logo_geo
1889 წლის 23 ივლისს იური (ჟორჟ) ანენკოვი დაიბადა
- +

23 ივლისი. 2019. 15:41

 

ჩვენი დღევანდელი იუბილარი იყო ძალიან, ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას - უნიკალური გრაფიკოსი, ფერმწერი, ილუსტრატორი, სცენოგრაფი, კინოსა და თეატრის მხატვარი, ლიტერატორი, პედაგოგი, მწერალი, „ოსკარის“ პრემიის ნომინანტი და... მოდელიერი, რომელსაც ტროცკის პირადი მოდელიერიც კი უწოდეს...

 

1889 წლის 23 ივლისს დაიბადა რუსული ავანგარდის სახელოვანი წარმომადგენელი და რუს-ფრანგი შემოქმედი იური (ჟორჟ) ანენკოვი, მწერალი - მრავალი ლიტერატურული ფსევდონიმით, მათ შორის ბორის ტიმირიაზევი.

 

იური ანენკოვი შეძლებული ოჯახიდან იყო და ზაფხულს საკუთარ აგარაკზე ატარებდა, რომელიც კუოკკალეში, დიდი ილია რეპინის „პენატების“ გვერდით იყო, ამიტომ იური პატარაობიდანვე დაუახლოვდა დიდ მხატვარს და არა მხოლოდ მას... იური ანენკოვი და მარკ შაგალი ერთსა და იმავე ოსტატთან დადიოდნენ ფერწერის ტექნიკის დასახვეწად, თუმცა ხელოვნების აკადემიაში გამოცდები ვერ ჩააბარა და...

 

1911 წელს პარიზში გაემგზავრა, სადაც იმ დროს მოდური კუბიზმითა და ფუტურიზმით „მოიწამლა“. პარიზშივე მოხდა იურის დებიუტი თეატრალური მხატვრის ამპლუაში. მერე კი... ხელოვანი ქვეყანას მოედო, ბევრს მოგზაურობდა, მრავალ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობდა, ქმნიდა ილუსტრაციებს მიხაილ ბულგაკოვისა და ალექსანდრე სოლჟენიცინის წიგნებისთვის, გააფორმა ბლოკის პიესა „თორმეტი“ და მრავალი ჟურნალი და საკუთარი ლექსების კრებული, შექმნა ცნობილი ადამიანების პორტრეტები, მათ შორის ანა ახმატოვას, ტროცკის, გოგოლის, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია, ასევე შექმნა შეუდარებელი გრაფიკული ნამუშევრები და დაზგური ფერწერა.

 

ყველაფერი ეს 1924 წლამდე ხდებოდა, მერე კი...

 

გა-ჟორჟ-ებული იური ანენკოვი და მისი პირველი მეუღლე, ცნობილი ბალერინა და მსახიობი ელენა გალპერი(ნა) საბოლოოდ გადასახლდნენ პარიზში, სადაც ჟორჟმა მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, წარმატებით გააფორმა ფრანგული თეატრების 60-მდე პიესა, ბალეტი და ოპერა.

 

1934 წელს ჟორჟ ანენკოვი კინემატოგრაფით დაინტერესდა და 50-მდე კინოფილმის დეკორაცია და კოსტიუმები შექმნა, მათ შორის პოლ ლიტვაკის და მაქს ოფიულსის ფილმებისთვის, მათ შორის „მაიერლინგი“, „კარუსელი“, „სიამოვნება“, „მონპარნას 19“... სწორედ ჟორჟ ანენკოვი იყო დანიელ დარიეს, ჟერარ ფილიპის, მიშელ მორგანის, ჟან მარეს, სიმონა სინიორეს, პიტერ უსტინოვის და სხვა მრავალი მეგავარსკვლავის მოდელიერი და კოსტიუმების დიზაინერი... გარდა ამისა, ჟორჟ ანენკოვმა მოიგონა მსახიობ მადლენ სოლონის ვარცხნილობა ფილმისთვის „მუდმივი დაბრუნება“. ეს იყო ე.წ. გოთიკური ვარცხნილობა, სწორი, მხრებამდე დაშვებული თმით, რამაც უმალვე აალაპარაკა მსოფლიო... მოგვიანებით სწორედ ის ვარცხნილობა „ისესხეს“ მარინა ვლადისთვის - ფილმში „ჯადოქარი“.

 

1955 წელს ჟორჟ ანენკოვი ნომინირებული იყო პრემია „ოსკარზე“ - როგორც საუკეთესო კოსტიუმების დიზაინერი ფილმისთვის „მადამ დე...“ გარდა ამისა, იგი მრავალი წლის მანძილზე იყო „ფრანგული კინემატოგრაფის ტექნიკოსთა სინდიკატის“ პრეზიდენტი.

 

84 წლის ჟორჟ ანენკოვი გარდაიცვალა 1970 წელს, პარიზში და იქვე დაიკრძალა.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220046819780579

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი