logo_geo
1894 წლის 3 ივლისს ოდესაში დაიბადა ზინაიდა რაიხი
- +

3 ივლისი. 2019. 21:16

 

„Простите мне... я знаю: вы не та —

Живете вы с серьезным, умным мужем;

Что не нужна вам наша маета,

И сам я вам ни капельки не нужен...“

 

სერგეი ესენინის ეს ლექსი ჩვენს დღევანდელ იუბილარს და პოეტის მარადიულ სიყვარულს ეძღვნება. ამასთან, ისტორია, რომელსაც სტატუსის ბოლოს გიამბობთ, ბევრისთვის უცხოა და იგი მისტიურად „უკავშირდება” საქართველოს, არა, უფრო სწორად - ქართულ გვარს... თუმცა, წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ.

 

1894 წლის 3 ივლისს ოდესაში დაიბადა გერმანული წარმომავლობის ცნობილი თეატრალური მსახიობი, ულამაზესი და დახვეწილი ქალბატონი ზინაიდა რაიხი, რომელიც 1930-იან წლებში მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და „საბედისწერო“ ქალი იყო. მისი სახელის ხსენებისთანავე ყველას ორი გენიალური რუსი ახსენდება - სერგეი ესენინი და ვსევოლოდ მეიერხოლდი, რომლებიც მისი ქმრები იყვნენ.

 

1917 წელს ზინაიდა და სერგეი ესენინმა ჯვარი დაიწერეს და მალე ქალ-ვაჟიც შეეძინათ, მაგრამ ამ ფაქტმა ოჯახის მთლიანობა ვერ უზრუნველყო. 3 წელიწადში ისინი დაშორდნენ და ჯანმრთელობაშერყეული ზინაიდა ნევროლოგიურ კლინიკაში დააწვინეს. მალე ზინაიდა „აზრზე მოვიდა“ და მოსკოვის „უმაღლეს სარეჟისორო სახელოსნოში“ ჩაირიცხა, მასთან ერთად სწავლობდნენ სერგეი ეიზენშტეინი და სერგეი იუტკევიჩი, ხოლო თავად სახელოსნოს ვსევოლოდ მეიერხოლდი ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ დროს დაქორწინებული იყო და 3 ქალიშვილი ჰყავდა. 49 წლის მეიერხოლდი მეუღლეს გაეყარა და ზინაიდა რაიხი შეირთო ცოლად... მოგონებების თანახმად, მიტოვებულმა ქალმა საშინლად დასწყევლა მოღალატე ქმარი და მისი რჩეული... გაივლის დრო და წყევლა მისტიურად ახდება... რამდენიმე წლის შემდეგ ორივე „მოღალატე“ დაიღუპება, კაცს - დახვრეტენ, ქალს კი... თუმცა, მანამდე... როგორც უკვე გითხარით, ცოლისგან თავდაღწეული მეიერხოლდი მისსავე სტუდენტ ზინაიდა რაიხზე დაქორწინდა, მისი ქალ-ვაჟი იშვილა და მამობრივი მზრუნველობით ზრდიდა მათ.

 

ზინაიდა რაიხი მეიერხოლდის გალათეა გახდა. რეჟისორი კი, პიგმალიონისა არ იყოს, ყველაფერს აკეთებდა, რომ ქალისგან, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა, ნამდვილი ვარსკვლავი „გამოეძერწა“... სანამ გავაგრძელებ გეტყვით, რომ...

 

1923 წელს, როდესაც აისედორა დუნკანთან დაშორებული და ეპილეფსიაგართულებული ესენინი ამერიკიდან რუსეთში დაბრუნდა, პოეტს კვლავ გაუღვივდა სიყვარული ყოფილი მეუღლისადმი, ის კი არადა, მეიერხოლდზე და საკუთარ შვილებზე ეჭვიანობდა, ირონიულ ლექსებს უძღვნიდა რეჟისორს და საკუთარ თავსაც:

 

„Но ты детей по свету растерял,

свою жену легко отдал другому,

И без семьи, без дружбы, без причал -

ты с головой ушел в кабацкий омут...“

 

ამბობენ, რომ ესენინს ზინაიდა სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა. ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ხოლმე ზინაიდა გეიმანის სახლში. მოკლედ, ეს იყო ტიპური სასიყვარულო სამკუთხედი, ანუ, როგორც მე ვეძახი ხოლმე, ეს იყო დაწყევლილი გეომეტრიული ურთიერთობა. იმასაც ამბობენ, რომ მეიერხოლდმა ყველაფერი იცოდა ცოლის და ესენინის შეხვედრებზე და ამის გამო გეიმანს საყვედურობდა და არა ცოლს... ეეეჰ, რას გოუგებ სიყვარულს... ისე, ჩანაწერების თანახმად, მეიერხოლდს ცოლის ნერვული ბუნება და ისტერიული, თავშეუკავებელი წამოძახილები უფრო აღელვებდა, ვიდრე მისი ესენინთან კავშირი... ერთხელ აჟიტირებულ ზინაიდა რაიხს კალინინსთვის მიუძახია, „ყველამ კარგად იცის შენი მექალთანეობის შესახებ“-ო. კალინინს ვიღა სჩივის, ერთხელ თვით სტალინსაც კი „მისწვდომია“ წერილით: „...Я с Вами все время спорю в своей голове, все время доказываю Вашу неправоту порой в искусстве…“-ო, „წაყრანტალებია“ ბელადს, რაც ძვირად დაუჯდათ ცოლ-ქმარს... ეს ისტორია კი ასე დაიწყო: 1938 წელს ზინაიდა რაიხმა ბრწყინვალედ ითამაშა მეიერხოლდის სპექტაკლში „ქალი კამელიებით“, რომლის პრემიერასაც სტალინი დაესწრო. ბელადს სპექტაკლი არ მოეწონა. აი, სწორედ მაშინ „აფრინა“ გაგულისებულმა ზინაიდა რაიხმა ზემოაღნიშნული წერილი.

 

1939 წელს მისტიურად ახდა ვსევოლოდ მეიერხოლდის ცოლის წყევლა: რეჟისორი დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს, როგორც „ინგლისის და იაპონიის დაზვერვის ჯაშუში“, ხოლო ზუსტად 24 დღეში მისი ცოლი - ზინაიდა რაიხი დაუნდობლად აკუწეს დანით. ღამით მკვლელები შეიპარნენ მის სახლში და მსახიობს 17 ჭრილობა მიაყენეს. ზინაიდა საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „დამტოვეთ ექიმო, მე ვკვდები“... მას 1000-სჯერ მაინც ექნებოდა ნათქვამი ეს სიტყვები, ოღონდ სპექტაკლში „ქალი კამელიებით“, ბოლოს კი იგივე სიტყვები გაიმეორა, ოღონდ „სპექტაკლში“, სახელად ცხოვრება.

 

ზინაიდა რაიხის მკვლელობის საქმე დღემდე გაუხსნელია. იგი დაკრძალეს ვაგანკოვოს სასაფლაოზე, ესენინის საფლავთან ახლოს. მას ტანთ ეცვა კამელიებიანი ქალის შავი ბარხატის კაბა, რადგან ის მისი საყვარელი როლი იყო. რუსი პოეტესსას ოლგა ბერგოლცის დღიურის თანახმად, ზინაიდა რაიხის დაკრძალვაზე არავინ მისულა, 1-2 ნათესავის გარდა. რაც შეეხება ვსევოლოდ მეიერხოლდს, კრემირების შემდგომ მისი ფერფლი დონის მონასტრის ახლოს, ძმათა სასაფლაოზე ჩაფლეს, ხოლო მოგვიანებით მისი კენოტაფი ზინაიდა რაიხის საფლავზე განათავსეს.

 

ახლა რაც შეეხება შეპირებულ ქართულ გვარს:

 

ზინაიდა რაიხის და ვსევოლოდ მეიერხოლდის შვილებს 48 საათში დააცლევინეს ბინა და იქ შეასახლეს ლავრენტი ბერიას პირადი მძღოლი და შსსკ-ს (НКВД) 18 წლის ქართველი ოფიცერი ვარდო მაქსიმილიშვილი. როგორც ამბობენ, გოგონა შსსკ-ში ბერიას პირად მდივნად მუშაობდა და პარალელურად, ალბათ, დიდი მეგრელის მგზნებარე ვნებებსაც აკმაყოფილებდა, თუმცა, ეს რა ჩვენი საქმეა?! ვარდო ძალზე ლამაზი და საკმაოდ ეშმაკი გოგონა ყოფილა. მეზობლების შეკითხვებს გაურბოდა და ამტკიცებდა, რომ აზრზეც არ იყო, ვინ ცხოვრობდა მის ბინაში იქ გადასვლამდე. საგულისხმოა, რომ ვარდო მაქსიმილიშვილი 1990 წლამდე ცხოვრობდა იმ ბინაში, მანამ, სანამ კგბ-ს იმდროინდელმა მინისტრმა ვლ. კრიუჩკოვმა არ „გადაასახლა“ საკმაოდ კარგ ბინაში. მისი შემდგომი „მოღავწეობა“ უცნობია.

 

ზინაიდა რაიხისა და ვსევოლოდ მეიერხოლდის ბინაში მეიერხოლდის სახლ-მუზეუმი გაიხსნა და... იქ არ უყვართ მეიერხოლდის დახვრეტაზე საუბარი.

 

ამ სტატუსს კვლავ რაიხისადმი მიძღვნილი ესენინის ლექსით დავასრულებ:

 

„...Позабуду я мрачные силы,

что терзали меня, губя.

Облик ласковый! Облик милый!

Лишь одну не забуду тебя.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი