logo_geo
თეა ფირცხალავა: 1868 წელს ივან აივაზოვსკიმ მთელი კავკასია მოიარა... მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება თბილისმა მოახდინა...
- +

29 ივლისი. 2019. 18:23

 

 

 

„შეძრული ვარ დიდებული ქალაქ თიფლისის სტუმართმოყვარეობით და იმ უანგარო სითბოსა და ყურადღებისთვის, რომელსაც ვგრძობ...“- ეს სიტყვები დღევანდელ იუბილარს, ივან აივაზოვსკის ეკუთვნის, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ფერმწერი, ვინც, ჯერ კიდევ ე.წ. „პერედვიჟნიკებამდე“ აწყობდა საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს თბილისში.

 

1868 წელს ივან აივაზოვსკიმ მთელი კავკასია მოიარა და ხედებით აღფრთოვანებულმა არაერთი ჩანახატი გააკეთა. მხატვარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თბილისმა, ამიტომ იქ გამოზამთრება გადაწყვიტა და სახელოსნოც მოიწყო. მას უამრავი ადამიანი სტუმრობდა, რადგან ყველას უნდოდა დიდ მხატვართან შეხვედრა. ის კი არა და, იწერება, რომ მეეტლეები მის სახელოსნოსთან ათენ-აღამებდნენ, რომ როგორმე მომსახურებოდნენ დიდ ფერმწერს. მხატვარი დროს უქმად არ ჰკარგავდა და უსწრაფესად ქმნიდა სულ ახალ და ახალ შედევრებს. იმ ვიზიტისას შეიქმნა მხატვრის უამრავი ტილო, მათ შორის: „დარიალის ხეობა“, „მდინარე რიონი“, „ფოთის სანაპირო“, „კავკასიონის ქედები“, „აღმოსვლეთ სანაპირო სოხუმთან ახლოს“, „თიფლისის ხედი სეიდ-აბაზიდან“, „ზვავი ყაზბეგთან, საქართველოს სამხედრო გზაზე“, „აული გუნიბი დაღესტანში“ და... გუნიბის ხსენებამ დიდი ტიციანის ლექსი გამახსენა:

 

„გადავიარე დაღესტანი... ვნახე გუნიბი,

გიაური ვარ - და ვარ მაინც ეხლა მჲურიდი.

ხმალი - ლეკური ამხანადაც არ იღუნება,

ამ ხმალს მე ეხლაც სიხარულით გულს გავუყრიდი...“

 

ივან აივაზოვსკის ზემოჩამოთვლილი ნამუშევრების ნახვა ყველას შეეძლო გამოფენაზე, რომელიც 1869 წელს თბილისში გაიხსნა. გამოფენას უამრავი თბილისელი და სხვა ქალაქებიდან ჩამოსული დამთვალიერებლები ესტუმრნენ. ბილეთის ფასი „იკბინებოდა“, მაგრამ მხატვარმა იქვე განმარტა, რომ თანხას მთლიანად გადაურიცხავდა ქალაქის მიუსაფარ ბავშვთა სახლს. თბილისელები აღფრთოვანებული იყვნენ მხატვრის იმ გადაწყვეტილებით და ფულსაც გულიანად იხდიდნენ. მალე ქალაქელებმა დიდი ზეიმი მოუწყვეს ფერმწერს, რომელსაც თბილისის საპატიო მოქალაქეები დაესწრნენ. მოკლედ, იყო დიდი ნადიმი, ლხენა, ცეკვა-თამაში, მხიარულება და სადღეგრძელოები, მათ შორის ლექსად თქმული... იწერება, რომ იმ ნადიმზე მოულოდნელად მისულან ბავშვთა სახლის ბინადრები და მათი მეურვე, რომელსაც, ქალაქ თბილისის მცხოვრებელთა სახელით ძვირფასი ყანწი უჩუქებია აივაზოვსკისთვის. არც დიდი ფერმწერი დარჩენილა „ვალში“ და ხელგაშლილობით ცნობილი ფერმწერის მინიშნებისთანავე დარბაზში შეუტანიათ მის მიერ დახატული შედევრი, რომელზე პეტერბურგის ხედი იყო აღბეჭდილი (იხ. ბოლო ფოტო). ამის შემდეგ მას სიტყვა მოუთხოვია და ზემოთ ციტირებული სიტყვების გარდა უთქვამს:

 

„შეძრული ვარ დიდებული ქალაქ თიფლისის სტუმართმოყვარეობით და იმ უანგარო სითბოსა და ყურადღებისთვის, რომელსაც ვგრძობ. დე, „პეტერბურგის ხედი“ იყოს ჩემი მოკრძალებული საჩუქარი სტუმართმოყვარე და გულწრფელი თიფლისელებისთვის.“

 

დარბაზი ოვაციებს წაულეკავს...

 

მე კი სიამაყის განცდამ წამლეკა...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი