logo_geo
1830 წლის 10 ივლისს ფრანგი ფერმწერი კამილ პისარო დაიბადა
- +

10 ივლისი. 2019. 18:27

 

 

„გასრულდა… სიზმარულ პადესპანს მოლბერტთან

მორთავენ ლანდები, სულია ცისა როს…

წარსულ დარს, მზის მალულ დანემსვას, მთრთოლავ ვერლენს

ვადარებ სინიაკს, სეზანს და პისაროს!“

 

ზვიად გამსახურდიას ეს ლექსი ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა „შემახსენა“.

 

1830 წლის 10 ივლისს დაიბადა კიდევ ერთი დიდი ებრაელი, უდიდესი ფრანგი ფერმწერი, აკვარელისტი, ოფორტისტი, ლიტოგრაფი და, რაც მთავარია, ფერწერის სრულიად ახალი მიმდინარეობის - იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პიონერი კამილ აბრამის ძე პისარო. „არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რას ეფუძნებოდა გზა, რომელსაც ჩვენ ინსტინქტურად მივუყვებოდით - ჰაერის ასახვას“, წერდა კამილ პისარო, რომელსაც დამსახურებულად უწოდეს „შუქწერის“ ფუძემდებელი.

 

პისაროების ოჯახმა 12 წელი ვესტ-ინდოეთში იცხოვრა და მერე საფრანგეთში დასახლდა. კამილმა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლა, შემდეგ კი კერძო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. იგი იყო კამილ კოროს მოწაფე და იმ პერიოდში ძირითადად სოფლის პეიზაჟებს და პარიზის ხედებს ხატავდა. ფრანკო-პრუსიული ომის პერიოდში პისარო ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მის პარიზის სახლში გერმანელი ჯარისკაცები ჩასახლდნენ და მისი ნახატების უდიდესი ნაწილი გაანადგურეს. ომის შემდგომ პისარო პარიზს დაუბრუნდა, სადაც ნაცვლად მამის რკინა-კავეულის ბიზნესით დაკავებისა, შემოქმედებითი საზოგადოება ჩამოაყალიბა, რომელშიც შედიოდნენ თავად ინიციატორი - კამილ პისარო, ოგიუსტ რენუარი, ედგარ დეგა, პოლ სეზანი, კლოდ მონე, ალფრედ სისლი და ბერტა მორიზო. მალე, კაპუცინების მოედანზე მოეწყო ამ შესანიშნავი შვიდეულის, ანუ იმპრესიონისტი მხატვრების პირველი გამოფენა, რომელმაც შოკში ჩააგდო იმ დროს „მოღვაწე“ კრიტიკოსები, რომელთაც ძნელად წარმოედგინათ რელიგია-მითოლოგიისგან, ან ისტორიული მოვლენებისგან განყენებული თემატიკა. ამიტომ მათ „შოლტი“ გადააწნეს იმპრესიონისტებს, ხოლო მათ შემოქმედებას ვულგარული უწოდეს. „ახალი“ მხატვრები აღიარებდნენ მხოლოდ მზის სპექტრის ღია ფერებს და პირველი, ვინც „ბრჭყვიალა“, უფრო სწორად, „გაბრწყინებულ“ სამყაროში შეაბიჯა, იყო მათ შორის ყველაზე უფროსი - კამილ პისარო.

 

საინტერესოა კამილ პისაროს პირადი ცხოვრებაც. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად იგი დაქორწინდა ოჯახის მოახლეზე - ჟული ველლეიზე, რომელმაც 8 შვილი გაუჩინა მხატვარს. სწორედ ცოლისადმი სიყვარულს შეეწირა კამილ პისაროს უფლება მემკვიდრეობაზე, ამიტომ პისაროების ოჯახი თითქმის სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობდა და როგორც იწერება, იმ პერიოდში ნახატებიდან შემოსული თანხა, ხანდახან, ერთი პურის საყიდლად თუ ჰყოფნიდა. სწორედ ამიტომ შეარქვეს პისაროს „ღატაკთა მეფე“. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კამილ პისარო იყო არა მხოლოდ უდიდესი მხატვარი, არამედ დიდი და უძლიერესი შინაგანი კულტურის მატარებელი კაცი-პიროვნება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მედგრად იტანდა სიღატაკის „დარტყმებს“ და მიუხედავად ყველაფრისა, მშვიდად და ღირსეულად აგრძელებდა საყვარელ საქმეს: „მუშაობისას მავიწყდება ყველა სიმწარე და დარდი. უბრალოდ არც კი ვცნობ მათ, რადგან ტანჯვა-წვალება მხოლოდ უსაქმურებს იმორჩილებს.

 

გავიდა ხანი და პისაროს მობეზრდა იმპრესიონიზმი და ახალი ხერხების ძიება დაიწყო. ერთი პერიოდი (პოლ სინიაკის გავლენით) პისარო პუანტილიზმის (ჩემი მოკრძალებული აზრით კი - პოინტილიზმის), ანუ წერტილებით ხატვის ტექნიკამ გაიტაცა, მაგრამ ვინაიდან ამ სტილში შესრულებული ნახატები კარგად არ იყიდებოდა, იგი კვლავ ხატვის მისთვის ჩვეულ სტილს დაუბრუნდა.

 

სიცოცხლის ბოლო წლებში კამილ პისაროს მხედველობა გაუუარესდა, მაგრამ ხატვას მაინც აგრძელებდა. ცნობილია იმ პერიოდში შექმნილი მისი რამდენიმე ავტოპორტრეტი, რომლებიც მხატვარმა სარკის საშუალებით დახატა. თვალში რომ არაფერი მოხვედროდა, პისარო ერიდებოდა გარეთ ხატვას და ხშირად არჩევდა სასტუმროს მაღალ სართულებს, რომ კარგი ხედი ჰქონოდა. ცნობილია იმავე პერიოდში მის მიერ შექმნილი სოფლის პეიზაჟები, ან თუნდაც პარიზის ხედები, რომლებიც მხატვარმა სასტუმროს ზემო სართულის ფანჯრიდან ყურებისას შექმნა. სწორედ ამით ახსნეს ხელოვნებათმცოდნეებმა იმ ტილოების წერის უჩვეულო რაკურსი, ხოლო შუქ-ჩრდილების და ატმოსფერული ეფექტების გადმოცემის თვალსაზრისით, ისინი იმპრესიონიზმის უმაღლეს მიღწევად მიიჩნიეს. დღეს ის შედევრები მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების კოლექციებშია დაცული. კამილ პისარომ მთლიანობაში დაახლოებით ათასამდე შედევრი დატოვა, თუ არ ჩავთვლით 20 წლის მანძილზე მის მიერ შექმნილ უამრავ ნამუშევარს, რომლებიც ფრანკო-პრუსიული ომის დროს გაანადგურეს გერმანელმა ჯარისკაცებმა.

 

კამილ პისაროს გარდაცვალების დეტალები უცნობია. მან 73 წლამდე იცოცხლა და 1903 წელს პარიზის სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

 

აქვე გეტყვით, რომ პისაროს ორმა ვაჟმა წარმატებით გააგრძელა მამის პროფესია: ლუსიენ პისარო ცნობილი გრაფიკოსი და ქსილოგრაფი გახდა, ხოლო ჟორჟ-ანრი კი პოსტმოდერნიზმის ეპოქის დეკორატიულ-დაზგური ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219934920103157

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი