logo_geo
თეა ფირცხალავა: ედგარ დეგას სახელი, უპირველეს ყოვლისა, ფერწერასთან ასოცირდება და ბევრმა არ იცის, რომ იგი სკულპტორიც იყო
- +

19 ივლისი. 2019. 15:12

 

ედგარ დეგას სახელი, უპირველეს ყოვლისა, ფერწერასთან ასოცირდება და ბევრმა არ იცის, რომ იგი სკულპტორიც იყო.

 

ასაკის მატებასთან ერთად დეგას მხედველობა გაუფუჭდა, ქანდაკებაზე გადაერთო და მასალად, ძირითადად, ცვილს იყენებდა, რომელსაც ცოტაოდენ თიხას ურევდა.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1879 წელს ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ედვარდ მეიბრიჯმა გამოფინა საკუთარი ფოტოების სერია „მოძრავი ცხოველები“. დეგა იმდენად დაინტერესდა ნანახით, რომ გადაწყვიტა, მოძრავი ცხენების ცვილის ფიგურები გაეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ დეგას მოძრავმა ცხენებმა ვერაფრით „გადაფარეს“ დიდოსტატის დაინტერსება მოცეკვავე და მობანავე ქალებით. ამიტომ, მზერადაკარგულმა დეგამ კვლავ გააგრძელა შავი ცვილისგან ქალების ფიგურების კეთება და მობანავე და არამობანავე ქალების სკულპტურების მთელი სერია შექმნა. განსაკუთრებითაა ცნობილი მისი სკულპტურა „აბაზანა“. იწერება, რომ ეს არის სახვითი ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ნოვატორული ნამუშევარი, ანუ სკულპტურა, რომელიც ზევიდან უნდა იხილო. აღსანიშნავია, რომ დეგას სიცოცხლეში მის მიერ გამოძერწილი ცვილის ფიგურები არასოდეს გამოფენილა, ერთის გარდა - ანუ „14 წლის პატარა მოცეკვავე“ - დეგას ყველაზე „მთავარი“ და ერთადერთი ცვილის სკულპტურა, რომელიც 1881 წელს - შემოქმედის სიცოცხლეშივე გამოიფინა პარიზის გამოფენაზე. დღეს ეს სკულპტურა ვაშინგტონის „ხელოვნების ნაციონალურ გალერეაშია“ დაცული. გოგონას აცვია ნამდვილი „პაჩკა“ და ლიფი, ხოლო თავზე უკეთია ნამდვილი შინიონი, რომელიც ბაფთით არის შეკრული. იმ გამოფენის შემდეგ დეგას, როგორც სხვა დროსაც, თავს დატყდა კრიტიკოსებიდან წამოსული „ცუნამი“, ამიტომ ადგა და ყველა ცვილის სკულპტურა თავის სახელოსნოში გადამალა და აღარასოდეს გამოუფენია. არადა, დღეს ედგარ დეგა, ცვილის სკულპტურის თვალსაზრისით, ნოვატორად ითვლება.

 

ედგარ დეგას გარდაცვალების შემდგომ მისმა მოწაფეებმა დიდოსტატის ცვილის ფიგურების საფუძველზე ბრინჯაოს სკულპტურები ჩამოასხეს და დღეს ისინი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში და კერძო კოლექციებშია დაცული.

 

იწერება, რომ ცვილის ფიგურების შექმნისას ედგარ დეგა იყენებდა მის სახელოსნოში მოპოვებულ ნებისმიერ ყოფით საგანს, მათ შორის ღვინის ბოთლების საცობებს, რათა ფიგურებს მოცულობა შეეძინათ. სკულპტორის „არაორდინარულობა“ დაადასტურეს კემბრიჯის მუზეუმის რესტავრატორებმა - ფიგურების რენტგენოგრაფირების შედეგად. ანა ახმატოვას ცნობილ ლექსს გაგახსენებთ:

 

„...Когда б вы знали, из какого сора

Растут стихи, не ведая стыда,

Как желтый одуванчик у забора,

Как лопухи и лебеда.“

 

1956 წელს „პატარა მოცეკვავის“ სანახავად მივიდა მერილინ მონრო და ფოტოგრაფებმა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვეს. იწერება, რომ მერილინი მოიხიბლა „პატარა მოცეკვავის“ სკულპტურით და ტირილი დაიწყო...

 

სიცოცხლის ბოლო ათწლეულში ედგარ დეგა გახდა „მოწამლული“ კოლექციონერი და დაიწყო შედევრების შეძენა. მის კოლექციაში იყო ეჟენ დელაკრუას, ელ გრეკოს, პოლ გოგენის და სხვა გენიალური მხატვრების შედევრები.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220011992549920

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი