logo_geo
1803 წლის 24 ივლისს ფრანგი კომპოზიტორი ადოლფ ადანი დაიბადა
- +

24 ივლისი. 2019. 20:22

 

 

 

1803 წლის 24 ივლისს პარიზში დაიბადა ყველასთვის კარგად ცნობილი ბალეტის - „ჟიზელის“ მუსიკის შემქმნელი, რომანტიზმის ეპოქის უდიდესი ფრანგი კომპოზიტორი, პედაგოგი, მრავალი ოპერისა და ბალეტის ავტორი ადოლფ-შარლ ადამი, იგივე ადოლფ ადანი, რომელიც იყო მე-19 საუკუნეში საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორი და მისი სახელი სიცოცხლეშივე გასცდა ქვეყნის საზღვრებს.

 

ადოლფმა დაამთავრა „მუსიკისა და დეკლამაციის პარიზის საიმპერატორო კონსერვატორია“ - ორღანის განხრით, მერე კი კომპოზიტორობა გადაწყვიტა და რუსულ სიუჟეტზე შექმნა პირველი ერთაქტიანი ოპერა - „პეტრე და ეკატერინა“. კომპოზიტორი რამდენიმე წელი მუშაობდა სანქტ-პეტერბურგში და მჭიდროდ თანამშრომლობდა რომანტიზმის ეპოქის ბალეტის უდიდეს მოცეკვავესთან და ქორეოგრაფთან ფილიპპო ტალიონისთან, რომელიც ასევე უდიდესი ბალერინას მარია ტალიონის მამა გახლდათ.

 

მალე ადანი პარიზს დაუბრუნდა და 1833 წელს შედგა ბალეტ „ფაუსტის“ პრემიერა.

 

ადოლფ ადანი არის 50-მდე ოპერის და მრავალი ბალეტის ავტორი, მათ შორისა ოპერები - „ფოსტალიონი ლონჟიუმოდან“, „ტორეადორი“, „ფალსტაფი“, ბალეტები - „კორსარი“, „მარმარილოს ლამაზმანი“, საახალწლო სიმღერა - „წმინდა ღამე“, რომელიც დღესაც სრულდება კათოლიკურ ეკლესიებში, ახალი წლის დამდეგი ღამის მესსის დროს...

 

1841 წელს შედგა ბალეტ „ჟიზელის“ პრემიერა, რომლის ლიბრეტოს ავტორი იყო თეოფილ გოტიე. უსაზღვრო პოპულარობის გამო „ჟიზელი“, სხვადასხვა ქორეოგრაფიული რედაქციით, დღემდე იდგმება მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე.

 

მქონდა ბედნიერება, ორჯერ დავსწრებოდი „ჟიზელის“ პრემიერას, ერთხელ 1987 წელს, კორალის ქორეოგრაფიით და უდიდესი იური გრიგოროვიჩის რედაქციით, რომელშიც მთავარ პარტიებს ასრულებდნენ ეკატერინა შიპულინა და მიხაილ ლაბუხინი და მეორედ 1997 წელს, კვლავ იური გრიგოროვიჩის ქორეოგრაფიული რედაქციით, რომელიც დადგა ვლადიმერ ვასილიევმა, ხოლო კოსტიუმების ავტორი იყო უდიდესი ფრანგი მოდელიერი იუბერ დე ჟივანში, რომელმაც დიდ პატივად აღიქვა „ბოლშოისთვის“ კოსტიუმების შექმნა და ისინი უსასყიდლოდ აჩუქა თეატრს. აი, სწორედ ბალეტის იმ ვერსიაში ჟიზელის პარტიას ასრულებდა „ბოლშოის“ პრიმა-ბალერინა სვეტლანა ლუნკინა, ხოლო გრაფ ალბერტს კი ქართველების საამაყო წარმომადგენელი და რუსული ბალეტის სიამაყე და უდიდესი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე (1987 წელს ჟიზელის პარტიას ასრულებდა ნადეჟდა პავლოვა)...

 

არ მეგულება ბალეტის ქომაგი, ვისაც არ სმენოდეს ან ბალეტ „ჟიზელის“, ან ნიკა ცისკარიძის ვირტუოზული ცეკვის და მათ შორის გრაფი ალბერტის პარტიის გენიალურად შესრულების შესახებ.

 

ადოლფ ადანი სიცოცხლის ბოლო 15 წლის განმავლობაში იყო მისი ალმა-მატერის - პარიზის კონსერვატორიის პროფესორი.

 

52 წლის ადოლფ ადანი გარდაიცვალა 1856 წელს. დაკრძალულია მონმარტრის სასაფლაოზე პარიზში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი