logo_geo
„სამყაროს კარგად უნდა დაუგდო ყური და იქიდან გამოკენკო შენი მუსიკა...“ - 1928 წლის 29 ივლისს ბიძინა კვერნაძე დაიბადა
- +

29 ივლისი. 2019. 16:34

 

 

1928 წლის 29 ივლისს ულამაზეს სიღნაღში დაიბადა დიდი ქართველი კომპოზიტორი, მრავალი სახელოვანი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე ბიძინა კვერნაძე, რომლის მრავალ პრესტიჟულ ტიტულს კიდევ ერთი და ყველაზე რთულად მოსაპოვებელი წოდება დაამშვენებდა - თანამედროვე საქართველოს იუმორის მეტრის ტიტული. ვიცი რასაც ვწერ და ვამბობ, რადგან მქონდა ბედნიერება, არაერთხელ შევხვედროდი მას წვეულებებსა თუ შეხვედრებზე, მომესმინა მისთვის და ისიც მენახა, თუ როგორ „იხრჩობოდა“ და „იგუდებოდა“ ხოლმე ირგვლივ მსხდომი საზოგადოება ბატონი ბიძინასგან ვულკანისებრ ამოფრქვეული იუმორის ლავით, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა მათ, ისე „უღებდა“ ბოლოს. რაც მთავარია, იმ „ლავებს“ დაუნდობლად სერიოზული სახით „ისროდა“ და ვინც მას იცნობდა მიხვდება, რასაც ვამბობ. ბატონი ბიძინას ნათქვამი სულაც არ იყო ერთი, რაღაც უკბილო ხუმრობა, ან თუნდაც „ინგლისური“ იუმორი, რომელსაც, რატომღაც, ყველაზე მაგარ იუმორად მიიჩნევენ მსოფლიოში, მე კი დღემდე ვერაფერი გავუგე... ეეეეეჰ, მსოფლიომ რა იცის - იუმორი რა „ხილია“, თორემ ნაღდად შეიცვლიდა აზრს და ქართულ ენამახვილობას და ნაღდ, ქართულ იუმორს ძეგლსაც დაუდგამდა იუმორის მექად წოდებული ლონდის ცენტრში. ბატონი ბიძინას იუმორი იყო ხალასი ნიჭის ნაჟური, რომელიც ფოლკლორული „ნაწარმოებებივით“ ვრცელდებოდა ხალხში...

 

და კიდევ ერთი... ნიჭიერი ადამიანი - ყველაფერში ნიჭიერია. ყველას მოგვისმენია და ზეპირადაც ვიცით ბატონი ბიძინას მიერ შექმნილი მუსიკა ცნობილი ქართული ფილმებისთვის, მაგრამ ერთ შედევრს მაინც გამოვყოფ და ესაა მუსიკა ფილმისთვის „დათა თუთაშხია“. მიმაჩნია, რომ კომპოზიტორის ამ საოცარი მუსიკის გარეშე გიგა ლორთქიფანიძის ეს შედევრალური ფილმი ერთგვარ პეწს დაკარგავდა... რამდენჯერაც ამ მუსიკას ვუსმენ, იმდენჯერ, სისხლი ამიზვირთდება და ლამის საფეთქლებიდან გამოჟონოს ხოლმე, მერე ყველაფერი თვალწინ მიდგება, გული მეკუმშება, ცრემლებით „ვიბერები“ და... აქ გავჩერდები, ვინმეს აფორიაქებული გიჟი რომ არ ვეგონო...

 

თავს უფლებას მივცემ, დღეს დეტალურად არ შევჩერდე ბატონი ბიძინას საოცარი მუსიკალური ნაწარმოებების „მშრალად“ განხილვაზე და მხოლოდ მისი რამდენიმე „ფოლკლორული“ ნაწარმოებით - მისი საოცარი ხუმრობებით შემოვიფარგლები, რომლებზეც თქვენც ბევრი გსმენიათ და ბევრიც იწერება.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, ბატონი ბიძინა სიღნაღში დაიბადა და ამ ფაქტზეც კი იუმორი „გამოაცხო“: „ერთხელ მკითხეს, სიღნაღში რათ დაიბადეო და ვეხუმრე, სხვაგან სამშობიარო არსად იყო და დედაჩემი იქ წაიყვანეს-მეთქი.“

 

რეზო ლაღიძე რომ გარდაცვლილა, ეზოში მდგარან ბატონი ბიძინა, ეროსი მანჯგალაძე, რობიკო სტურუა, ნოდარ დუმბაძე და რამაზ ჩხიკვაძე… უეცრად ათი შავი „ვოლგა“ შესრიალებულა ეზოში და რობიკოს უკითხავს, რა მოხდაო და ბიძინას, ისე, „მეჟდუ პროჩიმ“ ჩაულაპარაკია, ნახე, როგორ მოშავდნენო...

 

ერთხელ, ბიძინა და მისი მეგობრები ხაშის საჭმელად წასულან და ერთ-ერთი მეგობარი, თურმე, ძვალს არ ეშვებოდა და წამდაუწუმ ჩანგლით უკაკუნებდა, ბიძინას უთქვამს, ებიჯო, სანამ „კტო ტამ“-ს არ გამოგაძახებენ მაქედან, მანამდე არ მოეშვებიო?!

 

და ბოლოს, ერთხელ, თურმე, გიგა ლორთქიფანიძე და ბიძინა კვერნაძე მუშაობდნენ ფილმზე - „წიგნი ფიცისა“, რომელიც 5 სერიად უნდა გადაეღოთ. ფილმის მე-4 და მე-5 სერიები მეფე ერეკლეს პერიოდს უნდა დათმობოდა და კონსულტანტად პროფესორი ნოდარ ასათიანი ჰყავდათ მიწვეული, რომელსაც გიგასთვის უკითხავს, ერეკლეზე რომ სერიები იქნება, იმათ რა ერქმევაო... გიგას უთქვამს, რა უნდა ერქვას, მთელ ფილმს ჰქვია „წიგნი ფიცისა“-ო. ბატონი ნოდარი მაინც არ ცხრებოდა, კი მარა, მაინც ახალი ეპოქა იწყება და იქნება რამე დაგვემატებინაო... მაშინ ბიძინას უთქვამს, კარგი, მაშინ მაგ სერიებს დავარქვათ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“-ო.

 

ბატონი ბიძინას მუსიკალურ ნაწარმოებებზე და „ფოლკლორზე“ საუბარს მრავალი გვერდი არ ეყოფა, ამიტომ ამით შემოვიფარგლები.

 

ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა 2010 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი