logo_geo
1959 წლის 15 ივლისს სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილე - არქიმანდრიტი ილია (ნასიძე) დაიბადა
- +

15 ივლისი. 2019. 12:23

 

1959 წლის 15 ივლისს დაიბადა ჩემი და მურაზის მოძღვარი, სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილე - არქიმანდრიტი ილია (ნასიძე) - მამა ილია, როგორც მას ჩემი ოჯახი და მრავალრიცხოვანი მრევლი მიმართავს.

 

ყველაფერი ასე დაიწყო...

 

ჩვენი ერთადერთი ვაჟის - ჩვენი ირაკლის ზეციურ საქართველოში „გადასვლის“ შემდეგ, მე და მურაზი მართლაც შვილებივით „მივეკედლეთ“ მამა ილიას და მანაც, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ნამდვილი მამობრივი სიყვარულით ჩაგვიხუტა და მოგვეფერა, ბევრი რამ გვასწავლა და ბევრიც დაგვარიგა, ეკლესიურ გზაზე შეგვაყენა და... არასოდეს დამავიწყდება საოცარი სითბოთი და სიბრძნით გაჟღენთილი მისი სიტყვები, რომლებიც „იმ“ დღეების მანძილზე წყალსა და ჰაერზე მეტად გვჭირდებოდა მე და მურაზს - სიტყვები, რომლებიც ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელ, რაღაც მისტიურ სიმშვიდეს გვგვრიდნენ ჯერ კიდევ გაუგებარ მდგომარეობაში მყოფ მშობლებს, რომლებიც, მოულოდნელად თავს დამტყდარი უბედურების გამო, დაბნეულები ვუყურებდით მას და შვებისმომგვრელ მის თითოეულ სიტყვას ჰაერშივე ვიჭერდით... აგერ უკვე 18 წელია, მამა ილიას სწორედ ის სიტყვები გვაძლებინებს: თქვენ არ იცით, რა ბედნიერები ხართ, რომ ასეთი შვილი გაზარდეთ, მე ხომ დღედაღამ იმაზე ვლოცულობ, რომ ირაკლისნაირი თავგანწირული ქმედებით და მოყვასისადმი სიყვარულის წარმოჩინებით წარვსდგე უფლის წინაშეო... როგორ შეიძლება ამ სიტყვების დავიწყება?! ან, როგორ შეიძლება დაივიწყო მამა ილიას გალობა, პირდაპირ სულიდან ამოსული მისი რაღაც მისტიური ხმა, რომელიც მსმენელსაც სულს უფარფატებს, თან ამშვიდებს და თან სულიერი განწმენდისთვის ამზადებს?! დამიჯერეთ, ეს არ არის პათეტიკა... ჩემი შეფასება არის მხოლოდ მცირედი ნაწილი იმ სრული ჭეშმარიტებისა, რასაც მე ვგრძნობ და განვიცდი, როდესაც მამა ილიას საუბარს თუ გალობას ვუსმენ...

 

აი, ასეთია ჩემი და მურაზის მოძღვარი...

 

და... 2001 წლიდან მოყოლებული მამა ილია, მურაზი, მე და ჩვენი ოჯახის ტკივილი ერთად მივუყვებით გზას და ეს გზა ერთგვარი „შვების“ გზაა...

 

ერთხელ, ქადაგების დროს მამა ილიამ ბრძანა, უფალს ადამიანი ყველაფრისთვის მადლობას უნდა სწირავდესო... უფალს მართლაც ვსწირავ მადლობას ყველაფრისთვის, გარდა ერთისა... მაგრამ „იმ ერთს“ გულში ვიკლავ და მამაოს ვერასოდეს ვეტყვი, ვიცი, არ მომიწონებს ამას... ჩანს, ჯერ ვერ „ავმაღლდი“ იქამდე, რომ ირაკლის „წასვლის“ სამადლობელი ვთქვა... ღმერთს ვთხოვ, ისე გამაძლიეროს რწმენაში, რომ მართლაც შევძლო ყველაფრისთვის მადლიერების გამოხატვა...

 

ცოტა სევდიანი მოგონება გამომივიდა, მაგრამ ვიცი, მამა ილია არ დამძრახავს, რომ მის დაბადების დღეზე ჩემი დარდი და წუხილი გაგიზიარეთ.

 

ერთს კი ვიტყვი, რომ ათობით გვერდი არ ეყოფა მამა ილიას ნაკეთები კეთილი საქმეების ჩამოთვლას. დამიჯერეთ, სათქმელი მართლაც ბევრია... მამა ილია არის ნამდვილი მოღვაწე კაცი, რომელიც სრული შეგნებით, უჩუმრად და არა სხვების დასანახად აკეთებს საქართველოსა და ეკლესიისთვის საჭირო უამრავ საქმეს... თუმცა, ეკლესია და საქართველო რამ გაყო?! ამიტომ მამა ილიას მთელი საეკლესიო მოღვაწეობა სწორედ საქართველოს კეთილდღეობას ემსახურება.

 

მამა ილია, გილოცავთ დაბადების დღეს. დიდხანს იცოცხლეთ საქართველოსა და ეკლესიის საკეთილდღეოდ და ჩემი ოჯახისა და მრავალრიცხოვანი მრევლის სანუგეშოდ.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219977250121381

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი