logo_geo
1938 წლის 31 ივლისს რობერტ სტურუა დაიბადა
- +

31 ივლისი. 2019. 01:22

 

მილოცვა „საყვედურებით“...

 

„რიჩარდ III-ს ყურება მართლაც უზარმაზარი სიამოვნებაა... შექსპირისეული ჰუმანიზმი იმდენად ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, რომ ძალუძს გადალახოს ნებისმიერი ენობრივი ბარიერი, ხოლო თქვენს მიერ დადგმული სპექტაკლი ამის დასტურია, რადგან იგი ბრმად არ მიუყვება შექსპირის შესრულების ტრადიციებს.“

 

და... ჩვენს დღევანდელ იუბილარზე ნათქვამი ეს სიტყვები ეკუთვნის არა ვინმე „იმანოს“, არამედ ინგლისის თეატრისა და კინოს უდიდეს რეჟისორ პიტერ ბრუკს... ეს ის პიტერ ბრუკია, ვისთვისაც „შექსპირი - არის მთის მწვერვალი, რომლის ფერდობებიც მოფენილია რეჟისორების ცხედრებით.“

 

ახლა კი დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

 

1938 წლის 31 ივლისს თბილისში, სახელოვანი ქართველი მხატვრის რობერტ სტურუას ოჯახში, დაიბადა მამის მოსახელე, მომავალში ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორი, რუსთაველის თეატრისა და მოსკოვის თეატრ „Et Cetera“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, სსრკ-ს (და - არა საქართველოს) სახალხო არტისტი, მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი მაესტრო რობერტ სტურუა, ანუ ჩვენი რობიკო, რომელმაც პირველმა გაიტანა ქართული თეატრის სახელი თანამედროვე მსოფლიოში. არადა, როგორც თავად იხსენებს, რეჟისორობას სულ არ აპირებდა და თეატრის ჯადოსნური კარების შეღებისკენ, პირველმა, დიდმა ქალბატონმა - ელენე ახვლედიანმა „აცდუნა“. ჰოდა, შეაღო რობიკომ კარები და... ისე ღრმად შეიჭრა მსოფლიო თეატრის სამყაროში, რომ მის სხვადასხვა კუთხეში და უამრავ სცენაზე დადგა 100-ზე მეტი სპექტაკლი, შექმნა რა შესპრის წაკითხვის სტურუასეული სტილი, რამაც არათუ მსოფლიო, არამედ თვით ინგლისიც კი აღტაცებაში მოიყვანა, ხოლო „დაუნდობლობით“ ცნობილი თეატრალური კრიტიკოსები წერდნენ, რომ სტურუამ თვალდაუხამხამებლად შესცვალა შექპირის ტექსტი და აქცენტები და მას ბრეხტისეული ეპიკური ფორმა მიანიჭა, ისე, რომ შექსპირის სულისკვეთება არ დაუკარგავსო... და დღეს რეჟისორის სტილსა და ხელწერას მარტივად - რობერტ სტურუას თეატრი ქვია. დამისახელეთ თუნდაც ერთი ქვეყანა, (სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი საქართველოს გარდა), რომელიც არ იოცნებებდა საკუთარ თეატრში ჰყოლოდა რეჟისორი, რომელმაც ლეგენდარული სპექტაკლები დადგა: '"სამანიშვილის დედინაცვალი, "რიჩარდ III", „კავკასიური ცარცის წრე“, "ყვარყვარე", "ხანუმა", „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „ვენეციელი ვაჭარი“, „ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე“, „როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის“, „იაკობის სახარება“. „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“, „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“, „მარია კალასი. გაკვეთილი“... აქ გავჩერდები და ვიტყვი, რომ თითოეულ სპექტაკლში ნათლად სჩანს თეატრალური დიდოსტატის თავისებური ხელწერა, ნერვი და ნიჭი...

 

ერთხელ მაესტრო რობიკო სტურუასთვის უკითხავთ, თეატრში რას გეძახიანო და დაუფიქრებლად უპასუხია, რას და ადოლფ ბესარიონეს ძე ბერიასო... თუმცა იქვე დაუყოლებია, ნამდვილად არ მივიჩნევ თავს დიქტატორადო...

 

კარგად მახსოვს ბატონი რობიკოს სიტყვები, „ქართველი არსით უნდა იყო და არა სისხლით“-ო... და ასეც არის...

 

და რა ხდება ამ დროს? ჩვენ - სისხლით ქართველები - დაუნდობლად „მიწასთან“ ვასწორებთ უდიდეს რეჟისორს, რომელსაც ისევ ჩვენ - არსით არაქართველნი და „ქსენოფობიის“ დროშას ამოფარებულნი, საქართველოდან „ვაძევებთ“ და ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ავადმყოფს თავისი როსკიპისდარი ჟინი და ვნებათაღელვა დავუკმაყოფილოთ... თურმე რობიკო ქსენოფობი ყოფილა, რადგან იმავე იდიოტს შეახსენა, რომ სომეხია... კიმარა, მე რომ სომხეთში ვინმემ ქართველი მიწოდოს, ეს ქსენოფობია იქნება? დაკვირვებული ვარ, სომხებს ყოველთვის მაგრად „უტყდებათ“, როდესაც სომეხს უწოდებენ... ვერაფერი გამიგია, ჩემმა მზემ... და, რაც მთავარია, ქსენოფობობას ედავებოდა პრეზიდენტწოდებული პერსონაჟი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტ ობამას სულ ზანგი ეძახა... ჰოი საოცრებავ!!! ერთგან ბატონი რობიკო წერს, ბოროტმა სულმა გაიმარჯვაო და ერთი პერიოდი მართლაც ასე მოხდა, თუმცა... და აქ ერთ პასაჟს გავიხსენებ ჩემი ძველი სტატუსიდან, როდესაც დიდი კონსტანტინეს სიტყვებს ვიშველიებ: „მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“.

 

მართლაც სამწუხაროა, რომ არსად ისე არ ცდილობენ გენიოსების სიცოცხლეშივე „ჩაწიხლვას“, როგორც საქართველოში, არადა ჩვენგან განსხვავებით, რობიკო სტურუასაც და სტურუასეულ სპექტაკლებსაც უცხოურ პრესაში „ქართულ სასწაულად“ მოიხსენიებენ... სამაგიეროდ, ქართველები გამოვირჩევით სასწაული დაუნდობლობით... დაკვირვებიხართ, ვინ აძაგებს და ედავება მაესტრო სტურუას ყველაზე ხშირად?! ვინ და სისხლით, მაგრამ არა არსით ქართველები, რომელთაც იოტისოდენა არ გაუკეთებიათ მამულისთვის, თეატრი „პატრინოტების“ ბანაკი ჰგონიათ და ამიტომ არც კი აქვთ გაცნობიერებული, რამხელა რეჟისორის ეპოქაში ცხოვრობენ. კი ბატონო, დავუშვათ, არ მოგეწონა რეჟისორის ესა თუ ის გამონათქვამი, განა არ შეიძლება გამოხატვის ფორმის შერჩევა? ბატონ რობიკოს სულ არ სჭირდება მათი პატივისცემა, პატივი საკუთარ თავს და ქვეყანას უნდა სცე, პირველ რიგში... თუმცა, აქ გავჩერდები, ისინი მაინც ვერაფერს გაიგებენ.

 

და აქ დიდი ილიას სიტყვები გამახსენდა:

 

„კაცად მაშინ ხარ საქები,

თუ ეს წესი წესად დარგე:

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,

- აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

 

ბატონო რობიკო, გილოცავთ დაბადების დღეს და დღეგრძელობას გისურვებთ, თქვენს უსაყვარლეს დუდანასთან და დიდ ოჯახთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი