logo_geo
1730 წლის 12 ივლისს ჯოზაია ვეჯვუდი დაიბადა
- +

12 ივლისი. 2019. 17:28

 

1730 წლის 12 ივლისს დაიბადა ჯოზაია ვეჯვუდი, ინგლისელი კერამიკოსი და დიზაინერი, დეკორატიულ-დაზგური ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჩარლზ დარვინის ბაბუა და... უბრალოდ, მშრომელი და გემოვნებიანი კაცი, რომელმაც ფაიფურისგან შეუდარებელი სილამაზე, ვინტაჟური ფაიფური შექმნა, ხოლო მისი სახელობის ჭურჭელი ინგლისური ფაიფურის წარმოების სიამაყეს და მაღალი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მოკლედ, დღეს ვეჯვუდი უკვე ერთგვარი სტილია.

 

ჯოზაია ვეჯვუდმა შექმნა სამი ტიპის კერამიკა: სამეფო, შავი ბაზალტის და იასპისებრი. ჩანაწერების თანახმად, შავი კერამიკა ეტრუსკების დროსაც გამოიყენებოდა, მაგრამ ვეჯვუდმა გაცილებით დახვეწა ნაკეთობის ზედაპირი. რაც შეეხება იასპისებრ კერამიკას, ანუ, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ - კერამოგრანიტს, ამ ტიპის კერამიკა დღემდე ითვლება ვეჯვუდის ყველაზე ცნობილ გამოგონებად. ასევე ცნობილია ვეჯვუდის „პორტლენდის ვაზა“, რომელიც ძალზე წააგავს ანტიკური ხანიდან დღემდე შემორჩენილ ერთადერთ შუშის ვაზას, რომლის ორიგინალი დღეს ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. ამ ვაზის გამო ვეჯვუდს ბევრი უსიამოვნება შეხვდა, რას აღარ აბრალებდნენ, არა და თავად ვეჯვუდი „აღიარებდა“, რომ პორტლენდის ვაზა ეტრუსკების ვაზის მხოლოდ „დამაკმაყოფილებელ“ ასლს წარმოადგენდა. ასევე ცნობილია ვეჯვუდის კამეები და სხვა ნაკეთობანი.

 

ვეჯვუდმა სიცოცხლეშივე მოიპოვა სახელი და მის სერვიზებს მრავალი სახელმწიფოს სამეფო ოჯახები იძენდნენ. ვინაიდან ცნობილი „რუსეთუმე“ ვარ, ამიტომ აუცილებლად გავიხსენებ ერთ ფაქტს: 1774 წელს, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა დიდის დაკვეთით, ჯოზაია ვეჯვუდმა შექმნა სრულიად უნიკალური „სერვიზი მწვანე ბაყაყით“ და ბრიტანეთის პეიზაჟებით. მანამდე კი, 1772 წელს ეკატერინა II ვოლტერს სწერდა: „გონების დაკარგვამდე მიყვარს ინგლისური ბაღები, მიხვეულ-მოხვეული ხაზები, დამრეცი ფერდობები... და საშინლად მძულს სწორი ხაზები, ან თუნდაც შადრევნები, რომლებიც წყალს აწვალებენ და აიძულებენ მას, რომ ბუნების საწინააღმდეგოდ იდინონ...“

 

„მწვანე ბაყაყის სერვიზი“ დამზადდა კრემისფერი ქაშანურისგან და იგი სპეციალურად ეკატერინას ჩესმენის სასახლისთვის შეიქმნა. ეს სასახლე ჭაობიან ადგილზე უნდა აშენებულიყო და პირველად მას „კეკერეკეკსინენი“ (ფინურიდან „ბაყაყების ჭაობი“) ერქვა. ამიტომ, ეკატერინას გადაწყვეტილებით სერვიზის თითოეულ საგანზე გამოსახულია ძალზე უჩვეულო გერბი, რომლიდანაც „ამაყად“ იცქირება მწვანე ბაყაყი. სადილის და დესერტის სერვიზი სულ რაღაც 1500 ნაწილისგან შედგება და ეკატერინას თხოვნით თითოეულ მათგანზე ასახულია ბრიტანეთის ტოპოგრაფიულად ზუსტი სხვადასხვა ადგილი და პეიზაჟები, რომლებიც არცერთ ნაწილზე მეორდება. ასე რომ, იმ სერვიზის მეშვეობით ეკატერინა დიდს შეეძლო, თავისი მამულებიდან გაუსვლელად მოენახულებინა ნისლიანი ალბიონის ულამაზესი ადგილები, თავად კი ასე ამბობდა, მთელი ინგლისი მაგიდაზე მიდევსო. დღეს ამ სერვიზის ნაწილი დაცულია ერმიტაჟში, ნაწილი კი პეტერგოფში.

 

ჯოზაია ვეჯვუდმა სიცოცხლეშივე დააგროვა დიდი ქონება და მისი ქარხნის ირგვლივ ერთი პატარა დასახლება - „ეტრურია“ შექმნა (იტალიის ეტრურიაში არ აგერიოთ). სიცოცხლის ბოლოს ვეჯვუდმა მთელი ბიზნესი თავის ვაჟებს გადაულოცა და 1795 წელს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219951371314427

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი