, ქუჩაში სეირნობისას შემთხვევით გაიცნო ვინმე სტევან მარკოვიჩი, რომელიც მეგობართან ერთად გამალებულ ჩხუბში იყო ჩართული. მაშინ ალენმა არ იცოდა, რომ მარკოვიჩი ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. ამიტომ, მოეწონა რა მისი ვაჟკაცური ჩხუბი, ალენმა იგი პირად მცველად მიიწვია. მალე, დიდი მსახიობის წყალობით, მარკოვიჩი „მარაქაში“ გაერია, ფრანგულ ელიტას დაუახლოვდა და, ჭორების თანახმად, „ხურდაში“ წარჩინებულ ქალბატონებსაც ხელს გამოჰკრავდა ხოლმე...

 

1968 წელს სტევან მარკოვიჩის გაქვავებული გვამი პარიზის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე იპოვეს. მოცლილებმა ხელი მაშინვე ალენ დელონისკენ გაიშვირეს და მსახიობს თავიც ამართლებინეს. „ესაოდა, მე რატომ მოვკლავდი, როდესაც თავად გამოვიყვანე ციხიდან და გზაზე დავაყენე“-ო, იფიცებოდა „ჩვენი“ ბიჭი... გაფრქვეულ ჭორებს ისიც „ამაგრებდა“, რომ ალენ დელონის იმდროინდელი ცოლი ნატალი დელონი მარკოვიჩის საყვარლად „გაასაღეს“... იწერება, რომ ალენმა იცოდა ცოლის „გადაცდომის“ შესახებ, მაგრამ, ბოდიში და, ფეხებზე ეკიდა, რადგან მათი განქორწინების პროცესი კარგახნის დაწყებული იყო.

 

აი, აქ უკვე ავანსცენას „იპყრობს“ პომპიდუების ოჯახი...

 

ცოტა ხნის შემდეგ მოკლული მარკოვიჩის სახლში რამდენიმე „ეროტიული“ ფოტო "იპოვეს", რომლებზეც, ვითომ, პომპიდუს ცოლი - კლოდ კაური იყო აღბეჭდილი... პრესას სულ არ აინტერესებდა, იყო თუ არა ფოტოები ფაბრიკაცია, მთავარი იყო სკანდალი და ჟორჟ პომპიდუზე „შურისძიება“ (ვისი მხრიდან იყო შურისძიება, ეს კიდევ საკითხავია)... ჰოდა, ადგნენ გავეშებული მოცლილები და ხელი ჟორჟ პომპიდუსკენ გაიშვირეს... ზოგი ამბობდა, ალენ დელონმა მარკოვიჩი ჟორჟ პომპიდუს სახლში მოკლაო... „არგუმენტად“ იშველიებდნენ იმ ფაქტს, რომ ის ნაგავსაყრელი, სადაც გვამი იპოვეს, პომპიდუს სახლისკენ მიმავალ გზაზე იყო (ვერ შეედავები, „წყალი-რომ-არ-გაუვა ისეთი არგუმენტია)... ზოგი ამბობდა, პომპიდუმ შური იძია და ვიღაც სხვას მოაკვლევინა მარკოვიჩი და არა ალენ დელონსო... მსგავსი უტიფარი ტყუილი ბევრი არ წამიკითხავს... ეს დაახლოებით ისეთივე სისულელე და გამოგონილი „საქმეა“, როგორც „გავრილოვის საჯდომის საქმე“... მოკლედ, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აიზილა და სწორედ მაშინ შეიკერა ე.წ. „მარკოვიჩის საქმე“... არადა, მარკოვიჩი მართლა საზიზღარი ტიპი იყო (რაც იმას არ ნიშნავს რომ ყველა საზიზღარი უნდა მოკლა). ამბობენ, რომ სახლში, რომელიც ალენ დელონმა მარკოვიჩს დაუქირავა, მას საროსკიპო ჰქონდა მოწყობილი, ორგიებს აწყობდა, წარჩინებულ ქალებს ფოტოებს უღებდა და მერე ამით აშანტაჟებდა მათ... ჰოდა, "ქეც" მიიღო დამსახურებულად - ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი მკვლელობის დამკვეთი. ალბათ იმდენად გაამწარა ვიღაც „წარჩინებული“ და ე.წ „ცნობადი“ ადამიანი, რომ ადგა და დედა უტირა შანტაჟისტს.

 

ასე თუ ისე, ჟორჟ პომპიდუს მტრებმა ბინძურად გამოიყენეს „მარკოვიჩის საქმე“ და ალენ დელონის სახელი, რომელიც პომპიდუების სახლის ხშირი სტუმარი იყო. იწერება, რომ ჟორჟ პომპიდუმ ცოლის მხარე დაიჭირა, ყოველმხრივ იცავდა მას და თვით პრეზიდენტ დე გოლის წინაშეც მოუწია მისი „გამართლება“...

 

აგორებულმა შავმა პიარმა, სკანდალმა და შეთხზულმა „მარკოვიჩის საქმემ“ ყურზე ხახვიც ვერ დააჭრა ჟორჟ პომპიდუს... 1969 წელს „დევნილი“ პოლიტიკოსი ჟორჟ პომპიდუ საფრანგეთის ლიდერი და მისი პრეზიდენტი გახდა. „მარკოვიჩის საქმე“ კიდევ 7 წელი გაგრძელდა და ისევე დასრულდა, როგორც ყველა ყალბი საქმე სრულდება ხოლმე. ასევე დასრულდება ნაციონალების „გავრილოვის საჯდომის საქმე“ საქართველოში და საღი აზრი აუცილებლად იზეიმებს.

 

P.S. მარკოვიჩის მკვლელს დღემდე ეძებენ...

სადა ხარ ჩემო იმანო?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი