logo_geo
1593 წლის 8 ივლისს მხატვარი არტემიზია ჯენტილესკი დაიბადა
- +

8 ივლისი. 2019. 18:33

 

დღეს ბევრისთვის უცნობ ერთ ძალზე საინტერესო მხატვარს, მსოფლიოში პირველ ქალ-აკადემიკოსს და ერთობ თავისებურ პიროვნებას წარმოგიდგენთ, რომელსაც მე-20 საუკუნეში, რატომღაც, ყველა დროის პირველი „ოფიციალური“ ფემინისტი უწოდეს. იგი გახდა ევროპაში დაფუძნებული პირველი - ფლორენციის „ნატიფი ხელოვნების აკადემიის“ წევრი, ხოლო მისმა შემოქმედებამ დამსახურებული ადგილი დაიკავა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.

 

1593 წლის 8 ივლისს რომში დაიბადა მხატვარი არტემიზია ჯენტილესკი, რომლის ხელოვნებამაც საუკუნეებს გაუძლო. არტემიზიას ეპოქაში იტალიელ ქალებს ჰქონდათ ორი გზა: ან მონასტერში წასვლა, ან გათხოვება და დედობა. არტემიზიამ დაანგრია ეს სტერეოტიპი და მიუხედავად იმისა, რომ მისმა მხატვარმა მამამ, რომელსაც არ უნდოდა, რომ ქალიშვილს მხატვრის პროფესია აერჩია, იგი მრავალჯერ გააგზავნა მონასტერში, არტემიზიამ მაინც დაარღვია იმ ეპოქაში ქალებისთვის დაწესებული ნორმა და ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი გახდა, რომლის შედევრებსაც მეფეები და სხვა წარჩინებული პირები იძენდნენ. არტემიზია იყო აბსოლუტური გამონაკლისი იმ ეპოქაში, რომელშიც ხელოვნების ისტორიას, ძირითადად, კაცები ქმნიდნენ.

 

ბოლოს და ბოლოს, არტემიზიას პირველი მასწავლებელი ისევ მამამისი გახდა, ხოლო ხელწერის დასახვეწად მხატვარ აგოსტინო ტასსის მოწაფეობა გადაწყვიტა და... წუპაკმა დაქორწინებულმა კაცმა გოგონა არ დაინდო და გააუპატიურა. ჯენტილესკების ოჯახმა უკან არ დაიხია და ტასსის სასამართლოში უჩივლა... მოძალადე ტასსი მხოლოდ 8 თვით გამოკეტეს ციხეში, მერე კი გაათავისუფლეს. მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს - საკუთარი მეუღლის მკვლელობის ორგანიზება, თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა.

 

მიუხედავად „სექსუალური“ სკანდალისა, არტემიზია ჯენტილესკი დაქორწინდა და ოთხი შვილიც გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ორი ქალიშვილი გადარჩა... ამგვარი პერიპეტიების შემდეგ არტემიზიამ კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელა მოღვაწეობა და წარმატებული მხატვარი გახდა. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, გენუაში, ვენეციაში, რომში, ნეაპოლში, ლონდონში.. ამასთან, მას ჰქონდა ეპისტოლარული ურთიერთობა უდიდეს იტალიელ ფიზიკოს-ასტრონომთან გალილეო გალილეისთან, მეგობრობდა ფლამანდიელ და ესპანელ ფერმწერებთან, მათ შორის ვან დეიკთან და რიბერასთან.

 

მოძალადე აგოსტინო ტასსის „წყალობით“ მიღებული მწარე „გამოცდილება“ ლაიტმოტივად გასდევდა არტემიზიას მთელ შემოქმედებას, რომელშიც იგი დაუფარავად აღწერდა მამაკაცის ძალადობის მსხვერპლ ქალებს (სუსანა, ვირსავია), ან „გმირ“ ქალებს, რომლებიც კაცებზე „მაღლა“ დადგნენ (ივდითი, ესთერი)... აქვე გეტყვით, რომ არტემიზიას ერთ-ერთი უცნობილესი შედევრია „ოლოფერნის თავისკვეთა ივდითის მიერ“, რომელზეც არტემიზია ივდითის სახედ, ხოლო მოძალადე ტასსი ოლოფერნად გვევლინება. 2019 წლის იანვარში ეს შედევრი პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში იყო გამოფენილი. აქვე გაგახსენებთ ანნა ახმატოვას საოცარ ლექსს „ივდითი“:

 

„...Пускай непосилен для женщины меч,

Поможет мне Бог Олоферну отсечь.

Тяжелую голову, что поднимал,

Когда моим сказкам, как мальчик, внимал.

Когда говорил, что меня возлюбил,

Не знал он, что час его смертный пробил...“

 

ცნობილი ფაქტია, რომ არტემიზია ხშირად საკუთარ სახებას იყენებდა ხოლმე თავის რელიგიური ან ალეგორიული ხასიათის ფერწერულ ნამუშევრებში, ამიტომ ითვლება, რომ მას უამრავი ავტოპორტრეტი აქვს შექმნილი. მაგალითად, 2017 წელს, პარიზის აუქციონზე, 2.5. მილიონ ევროდ გაიყიდა არტემიზიას მანამდე უცნობი შედევრი „ავტოპორტრეტი წმ. ეკატერინეს სახით“.

 

განსხვავებით იმ ეპოქის სხვა მხატვრებისგან, რომლებიც ხელს არ აწერდნენ თავიანთ ფერწერულ ტილოებზე, არტემიზია ჯენტილესკის ნამუშევრებად დადგენილი 50-მდე ტილოდან, მას ხელი მოწერილი აქვს 17 შედევრზე.

 

დღესდღეობით არტემიზია ჯენტილესკის შედევრები დაცულია მსოფლიოს მრავალ წამყვან და პრესტიჟულ მუზეუმში.

 

არტემიზია ჯენტილესკის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. ამბობენ, რომ იგი შავი ჭირით გარდაიცვალა 1653 წელს. მასზე დაწერილია მრავალი რომანი და პიესა და ფილმიც არის გადაღებული. ამასთან, ბერლინში არის სასტუმრო „არტემიზია“, რომელშიც კაცებს ფეხს არ ადგმევინებენ.

 

არტემიზია უძახე შენ... თუმცა, სახელი, რომელიც ნადირობის ქალღმერთის არტემიდას სახელიდან მოდის, ნამდვილად შეეფერებოდა იმ მებრძოლ და დაუდეგარ ქალბატონს...

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219919734003514

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი