logo_geo
1817 წლის 29 ივლისს რუსი ფერმწერი ივან აივაზოვსკი დაიბადა
- +

29 ივლისი. 2019. 18:19

 

 

1817 წლის 29 ივლისს ფეოდოსიაში მცხოვრები ვაჭრის გევორქ გაივაზიანის ოჯახში დაიბადა ოვანეს გაივაზიანი, რომელსაც მსოფლიო უდიდესი რუსი ფერმწერის - ივან აივაზოვსკის სახელით იცნობს. 1841 წლამდე ოჯახი გაივაზოვსკის გვარს ატარებდა, გალიციის პოლონური გვარების ზეგავლენით. როდესაც ფერმწერი 24 წლისა გახდა, ძმის რჩევით, რომელიც სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი იყო, ივანმა გვარს ჩამოაშორა ასო-ბგერა „გ“ და აივაზოვსკი გახდა. მხატვრის პირველი მეუღლე იყო ინგლისელი ქალბატონი იულია გრევსი, რომელმაც 4 ქალიშვილი გაუჩინა მხატვარს. 65 წლის ასაკში აივაზოვსკი მეორედ დაქორწინდა 40 წლის ანნა სარქისოვა-ბურნაზიანზე, რომელთანაც შვილი არ შესძენია. დიდი ფერმწერის გვარის გამგრძელებლად ითვლება მისი შვილიშვილი მიხაილ ლატრი. რომელსაც მხატვარმა თავისი გვარი, გერბი და სათავადაზნაურო წოდება უბოძა. მოგვიანებით მიხაილ აივაზოვსკიც ცნობილი მხატვარი გახდა.

 

რუს მხატვრად წოდებულ აივაზოვსკის სხეულში ჩქეფდა არა მხოლოდ სომხური, არამედ თურქული სისხლიც, რადგან მისი დიდი ბაბუა თურქი მხედართმთავარი იყო. ივან აივაზოვსკის, რატომღაც, ხაზგასმით უწოდებენ მარინისტს ან ბატალისტს, არადა, მისი შემოქმედება მრავალფეროვანია და დღეს შევეცდები, ოდნავ სხვა კუთხით დაგანახვოთ ეს მართლაც უნიკალური ფერმწერი, რომელიც, მხატვრობის გარდა, არაჩვეულებრივად უკრავდა ვიოლინოზე და საერთოდ, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, კოლექციონერი და მეცენატი იყო. ფეოდოსიაში საშინელი გვალვების და შიმშილის დროს, მან არაერთი დახმარება გაუწია მის საყვარელ და განუყრელ ქალაქს. ერთხელ, როდესაც მოსახლეობა წყურვილით კვდებოდა, ქალაქს უსასყიდლოდ მიეწოდებოდა წყალი ფერმწერის საკუთარი მამულებიდან, ხოლო მისი დაფინანსებით სანაპიროზე აიგო შადრევანი, რომლიდანაც ხალხი უფასოდ იღებდა წყალს. გარდა ამისა, აივაზოვსკის დაფინანსებით ფეოდოსიაში აიგო ხელოვნების სკოლა, მუზეუმი, საკონცერტო დარბაზი, წყლის სისტემა, რკინიგზა და უმსხვილესი პორტი...

 

ჰოდა, აივაზოვსკის მეცენატობისა იმას გაუკვირდეს, ვისაც უდიდესი ქართველი მეცენატები არ ჰყოლია ქვეყანაში, მათ შორის დღესაც...

 

როგორც ვხედავთ, ივან აივაზოვსკის არასოდეს უჭირდა მატერიალურად და სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, მისი შემოქმედება მის სიცოცხლეშივე დაფასდა. იგი იყო პირველი რუსი ფერმწერი, რომლის ნამუშევრებიც ლუვრში მოხვდა, ხოლო თავად ფერმწერს პარიზის ხელოვნების აკადემიის ოქროს მედალი მიენიჭა. კარიერის დაწყებიდან ვიდრე დღემდე, აივაზოვსკის ფერწერულ ტილოებზე, რომელსაც უნიკალური მეხსიერების შემოქმედი ხშირად ზეპირადაც კი ქმნიდა, ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო და ისინი დღესაც წარმატებითი იყიდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ აუქციონებზე. დღეს მისი შედევრები დაცულია მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში.

 

1900 წელს, ფეოდოსიაში, 82 წლის ივან აივაზოვსკის გული გაუჩერდა და ძილში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ნახატი „თურქული გემის აფეთქება“ დაუმთავრებელი დარჩა. ანდერძის თანახმად იგი შუასაუკუნეებისდროინდელი სომხური „სურბ სარქისის“ (წმ. სარქისის) ეკლესიის ეზოში დაკრძალეს ფეოდოსიაში. დღეს მის საფლავზე დგას თეთრი მარმარილოს სარკოფაგი, რომელსაც ძველსომხურად აწერია: „მოკვდავად შობილმა უკვდავი ხსოვნა დატოვა“. რუსულად კი აქვს მინაწერი: პროფესორი ივან კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი