logo_geo
დინა მირცხულავა: ნუთუ, ჩემი დაბადებისას არგანცდილ ტკივილებს ახლა მე და შენ ერთად და ცალ-ცალკე განვიცდით, დე?!
- +

10 ივლისი. 2019. 13:54

 

338-ე #ბარათი დედას

 

ასეთი რად ვარ, დე?!

 

შენი დაბადება თითქმის უმტკივნეულო იყოო, - ასე მითხარი ერთხელ და ნუთუ, მაშინ არგანცდილ ტკივილებს ახლა მე და შენ ერთად და ცალ-ცალკე განვიცდით?!

 

ან ფერები რად მასწავლე, დე?! ვყოფილიყავი დალტონიკი და ნუ მეტყოდი, რომ ბალახი მწვანეა, გვირილა თეთრი, ცა ლურჯი, ჩემი და შენი თვალები თაფლისფერი...

 

რად მაჯერებდი, რომ ყველა ადამიანი პატიოსანია?!

 

რატომ მასწავლე ერთგულება, რატომ მაიძულე, ბოლომდე მერწმუნა ადამიანების, რატომ მთხოვდი, ბოლომდე მიმეცა შანსი მათთვის?!

 

- თუ ხილულ ადამიანს არ უჯერებ, უხილავ ღმერთს რას ირწმუნებო?! - ეს ფრაზა რა იყო, დე?!

 

მოირასავით რომ ამაკარი და ბედისწერად რომ მიქციე.

 

პირველად როცა კალამი ავიღე და წერა დავიწყე, რატომ არ გამიწყერი, რატომ მომეცი ნება, მეჯღაბნა?!

 

რატომ არ გადამიყარე ტყიდან მოთრეული ხმელი ფოთლები და მოყინული იები?!

 

რატომ არ გააგდე გარეთ ჩიტის ბარტყი, მთელი კვირა რომ მატლებს ვეზიდებოდი მისთვის?!

 

რატომ მომაყოლე პირველი სიზმარი, რატომ ბოდვად არ ჩამითვალე, დე?!

 

იცი, როგორი რთულია ახლა სიზმარეთის ბინადრობა?!

 

იქ, იმ დაწყევლილ კედლებში, რატომ დამიჯერე?!

 

- ოღონდ აქედან გამიყვანე და კარგად ვიქნები-თქო, - ვიცრუე.

 

არა ვარ კარგად, დე!

 

ჩვენ ჩემი მდგმურობის 30 წელს განვიცდით ტკივილებს.

 

შენ - ჩემი დაბადებისას არგანცდილს.

 

მე კი, ყირამალა სამყაროში დაბადების შიში მასხავლებს...

 

 

 

big_banner
არქივი