logo_geo
2 აგვისტოს ნიკანორ ჩერნეცოვის დაბადების დღეა
- +

2 აგვისტო. 2019. 22:17

 

გენიალურმა პუშკინმა, ნახა რა ჩვენი დღევანდელი იუბილარის ფერწერული ტილო „დარიალის ხეობა“, უმალ ექსპრომტად ამოსთქვა ციტირებული ლექსი და... მას შემდეგ ის შედევრი საკუთარ კაბინეტში დაიკიდა:

 

„И вот ущелье мрачных скал

Пред нами шире становится,

Но тише Терек злой стремится,

Луч солнца ярче засиял“.

 

დღეს გაგაცნობთ უმრავლესობისთვის ნაკლებად ცნობილ ძალზე საინტერესო მხატვარს და მის რამდენიმე, მართლაც ექსკლუზიურ ნამუშევარს, რომლებიც მანამდე არასოდეს გამოქვეყნებულა ქართულ მედიასივრცეში, სადაც ავტორები განიხილავენ ჩვენი იუბილარის მიერ საქართველოს თემატიკაზე შექმნილ სხვა ფერწერულ ტილოებს.

 

დღეს მოგითხრობთ კაცზე, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭული მოიარა და საოცრად შთამბეჭდავი ნამუშევრები მიუძღვნა ჩვენს ულამაზეს ქვეყანას. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

 

1805 წლის 2 აგვისტოს დაიბადა ნიკანორ...

ის არა, თქვენ რომ გაიფიქრეთ და ჩაგეღიმათ... 2 აგვისტოს ქ. ლუხში, ცნობილი რუსი ხატმწერის ოჯახში, დაიბადა სახელოვანი ფერმწერი, პეიზაჟისტი, აკვარელისტი და ლიტოგრაფი, ოქრო-ვერცხლის ჩინმე(ნ)დლების მფლობელი ნიკანორ ჩერნეცოვი. იგი იყო მესამე - ოთხი შემოქმედი ძმისგან, რომელმაც დაამთავრა ხელოვნების საიმპერატორო აკადემია და 1832 წელს მიიღო ოქროს მედალი და აკადემიკოსის წოდება - არც მეტი, არც ნაკლები - „თიფლისის ხედის“ შექმნისთვის. ეს ტილო დღეს ტრეტიაკოვის გალერეაშია დაცული.

 

მოგეხსენებათ, საქართველოს მრავალი ცნობილი შემოქმედი განადიდებდა და მათ შორის იყო ბატონი ნიკანორიც.

 

1829-1831 წლებში ნიკანორ ჩერნეცოვმა იმოგზაურა კავკასიაში და საქართველოსაც ეწვია. იგი თან ახლდა ქართული წარმომავლობის გრაფ პავლე ქუთაისოვს, რომელიც იმ დროს „ხელოვნების ხელშეწყობის საიმპერატორო საზოგადოების“ თავმჯდომარე იყო. საქართველოს სამხედრო გზის გავლით ისინი თბილისამდე ჩავიდნენ, სადაც მხატვარი დაუღალავად აკეთებდა ძველი ნაგებობების, არქიტექტურული ძეგლების, ტაძრების, მეჩეთების, ყოფითი სცენების და პეიზაჟების ჩანახატებს და ფოტოგრფიული სიზუსტით აღბეჭდავდა მათ. მოგვიანებით, სწორედ იმ ჩანახატების საფუძველზე, მხატვარი ქმნიდა თავის ცნობილ ფერწერულ ტილოებსა და ლიტოგრაფიებს. 1833-38 წლებში ნიკანორი მუშაობდა გრაფ მიხაილ ვორონცოვთან და კვლავ სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, რომელსაც ფერმწერის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა. სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა საქართველოს მედიასივრცეში მანამდე გამოუქვეყნებელი - ექსკლუზიური ნახატები, ესენია „ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ქუთაისში“- თავისი ყოფითი სცენებით, „ღვთისმშობლის მონასტერი ქუთაისში“, „ფოთის ხედი“ , „გორის ხედი“, „ქუთაისის ხედი“, „კავკასიის მისადგომებთან და კავკასიონი", „სურამის ციხესიმაგრე“, "დარიალის ხეობა"...რაც შეეხება "დარიალის ხეობას", ფერმწერმა მისი ხედების რამდენიმე ვარიანტი შექმნა და დღეს გთავაზობთ მანამდე უცნობ ნახატს ამ თემაზე. ასევე შემოგთავაზებთ საქართველოს თემატიკაზე შექმნილ სხვა ცნობილ ფერწერულ ტილოებსაც, რომლებიც ქართულ მედიასივრცეში "გამოიფინა"... მათ შორისაა აფხაზეთის ორი ხედი, ერთია „გაგრის ციხესიმაგრე აფხაზეთში“, რომელზეც ციხესიმაგრე ახლოდანაა აღბეჭდილი და ადრეც იყო ცნობილი, ხოლო მეორეა ექსკლუზიური ნახატი „ტაძრის ნანგრევები გუდაუთაში“... ასევე - „მეტეხის ხიდი“, „მეტეხის უძველესი ტაძარი“, „მეტეხის ციხესიმაგრე და თათრული მეჩეთი თიფლისში“. ნახატების უმეტესობა დაცულია სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში და სხვა ცნობილ მუზეუმებში.

 

73 წლის ნიკანორ ჩერნეცოვი გარდაიცვალა 1879 წელს. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში.

 

P.S. ბოლო ფოტოზე - მანამდე ცნობილი ტილოს - „დარიალის ხეობის“ შემდეგ, აღბეჭდილია დარიალის ხეობაზე შექმნილი პუშკინის ლექსის ხელნაწერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი