logo_geo
1883 წლის 3 ივლისს პრაღაში უდიდესი გერმანულენოვანი მწერალი ფრანც კაფკა დაიბადა
- +

3 ივლისი. 2019. 21:19

 

1883 წლის 3 ივლისს პრაღაში - ებრაელების ყოფილ გეტოში - რომელიც იმ დროს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო, დაიბადა უდიდესი გერმანულენოვანი მწერალი ფრანც კაფკა, რომელსაც დღეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ქალაქ პრაღის ერთ-ერთი სიმბოლო, ან მისი სახე. საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია ფრანც კაფკას „გოდოლი“, „პროცესი“, „გარდასახვა“, „წერილი მამას“, „წერილები მილენასადმი“ და მრავალი სხვა. კაფკას დაუსრულებელი რომანი „ციხესიმაგრე“ („Das Schloss“, რომელიც ქართულად თარგმნილია, როგორც „გოდოლი“), მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს წიგნადაა მიჩნეული. რომანის სიუჟეტური ქარგა, ანუ ციხესიმაგრემდე მისასვლელი გზის ძიება, ძალზე ჩახლართულია და მასში უამრავი სიმბოლოა ჩაქსოვილი (ბევრს, ალბათ, „მონანიების“ უმთავრესი შეკითხვა გაგახსენდათ - „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“ დამიჯერეთ, ასე არ არის... იქ სულ სხვა ძიებაზეა საუბარი).

 

მწერლის დედის იულია (ეტელ) ლევის ჩანაწერების თანახმად, ფრანცი დაბადებიდან სუსტი და „განსხვავებული“ ბავშვი იყო, ხშირად ავადმყოფობდა, ბევრს კითხულობდა, რაღაც ისტორიებს იგონებდა და დებისთვის პიესებსაც წერდა, რომლებიც საოჯახო „თეატრში“ იდგმებოდა. მიუხედავად ამ „კულტსაგანმანათლებლო“ საქმიანობისა, კაფკა, როგორც მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, ბავშვობიდანვე მარტოსულად გრძნობდა თავს: „რაც თავი მახსოვს, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემივე სულის გადარჩენა და სხვა ყველაფერი არაფრად მიმაჩნდა. ჩემი ჩაკეტილობა იყო თავდაცვა შიშებისა და მუდმივად დამნაშავედ ყოფნის აკვიატებული განცდისგან“-ო, წერდა.

 

ფრანც კაფკამ დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტი და სამართლის დოქტორი გახდა. ოფიციალური პროფესია არასოდეს იზიდავდა, ამიტომ სადაზღვევო ოფისის კლერკობა და მისი ნამდვილი მოწოდება - მწერლობა, ერთმანეთთან ვერ თავსდებოდნენ... გაორებული ცხოვრება შინაგანად აფორიაქებდა, რის გამოც ყველა ერიდებოდა... ახლობლები თვლიდნენ, რომ იგი მათთვის ერთი უცხო, უცნაური, გაუგებარი და მუდმივად მწერლობაზე მეოცნებე ადამიანი იყო. ის კი არადა, მამასთან არაერთი კონფლიქტის გამო, 15-მდე ბინა გამოიცვალა პრაღაში, ვერსად ჩერდებოდა და თავად ქალაქიც გაურკვეველ ლაბირინთად ეჩვენებოდა, წერდა: „ამ პატარა წრეში მთელი ჩემი ცხოვრებაა გამოკეტილი“-ო. ლიტერატურა - აი, რა იყო მისი სიცოცხლის არსი.

 

1902 წელს სემინარზე, რომელიც ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებას ეძღვნებოდა, კაფკამ გაიცნო მაქს ბროდი, რომელიც მისი განუყრელი მეგობარი გახდა. სწორედ მაქსის ინიციატივით გამოიცა ფრანც კაფკას პირველი კრებული „თვალთახედვა“ (ჰაინრიხ ბიოლში არ აგერიოთ), რომელსაც კრიტიკოსებმა მაშინვე უწოდეს ახალი სიტყვა ლიტერატურაში. შემდეგ იყო სხვა მრავალი კრებული და ნამდვილი ლიტერატურული შედევრები. იმავე მაქს ბროდს უკავშირდება ფრანც კაფკასთან დაკავშირებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაერთი მოვლენა, მათ შორის ამ დიდი მწერლის შემოქმედების ჩვენამდე მოღწევა. ცნობილია, რომ სიკვდილის წინ ფრანცმა მაქსს დაუბარა, რომ მისი ყველა ნაწარმოები წაუკითხავად დაეწვა, რაც ბროდმა, რასაკვირველია, არ შეუსრულა, კარგად იცოდა, რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა კაფკას შემოქმედებას მსოფლიო ლიტერატურის საგანძურისთვის. მაქს ბროდმა არა მხოლოდ „დაალაგა“ და გამოაქვეყნა ფრანც კაფკას ნაწარმოებები, არამედ მასზე წიგნიც დაწერა.

 

კაფკა ნამდვილად არ იყო ანგელოზი, მას უამრავი „ადამიანური“ მანკიერება ახასიათებდა, ისევე, როგორც ყოველ ჩვენგანს და ამას მისივე „ავტობიოგრაფიული“ ნაწარმოებებიდან და ჩანაწერებიდან ვგებულობთ. ვგებულობთ იმასაც, რომ მისთვის „კარგი“ ცხოვრება ნიშნავდა ცხოვრებას ღმერთთნ ახლოს, ხოლო ღმერთის მსახურება, ისევე, როგორც ბევრი, ბევრი, ბევრი სხვა რამ, მხოლოდ კაფკასეულად ესმოდა, „წერა ერთგვარი ლოცვაა“-ო, წერდა და ალბათ ეს იყო მისთვის ღმერთის "პატივისცემის" უკიდურესი გამოვლინება, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისებრ მწვავედ არავის აღუქვამს ღმერთისგან საკუთარი თავის უკიდურესი დაშორებაც. ეს რთული და ჩემთვის შეუწვდომელი თემაა და აქ გავჩერდები.

 

მაქს ბროდს კიდევ ერთი „დამსახურება“ ჰქონდა ფრანც კაფკას წინაშე. ის იყო პირველი, ვინც 26 წლის "ბიჭუნა" პირველად წაიყვანა „ქალთან“, „წითელი ფანრების“ კვარტალში, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა. პირველი „სასიყვარულო“ გამოცდილება კაფკამ კაფკისეული ოქსიმორონით ახსნა: „ყველაფერი შესანიშნავად საძაგელი იყო“. მიუხედავად ამისა, ქალები კაფკას აღმერთებდნენ და არასდროს და არავის უთქვამს უარი მასთან სიახლოვეზე. ქალები იტანდნენ მის კომპლექსებს, შიშებს, მერყეობას, ცვალებადობას... საკითხავია, რას წარმოადგენდნენ ეს თვისებები კაფკასთვის - უფლის სასჯელს, თუ ჯილდოს?! თავად განსაჯეთ.

 

პირველი „გამოცდილების“ შემდგომ მწერალი ხშირად სტუმრობდა „იმ“ ადგილს, მაგრამ გარყვნილი ქალები საშინლად სძულდა (ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, რაც, „ნორმალურ“ ადამიანს, წესით, არ უნდა სძულდეს)...

 

მაქვს ბროდის მომდევნო დამსახურება იყო კაფკას და ფელიცა ბაუერის გაცნობა. აბსოლუტურად განსხვავებული ამ ორი ტიპის ურთიერთობა 5 წელს გაგრძელდა. „მშიშარა“ და ეგოისტი ფრანცი სილამაზეზე მეტად საკუთარ „უსაფრთხოებას“ ხედავდა ფელიცაში. ქალი მზად იყო ფრანცის ყველა „უცნაურობა“ აეტანა, მაგრამ მათი ურთიერთობა ორჯერ ნიშნობას ვერ გასცდა, ისინი არ დაქორწინდნენ. მართალია, ფრანც კაფკას ეშინოდა მარტოობის, მაგრამ იმავე მარტოობასთან განშორება კიდევ უფრო აშინებდა, „ყველაფერი, რასაც მივაღწიე, მხოლოდ მარტოობის დამსახურებაა“-ო, წერდა. მალე კაფკა მეორე ქალზე დაინიშნა და იმავე პერიოდში ჭლექი დაუდგინეს. ის ნიშნობაც გაუქმდა... 5 წლის შემდეგ, სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნისას, კაფკამ 8 წლით უმცროსი იულია ვოხრიცეკი გაიცნო. იულია ჭკვიანი ქალი აღმოჩნდა და კაფკა დაქორწინებაზეც თანახმა იყო, მაგრამ... იმავე პერიოდში მწერალმა ჟურნალისტი მილენა ესენსკა გაიცნო და იულიას დაშორდა... ქალმა (ჭკუის მიუხედავად) საშინლად დასწყევლა მოღალატე კაცი და მალე... თავად ამოჰყო თავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც აღარც გაწერილა. რაც შეეხება მილენას, მან ზუსტად იცოდა, რომ კაფკა საშინლად ცოდვილი გენიოსი იყო და მაინც ყველაფრისთვის მზად იყო. აღმოჩნდა, რომ სწორედ მისებრ ქალს ეძებდა კაფკა, „ის ცეცხლია, ცეცხლი“-ო, წერდა მაქსს, თუმცა... მასე მარტივადაც არ იყო საქმე. მილენა დაქორწინებული, ფრანცი კი - „სასიყვარულო სამკუთხედის" წინააღმდეგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმგვარი კავშირები მოდაში იყო. მოკლედ, ისინიც დაშორდნენ...

 

1923 წელს უკვე მძიმედ დაავადებული ფრანც კაფკა პანსიონატში წავიდა დასასვენებლად, უფრო სწორად, სიკვდილთან „შესახვედრად“. ზუსტად მაშინ გაიცნო 19 წლის დორა დიამანტი, მისი უკანასკნელი მუზა და პირველი ცოლი. დორა იყო ძალზე ლამაზი და ჭკვიანი ქალი, რომელსაც პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა გენიალური მწერალი. სწორედ მის ხელში დაიწერა კაფკას ზემოხსენებული რომანი „გოდოლი“, ანუ ისტორია ადამიანზე, რომელიც არ სჭამს და კვდება თავის „ჭურჭელში“, ანუ, დაახლოებით ისე, როგორც კაფკა, რომელმაც როგორც კი „ციხესიმაგრეს“ მიაგნო და დაქორწინდა - მოკვდა კიდეც. 1924 წელს კაფკამ საყვარელი დორას ხელებში დალია სული. იგი პრაღაში გადაასვენეს და ახლადგახსნილ ებრაულ სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

პრაღაში, კაფკას მუზეუმის შესასვლელთან, მოწყობილია „უცნაური“ შადრევანი, ორი „სკანდალური“ ქანდაკებით, რომლის ავტორია ასევე სკანდალურად ცნობილი ჩეხი სკულპტორი დავიდ ჩერნი. თუ სახლმუზეუმთან დადგმულ სკულპტურას დააკვირდებით დაინახავთ, რომ ორი მამაკაცი ჩეხეთის რუკის ფორმის რაღაც „წარმონაქმნს“ აშარდავს... კრიტიკოსები ამგვარი „გახელების“ მრავალ ვერსიას ასახელებენ, თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი