logo_geo
როგორ შეიქმნა „პრუსტის“ სავარძელი, რომელიც მე-20 საუკუნის დიზაინის სახედაა მიჩნეული
- +

10 ივლისი. 2019. 17:31

 

მარსელ პრუსტი იყო მოდერნიზმის წარმომადგენელი ლიტერატურაში...

 

1978 წელს, მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებით“ შთაგონებულმა ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ალესსანდრო მენდინიმ შექმნა პუანტილის სტილის სავარძელი „პრუსტი“, რომელიც მე-20 საუკუნის დიზაინის სახედაა მიჩნეული (როგორც წინა სტატუსში დავწერე, პუანტილისტები წერტილებით წერდნენ ფერწერულ ტილოებს).

 

თავად ალესსანდრო მენდინი, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა, დამსახურებულად ითვლება იტალიური დაზგური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად, ხოლო მის მიერ შექმნილი სავარძელი „პრუსტი“ მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი და მისი სავიზიტო ბარათია.

 

სავარძლის შექმნამდე ალესსანდრო მენდინიმ დეტალურად შეისწავლა მარსელ პრუსტის ცხოვრება, მოინახულა ის ადგილები, სადაც მწერალი ცხოვრობდა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა კავშირი მწერალ პრუსტსა და ფრანგ მხატვარ პუანტილისტებს შორის. მენდინიმ ქსოვილის ფერები აიღო ცნობილი პუანტილისტი მხატვრის პოლ სინიაკის ფერწერიდან. რაც შეეხება სავარძლის ფორმას, მის საფუძვლად მენდინიმ აიღო ბაროკოს ეპოქის სავარძლები და ისინი პუანტილიზმის სტილში გააფორმა. ბაროკოსა და პუანტილიზმის შერწყმით ალესსანდრო მენდინიმ შესძლო აბსოლუტურად უნიკალური ავეჯის შექმნა.

 

ამის მოფიქრება მხოლოდ გენიალურ დიზაინერს შეეძლო. აქვე გეტყვით, რომ „პრუსტის“ სავარძლის ქონა ფუფუნებად ითვლება და „ჩვეულებრივი“ მოკვდავებისთვის ნამდვილად არ არის ხელმისაწვდომი.

 

1980 წელს ალესსანდრო მენდინიმ „პრუსტის“ სავარძლები ვენეციის ბიენალეზე გაიტანა და კრიტიკოსების აზრით, იგი გახდა თანამედროვე იტალიურ დიზაინში პოსტმოდერნიზმის აღორძინების სიმბოლო.

 

თავდაპირველად „პრუსტის“ სავარძლები 13 სხვადასხვა ფერში დამზადდა. მათი ნახვა შესაძლებელო იყო როგორც თანამედროვე სახლებში, ისე კლასიკურ და ლოფტის სტილში გაფორმებულ ინტერიერებში.

 

1988 წელს ალესსანდრო მენდინიმ დროებით შეაჩერა სავარძლების წარმოება, რადგან ჩათვალა, რომ მისი პირადი ზედამხედველობის გარეშე სავარძლები ზედმეტ „ტრანსფორმაციას“ განიცდიდნენ. ამიტომ, 1989 წლამდე იტალიაში შექმნილი „პრუსტის“ სტილის სავარძლები, როგორც დიდი დონალდ ტრამპი იტყოდა, „ფეიკად“, ანუ ფალსიფიკაციად უნდა ჩაითვალოს.

 

1990-91 წლებში ალესსანდრო მენდინის პასუხისმგებლობით წარმოებაში ჩაეშვა კიდევ რამდენიმე „პრუსტის“ სავარძელი. 2000 წელს დამზადდა 12 კერამიკული სავარძელი, რაც სრულიად ახალი სიტყვა იყო. დღესდღეობით „პრუსტის“ სავარძლები მზადდება მხოლოდ ალესსანდრო მენდინის სახელოსნოში და მათზე არის ავტორის ხელმოწერა, რომლის ავთენტურობაც სპეციალური სერტიფიკატით მოწმდება.

 

და ბოლოს, ალესსანდრო მენდინის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დამზადდა მარმარილოს „პრუსტის“ სავარძელი, რომელიც 40 ტონიანი მთლიანი თეთრი მარმარილოსგან არის გამოთლილი. სავარძელი საკამოდ სიურეალისტურად გამოიყურება და არა მგონია, რომ მასში „ჩაშვება“ ან „ჩავარდნა“ ერთობ კომფორტული იყოს. თუმცა, ჩანაფიქრიც ეგ იყო. ეს უნდა ყოფილიყო საკულტო სავარძელი, ერთგვარი მარმარილოს ძეგლი.

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219935341193684

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი