logo_geo
1871 წლის 10 ივლისს ფრანგი მწერალი მარსელ პრუსტი დაიბადა
- +

10 ივლისი. 2019. 18:25

 

„მდედრებს ექნებათ გომორი, ხოლო მამრებს - სოდომი.“

 

ეს სიტყვები, რომელიც ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა ალფრედ დე ვინის ლექსიდან მოიშველია, მისი ერთ-ერთი რომანის „სოდომის და გომორის“ ეპიგრაფია. რატომ შევარჩიე მაინცდამაინც ეს სიტყვები? ალბათ იმიტომ, რომ სოდომის და გომირის თემა ყველა ეპოქაში აქტუალური იყო და დღესაც ასეა. აქვე გაგახსენებთ „დაბადებას“ (19(24,25) ძველი აღთქმიდან: „აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი...“ დანარჩენი კი - თავად განსაჯეთ.

 

1871 წლის 10 ივლისს პარიზთან ახლოს დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი მარსელ პრუსტი, რომელსაც მხოლოდ „დაკარგული დროის ძიებაში“, ანუ 7 რომანისგან შემდგარი ეპოპეაც „ეყოფოდა“ მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში ადგილის დასამკვიდრებლად. ეს ეპოპეა - სამყაროსა და დროის თავისებური აღქმით და ჯოისისეული „ცნობიერების ნაკადით“ ყოველთვის იპყრობდა და იპყრობს გათვითცნობიერებულ მკითხველს.“

 

პრუსტი, ჯოისი და კაფკა ესაა სამი ვეშაპი, რომლებზეც მე-20 საუკუნე განისვენებს“-ო, წერდა დიდი პოეტესსა ანნა ახმატოვა.

 

პრუსტის მამა ცნობილი ეპიდემიოლოგი იყო და მთელი ცხოვრება ქოლერას „ებრძოდა“. მარსელმა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრდა და მთელი ცხოვრება ყველა ქალს „ებრძოდა“, დედის გარდა... „ყველაზე დიდი უბედურება დედასთან განშორებაა“-ო, ასეთი პასუხი გასცა მარსელ პრუსტმა ანკეტაში დასმულ შესაბამის კითხვას.

 

ცნობილი ფაქტია, რომ მარსელ პრუსტი იპოქონდრიკი იყო, მრავალი მემკვიდრეობითი დაავადება და ფობია აწუხებდა, ღამე ყავას სვამდა, რომ არ დაეძინა და ტახტსა თუ ლოგინზე „განრთხმული“ მუშაობდა... დიახ, დადგენილია და ფოტომასალაც არსებობს, რომ მარსელ პრუსტი „წოლით რეჟიმში“ წერდა - ღამით, დღისით კი ეძინა. ასე „ძილბურანში“ გაატარა მან 15 წელი და სწორედ მწოლიარე მდგომარებაში მყოფმა შეჰქმნა ლიტერატურული შედევრები, მათ შორის „სვანის მხარეს“, „განცხრომა და დღეები“, „ტყვე ქალი“, „შეღერებული ქალიშვილების ჩრდილში“, „გაუჩინარებული ალბერტინი“, „გერმანტების მხარეს“ და სხვა... მის „გადაგვარებულ“ ცხოვრებას ექიმმა მამამაც ვერაფერი უშველა... იცოდა, რაშიც იყო საქმე და შვილთან „ბრძოლას“, კვლავ ქოლერასთან „შერკინება“ ამჯობინა...

 

მარსელ პრუსტის პირადი ცხოვრება არც თუ ისე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო (ჩვენთვის)...

 

1922 წელს 51 წლის მარსელ პრუსტი სერიოზულად გაცივდა და მალე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. იგი პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

მარსელ პრუსტი ვერ მოესწრო საკუთარ აღიარებას. იგი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგომ იქნა შეფასებულ-დაფასებული, ხოლო მის ნაწარმოებებს ეპოქალური ეწოდა. მისი წიგნები დღესაც კი ციტატებად დაშლილნი „დაფრენენ", ხოლო მისი ფილოსოფიური აზრები და დაკვირვებები დღემდე რჩება დავის და განხილვის საგნად. თუ გინდათ, რომ უფრო ღრმად ჩასწვდეთ მარსელ პრუსტის შემოქმედებას, გირჩევთ, YouTube-ზე მოუსმინოთ მერაბ მამარდაშვილის ლექციებს ამ დიდი მწერალზე.

 

აქვე გეტყვით, რომ კარგა ხანია ძალზე პოპულარულია ე.წ. „მარსელ პრუსტის კითხვარი“, რომელსაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე ფართოდ იენებენ მრავალი ქვეყნის ტელეწამყვანები, რომლებიც თავიანთ გადაცემებში ცნობილ ადამიანებს იწვევენ და გადაცემის ბოლოს სწორედ „პრუსტის კითხვარიდან“ უსვამენ შეკითხვებს. რუსეთში ამ ტრადიციას წარმატებით აგრძელებს ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი ვლადიმერ პოზნერი, რომლის თითქმის არცერთი საავტორო გადაცემა „პოზნერი“ არ გამომიტოვებია.

 

არადა, ის კითხვარი პრუსტს არ შეუდგენია, უბრალოდ მის ეპოქაში ძალზე პოპულარული იყო კითხვა-პასუხებით გართობა, რის შედეგადაც ჩვენამდე მოაღწია მისმა ორიგინალურმა პასუხებმა, რომელთა საფუძველზეც შესაბამისი კითხვები „გამოიცნეს“ და ეს ყველაფერი ისტორიას „პრუსტის კითხვარის“ სახელით შემორჩა. ჩვენამდე მოაღწია ორმა კითხვარმა, რომლებიც პრუსტმა 13-14 და 19-20 წლისამ შეავსო.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219935073666996

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი