logo_geo
1978 წლის 2 აგვისტოს პატრიარქმა მამა თადეოზი აკურთხა მღვდელმთავრად და ეპისკოპოსი თადეოზი ეწოდა...
- +

2 აგვისტო. 2019. 01:39

 

1978 წლის 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მამა თადეოზი აკურთხა მღვდელმთავრად და ეპისკოპოსი თადეოზი ეწოდა... 36 წელი იარა ამ მძიმე და რთულ გზაზე და უფალს არასოდეს განშორებია... უფლის დიდი მადლით და სიყვარულით აღესრულა მღვდელმთავრობიდან 36 წლის შემდეგ და თავისი ადამიანობით, სიკეთით, კაცთმოყვარებითა და თავმდაბლობით მოიპოვა ყველაზე დიდი ჯილდო - ადამიანების გულწრფელი სიყვარული და თვით უფალი და დედაღვთისმშობელი იხილა სხეულიდან სულის გასვლისას და მშვიდი და ბედნიერი ღიმილით დაგვტოვა... და მაინც ვინ იყო მეუფე თადეოზი?!. კაცი კაცური... ამაღლებული ყოველგვარ ამაოებაზე... გულწრფელი და თბილი... ადამიანი, რომლის გვერდზეც ვერ იგრძნობდით მის დიდ ღვაწლს და დიდ სულს დიდ წოდებას... ყოველთვის და ყველგან იმდაბლებდა თავს... და ამ სიმდაბლით მოიპოვა სიმაღლე... და უსაზღვრო სიკეთით მოიპოვა სიყვარული... იტვირთა არაერთი ადამიანის ტვირთი და აღასრულა სჯული ქრისტესი... მეუფე თადეოზი იყო პოეტი... უსათუთესი და ულამაზესი სულით, რომელიც განსაკუთრებულად ეტრფოდა უფალს... სამშობლოს... სიკეთეს... ყველაფერს ლამაზს და რითმებად გამოხატავდა... მას ასე აფასებდნენ „მშვენიერების მეხოტბე... სიკეთისა და სიყვარულის მქადაგებელი მოძღვარი და გულწრფელი... მართალი პოეტი... ის არის მამა, რომლის არსებობა ბჭეს უმაგრებს საქართველოს...“ და ის არის მამა, რომელმაც ექვსი შვილი გაუზარდა სამშობლოს და არაერთი ადამიანი დააყენა უფლის გზაზე და არაერთ ადამიანს ასწავლა სიყვარული და სიკეთე... მამას უყვარდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად... და მინდა ზეცაში მივულოცო ჩემს უსაყვარლეს მამიკოს...

 

მამა შენი განვლილი ცხოვრების გზა გაუკვალავ თოვლში დატოვებული თეთრი, სუფთა ნაბიჯებივით ატყვია დედამიწას... სიყვარულის და სიკეთის ნაბიჯებით გაგვიკვალე გზა უფლამდე სავალი...  წლების წინ დიდი სიხარულით წარმოთქვი ეს სიტყვები მამა:

 

„თქვენო უწმინდესობავ... წმინდანნო მღვდელმთავარნო ჩვენო მრავალჭირნახული ივერიის ეკლესიისანო... ვმადლობ უფალს, რომელმან თქვენი უწმინდესი ლოცვის ძალით მიწოდა განსაკრთომელ მღვდელმთავრულ გზაზე... ვით არ მივიღო პატივი ესე... ჩემი შინაგანი არსება ძრწის და გონებას ჩემსას ვერ მოუნახავს სიტყვა გამართლებული... ამიტომ ვარჩევ დუმილს და განგებას ღვთისას და თქვენს წმინდა ლოცვას უმორჩილესად მინდობილი გამოუთქმელ მადლობას მოგახსენებთ...“

 

სიონის ტაძარში მიიღე ეს დიდი მადლი და დღეს სიონის ტაძრის ეზოში ტკბილად მიძინებულს, შენი საყვარელი საქართველოს მიწას ჩახუტებულს გძინავს და შენი წმინდა სულის შემწეობით დიდი მადლით ვივსებით კვლავაც შენი საყვარელი შვილები... მადლობა უფალს, რომ სიყვარულს, რწმენას, ადამიანობას და ჭეშმარიტებას ასე ახლოს გვაზიარა შენი არსებობით.... მიყვარხარ მამა და მეამაყება შენი შვილობა... შენი მარიამი ბედნიერია შენი სიცოცხლით და შენი უფალთან ყოფნითაც...

 

მეუფის შვილი მარიამი!..

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი