logo_geo
დინა მირხულავა: თაროზე კი, ბავშვებისათვის ვერმისაწვდომ ადგილას, დედასთვის ნაყიდი თეთრი კოფთა იდო...
- +

9 ივლისი. 2019. 15:09

 

 

იმ პატარა, თითქმის უჭერო და უმინებო სახლს ექვსი სული შევეხიზნეთ.

 

მამაჩემისთვის რომ გეკითხათ - დროებით.

 

დღეს და ხვალ თუ არა, ზეგ ომი აუცილებლად დამთავრდებოდა და ჩვენ დავბრუნდებოდით.

 

ბებიაჩემს ისე სჯეროდა მამასი, ამოულაგებელი ჩემოდანი საწოლის ქვეშ შეაცურა და საწოლზე გულაღმა გაშოტილმა რაღაცნაირი სხივაკიაფებული თვალები ჭერს მიაბჯინა.

 

ვიცი, იმ წამს ოცნებობდა და ეს მოხუცი ქალი მზად იყო, ახალი ცხოვრება დაეწყო.

 

ხელის კანკალით მოიხსნა დედამ ლალისთვლიანი საყურეები.

 

- არ გინდაო, - მამამ, - რამე გამოჩნდებაო.

 

- შიმშილით ვიხოცებით! - ისე მკაცრად უპასუხა, რომ ისედაც ჩია ტანის კაცი უფრო დაპატარავდა.

 

ახლა ვხვდები, რომ დედაჩემმა მასთან ერთად გატარებული რომელიღაც ბედნიერი დღე მოიხსნა ყურებიდან, მამაჩემი კიდევ ქალაქის რომელიღაც ბინძურ, სუნიან და ნესტიან მიწისქვეშა გადასასვლელში უსირცხვილოდ დადგა და საყურეები გაყიდა!

 

უყოყმანოდ, შეუვაჭრებლად უღალატა დედაჩემს და საღამოს სახლში აგურის ფორმის პურები მოიტანა და ბევრი, ძალიან ბევრი კომბოსტო და კიდევ რაღაც, რაც ზემოთ თაროზე შემოდო, რომ ბავშვები არ მივწვდომოდით...

 

გვიან, როცა დედას ეგონა, რომ სამივეს გვეძინა, ჩვენს საწოლთან იჯდა და სლუკუნებდა.

 

მხოლოდ მე მესმოდა, როგორ გვებოდიშებოდა შვილებს, რომ ახლა ამის დრო არ იყო, მაგრამ მამათქვენი უცნაური კაციაო...

 

თაროზე კი, ბავშვებისათვის ვერმისაწვდომ ადგილას, დედასთვის ნაყიდი თეთრი კოფთა იდო...

 

 

big_banner
არქივი